ბევრი მშობელი თვლის, რომ თუ ბავშვს დაუყვირებს, ყველაფერს გააკეთებინებს. შესაძლოა ცოტა ხნით მიაღწიოთ სასურველ შედეგს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვი წყენასა და გულისტკენას გადაყლაპავს და გულში ჩაიდებს.
ბევრი ბავშვი გამოირჩევა სიჯიუტით. სკოლამდელი ასაკის და დაწყებითი კლასების მოსწავლეები, შეიძლება ითქვას, მშობლების მოთმინებას ცდიან. ბავშვი შეიძლება იყოს დინჯი და წყნარიც, ჰიპერაქტიურიც. მოკლედ, როგორიც არ უნდა იყოს ბავშვი, დედას მუდმივად უწევს საკუთარი თავის კონტროლი და ნერვების მოთოკვა. დიახ, ეს მშობლების ხვედრია, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ უმჯობესია არ მისცეთ რისხვას გასაქანი და შეიკავოთ თავი, რადგან ვერც კი წარმოიდგენთ, რა შეიძლება დამართოს თქვენმა ყვირილმა ბავშვს.
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოჰყვეს ყვირილს, არის ის, რომ თქვენს შვილს შეეშინდება თქვენი და თქვენდამი ნდობას სამუდამოდ დაკარგავს. ის ყოველთვის შეეცდება დაგიმალოთ საკუთარი პრობლემა იმ მიზეზით, რომ თქვენ მას დაუყვირებთ და ეჩხუბებით.
ბევრ ოჯახში მშობლებისთვის მიუღებელია ბავშვის ხელით შეხება, მისი ცემა, რადგან ეს არაჰუმანურია და ძალიან ცუდად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე, თუმცა ყვირილზე იმავეს როდი ფიქრობენ. არადა, მართლა ფიქრობთ, რომ ყვირილი ცემაზე ნაკლები დანაშაულია? ცემა და ყვირილი ბავშვის ფსიქიკაზე აბსოლუტურად ერთნაირად მოქმედებს.
თუ სკოლამდელ ბავშვს ოჯახში ხშირად უყვირიან, ეს აუცილებლად აისახება მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და ის აუცილებლად გამოავლენს აგრესიას.
თუ ბავშვის ყვირილით დაწყნარება და მისი დამცირება მშობლისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ მშობელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მის შვილს ხშირად ექნება დეპრესიული პერიოდები და მუდმივად შეაწუხებს დაბალი თვითშეფასება.
თუ მოტივაციის მიზნით მშობელი ხშირად ადარებს თავის შვილს სხვას, იგი მას კუთხეში ამწყვდევს, ამ კუთხიდან გამოსვლა კი ბავშვს ძალიან გაუჭირდება. ასეთი ბავშვები ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ, ცდილობენ იშვიათად მოექცნენ ყურადღების ცენტრში.
თუ მშობელს მართლა ადარდებს შვილს ფსიქოლოგიურ-ემოციური მდგომარეობა, ჩვენი რჩევა იქნება არავითარ შემთხვევაში აუწიოს ხმას. მშობელი უნდა აღიჭურვოს მოთმინებით და ისე ეურთიერთოს შვილს. მხოლოდ დიალოგი, სიმშვიდე და მოფერება მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენი შვილი საზოგადოების სრულფასოვანი, თავდაჯერებული წევრი გახდება.