პირველი სიტყვების წარმოთქმა ბავშვის განვითარების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ამ მომენტს მშობლები მოუთმენლად ელიან ხოლმე, თუმცა თუ თქვენი შვილის მეტყველების დაწყება დაგვიანდა, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. ყოველი მეხუთე ბავშვი მეტყველების უნარებს უფრო ნელი ტემპით ივითარებს, ვიდრე უმრავლესობა. სათანადო თერაპიით, ბავშვი ახერხებს იმ უნარების შეძენას, რომლებიც საჭიროა ამ დაგვიანების დასაძლევად.
თუ ბავშვის მეტყველების უნარები არ შეესაბამება ასაკობრივი განვითარების შესაბამის ეტაპს, მას აქვს მეტყველების შეფერხება. მეტყველება გულისხმობს საუბრის უნარს, ბგერების და სიტყვების წარმოთქმას, რომლებიც სხვებს ესმის.
ქვემოთ მოცემულია მეტყველების განვითარების რამდენიმე ძირითადი ეტაპი ასაკობრივად:
• ოთხი თვე: გამოსცემს ბგერებს
• ექვსი თვე: გამოსცემს ხმებს თქვენს პასუხად
• ცხრა თვე: გამოსცემს სხვადასხვა მარცვალს, როგორიცაა „ბაბაბა“ და „მამამა“
• ერთი წელი: მშობლებს უწოდებს "დედა" ან "დადა" (ან სხვა სახელს)
• 15 თვე: ამბობს ერთ ან ორ დამატებით სიტყვას
• 18 თვე: ამბობს სამ ან მეტ სიტყვას, დედას ან დადას გარდა
• ორი წელი: იყენებს ორ სიტყვას ერთად, როგორიცაა "მეტი წვენი"
• 30 თვე: ამბობს დაახლოებით 50 სიტყვას და იყენებს წინადადებებს ორი ან მეტი სიტყვით
• სამი წელი: საკმარისად გამართულად საუბრობს, იმისთვის, რომ სხვებმა გაიგონ რას გულისხმობს
• ოთხი წელი: იყენებს წინადადებებს ოთხი ან მეტი სიტყვით
• ხუთი წელი: შეუძლია დიალოგში მონაწილეობა და იყენებს მარტივ რითმულ სიტყვებს
რა თქმა უნდა, განვითარების ეტაპები ყველა ბავშვისთვის იდენტური არ არის. ზოგი ბავშვი ამ ნიშანსვეტებს უფრო ადრე აღწევს, ზოგი კი დანიშნულ ასაკზე უფრო გვიან, მაგრამ ისინი შეიძლება მაინც ჯდებოდეს მოსალოდნელ ასაკობრივ დიაპაზონში.
ორალურ-მოტორული განვითარების შეფერხება ნიშნავს იმას, რომ ბავშვს არ შეუძლია სიტყვების ფორმირებისთვის საჭირო მოძრაობების კოორდინაცია.
პრობლემა, როგორც წესი, წარმოიქმნება ტვინის იმ ნაწილში, რომელიც აკონტროლებს ტუჩის, ენისა და ყბის კუნთების მოძრაობას. შედეგად, ბავშვს არ შეუძლია ბგერების გამოსაცემად და ლაპარაკისთვის საჭირო კუნთების მოძრაობაში ჩართვა. ამ მდგომარეობას აპრაქსია ეწოდება.
კიდევ ერთი ორალურ-მოტორული განვითარების დარღვევა, დიზართრია, ვითარდება, როდესაც ბავშვს სახის კუნთები სისუსტე აღენიშნება. სუსტი კუნთები ხელს უშლის პირის ღრუს მოძრაობას და მეტყველებისთვის საჭირო უნარების წარმოქმნას.
ბავშვი ვერ შეძლებს ლაპარაკის ან სიტყვების სწორად წარმოთქმის სწავლას, თუ მას არ ესმის. სმენის დაქვეითება შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, ანუ თანდაყოლილი, ან შეძენილი. მაგალითად, ყურის მორეციდივე ან მძიმე ვირუსულმა და ბაქტერიულმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს სმენის შეძენილი დაქვეითება.
ბავშვების დაახლოებით 3-5%-ს აღენიშნება სმენის ანალიზატორის დარღვევა (APD). APD-ის მქონე ბავშვები ვერ აანალიზებენ მოსმენილს, რადგან ტვინს უჭირს ცალკეული ბგერების გაცნობიერება და ინტერპრეტაცია. თერაპიის საშუალებით, ბავშვების უმეტესობა ახერხებს საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას და APD-ის დაძლევას.
ASD-ის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარს აქვს მეტყველების შეფერხება და მეტყველებასთან დავაშირებული სხვა სირთულეები.
ვინაიდან აუტიზმის მქონე ბავშვებს უჭირთ კომუნიკაცია, ისინი შეიძლება ჩამორჩნენ მეტყველების განვითარებასთან დაკავშირებულ ეტაპებს. მაგალითად, ჟესტები, როგორიცაა მითითება, რომ გამოხატოს მისი საჭიროებები, არის ერთ-ერთი ნაბიჯი მეტყველების განვითარების პროცესში. ASD-ის მქონე ბავშვებს უჭირთ მითითება და კომუნიკაციისთვის საჭირო სხვა ჟესტების ათვისება და გამოყენება, შესაბამისად, მათ შეიძლება სრულიად გამოტოვონ ან დააგვიანონ ამ ეტაპების გავლა.
ინტელექტუალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ მეტყველების შეფერხება. მათ შეიძლება უჭირდეთ სიტყვების გამოთქმა ან სიტყვების წინადადებაში გამოყენება კომუნიკაციისას.
სპეციალისტთან დროული ვიზიტი მოგცემთ შესაძლებლობას ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოთ პრობლემა. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამ შემთხვევაში სხვა მშობლების გამოცდილება და რეკომენდაციები შესაძლოა არ გამოგადგეთ.
წყარო: thinkkids