მოდით, ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრი მშობელი უწევს ხოლმე ხმას ბავშვთან ურთიერთობისას. ზოგჯერ ეს ხდება იშვიათად, იმის გამო, რომ მშობელმა თავი ვერ გააკონტროლა, ზოგისთვის კი ეს ურთიერთობის ჩვეული ფორმაა, სანამ არ დავიყვირებ, ვერ გავაგებინებო.
სამწუხაროდ, აგრესიული, ხმამაღალი ტონის გაგონება სკოლაშიც არის შესაძლებელი, მასწავლებლის მხრიდან. მართალია, დღევანდელ დღეს მოზარდებთან ურთიერთობა ძალიან რთულია, თუმცა როდესაც მათ ხშირად ესმით ყვირილი, გაღიზიანებული ტონი, თვლიან, რომ ეს ურთიერთობის ჩვეული ფორმაა.
ურთიერთობის აგრესიულ მანერაზე ბავშვებს სხვადასხვანაირი რეაქცია აქვთ. ზოგს საკმარისი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ მსგავს ურთიერთობას ზედაპირულად შეხედოს, ზოგი კი მეტად სენსიტიურია და მასზე ურთიერთობის ასეთი ფორმა დამთრგუნველად მოქმედებს. ამ ზემოქმედების ერთ-ერთი გამომხატველი ნიშანია მეტყველების შეფერხება.
დავიწყოთ იმით, რომ თავის ტვინში არსებობს უბანი სახელწოდებით ამიგდალა (ნუშისებრი სხეული), ქერქქვეშა სტრუქტურა, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინში, საფეთქლის წილის სიღრმეში. სწორედ ამ უბანში წარმოიქმნება და აღიქმება ჩვენი ემოციები. ამიგდალა უშვებს ჰიპოთალამუსის მოქმედებას, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე უამრავ პროცესზეა პასუხისმგებელი, მათ შორის სტრესის ჰორმონ კორტიზოლზეც. ეს ჯაჭვი შემდეგნაირად გამოიყურება: სოციალური ქმედების მიღების შედეგად, ამიგდალა გარკვეულ ემოციურ ფონს ანიჭებს და ამუშავებს მას, შედეგად პასუხობს შიშითა და შფოთით. ნეიროტრანსმიტერების საშუალებით აქტიურდება ჰიპოთალამუსი, რომელიც თავის მხრივ ახდენს ჰიპოფიზის სტიმულაციას, ჰიპოფიზი კი ხელს უწყობს კორტიზოლის გამომუშავებას, სწორედ კორტიზოლს გადაჰყავს ორგანიზმი თავდაცვის რეჟიმში. ამ დროს ყველა ის პროცესი, რომელზეც არ არის დამოკიდებული ორგანიზმის გადარჩენა, პაუზდება.
მუდმივი ყვირილის შედეგად ორგანიზმი გადაეწყობა და ის პროცესები, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებასა და ორგანიზმის გადარჩენას, შეჩერებულია. ერთი სიტყვით, მუდმივი სტრესი ხელს უშლის ორგანიზმის განვითარებას. მშობელს, რომელიც გამუდმებით უყვირის შვილებს, აშკარად აქვს თვითკონტროლის პრობლემა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ამოვარდნილია აღმზრდელობითი პროცესიდან, სადაც იწყება ყვირილი, იქ მთავრდება აღზრდა.
ამ მომენტში ბავშვი რჩევა შინაგანი რეგულაციის გარეშე, რაც მას სჭირდება შემეცნებისა და განვითარებისთვის. გარდა ამისა, ბავშვის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ იგი იმეორებს მშობლის ქცევებს. მისთვის ნორმად იქცევა ურთიერთობის მსგავსი ფორმა და თვლის, რომ ყვირილი მისთვისაც დასაშვებია. ის თავადაც იწყებს ყვირილს, შეუძლია დაუყვიროს როგორც მშობლებს, ისე თანატოლებს, მეგობრებს. მშობლის ყვირილი ბავშვს მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში ამყოფებს.
და ბოლოს, ყვირილი მისთვის ჩვეული მოვლენაა და მის მიმართ აბსოლუტურად უემოციოა. ანუ მშობელი ბავშვზე გავლენას ვერ ახდენს და მას კიდევ უფრო აგრესიული მეთოდების გამოყენება უწვეს.
ასევე დაგაინტერესებთ: