ჩემი შვილი უმართავია, არ ვიცი, როგორ მოვექცე - ნაცნობი ფრაზაა ყველა მშობლისთვის.
ბავშვი ყველაზე ხშირად თავნებობს ისეთ ოჯახში, სადაც აკრძალვა არ არის მყარი, ანუ როდესაც მაგალითად დედა უკრძალავს ბავშვს რაღაცას, მამა კი ამის ნებას რთავს.
აუცილებელია, რომ ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის ბებია-ბაბუა შეთანხმდნენ, რა არ უნდა გააკეთოს ბავშვმა და რისი გაკეთება არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას.
თუ დღეს არ შეიძლება მაგალითად ყვირილი და ხტუნაობა, ის ხვალაც არ შეიძლება, აკრძალვა აკრძალვაა და ის ყოველთვის უნდა მუშაობდეს, ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან მშობლების ხასიათის ცვალებადობას მიმართ. ამიტომ მშობელმა წესად უნდა გაიხადოს, რომ მისი მოთხოვნა ატარებდეს სისტემატურ ხასიათს და არ მუშაობდეს დროდადრო, დედის ხასიათის მიხედვით.
ეცადეთ შეადგინოთ პასუხისმგებლობის გრაფიკი, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვს მარტივად გააგებინოთ რა არის მისთვის ნებადართული და რა ჩაითვლება მისთვის ცუდ საქციელად. ამ გრაფიკში შეგიძლიათ ბავშვის მოვალეობებიც ჩაწეროთ, რომელსაც სახლში ყოფნის დროს დააკისრებთ თუნდაც მშობლის დახმარების მიზნით. ეს გრაფიკი დაგეხმარებათ იმაში, რომ ბავშვმა თავი უსამართლოდ დასჯილად არ იგრძნოს. როდესაც ბავშვი კარგად ქცევა და აკეთებს ყველაფერს გაწერილი გეგმის მიხედვით, ის იღებს გარკვეულ ჯილდოს, იქნება ეს საჩუქარი, შექება თუ სხვა რამ. ან პირიქით, დაისჯება მაგალითად საყვარელი სათამაშოს დროებით ჩამორთმევით, საყვარელ მულტფილმზე უარის თქმით და ა.შ.
მნიშვნელოვანია ბავშვმა გაითავისოს, რომ ნებისმიერ საქციელს მოჰყვება სათანადო სანქცია. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ეტაპობრივად. პირველ რიგში მშობელი უბრალოდ აფრთხილებს ბავშვს, რომ მისი ესა თუ ის საქციელი მიუღებელია და არ არის ნებადართული. მეორე ეტაპზე თუ აკრძალული ქმედება კიდევ განმეორდა, მშობელი ხმამაღლა აჟღერებს, როგორ დაისჯება ბავშვი ამ შემთხვევაში.
თუ არც ამან იმუშავა მოდის მესამე ეტაპის დრო, რიდესაც დროა მშობელმა იმოქმედოს და დანაპირები სისრულეში მოიყვანოს. თუ მშობელი დანაპირებს არ ასრულებს მისი ავტორიტეტი ბავშვის თვალში ეცემა.