მკერდის დამცავი სილიკონი - როგორ გამოვიყენოთ ის

12-03-2022

თუ ძუძუთი კვებისას ძუძუზე მოჭიდების პრობლემა შეიქმნება, ექთანმა ან ლაქტაციის კონსულტანტმა შეიძლება მკერდის სილიკონის, ერთგვარი ძუძუს თავების დამცავის გამოყენება შემოგთავაზოთ. მკერდის სილიკონი შექმნილია რბილი სილიკონისგან და არის დრეკადი. ის ძუძუს თავსა და არეოლას ერგება. ძუძუთი კვების საწყის ეტაპზე მკერდის სილიკონი ეხმარება ბავშვს ძუძუზე სწორ მოჭიდებაში. 

რა შემთხვევაში იყენებენ მკერდის სილიკონს?

მკერდის სილიკონის გამოყენება სასარგებლოა შედეგ შემთხვევებში:
•    ნაადრევი, მცირე წონის ან რაიმე დაავადების მქონე ახალშობილის ძუძუთი კვებისას – მკერდის სილიკონი ძუძუს თავს გამართულ პოზიციაში აფიქსირებს, რაც ახალშობილს მოჭიდებას უადვილებს. კვლევები აჩვენებს, რომ მკერდის სილიკონის დახმარებით დღენაკლული ახალშობილები უფრო მეტი რაოდენობის რძეს იღებენ.
•    ბრტყელი ან ჩაბრუნებული ძუძუს თავების შემთხვევაში მკერდის სილიკონი ბავშვის მოჭიდებისთვის სწორ ფორმას უზრუნველყოფს.
•    როდესაც ბავშვი ბოთლიდან ძუძუზე გადაგვყავს – მკერდის სილიკონის ტექსტურა ბოთლის თავის ანალოგიურია, რაც უფრო მეტ კომფორტს უქმნის ბავშვს და უადვილებს ბოთლიდან ძუძუთი კვებაზე გადასვლას.
•    კერტების ნახეთქების და სისხლდენის შემთხვევაში – ძუძუთი კვებისას არასწორმა მოჭიდებამ შეიძლება ძუძუს თავებზე ნახეთქების წარმოქმნა გამოიწვიოს და ძუძუთი კვების პროცესი მტკივნეული გახადოს. მკერდის სილიკონი იცავს დაზიანებულ კერტს და ნახეთქებს აძლევს განკურნების საშუალებას.

მკერდის სილიკონის გამოყენების უარყოფითი მხარეები:

•    ძუძუს თავის პირდაპირი სტიმულაციის ნაკლებობის გამო რძის მარაგი შეიძლება შემცირდეს.
•    რძის ნაკადის შეფერხების გამო იზრდება სარძევე სადინრების ბლოკირების და მასტიტის განვითარების რისკი.
•    შეიძლება გართულდეს ბავშვის მშრალ საკვებზე გადაყვანა.

მკერდის სილიკონის სახეობები

მკერდის სილიკონი მზადდება სილიკონისგან, ლატექსისგან ან რეზინისგან. მას აქვს სხვადასხვა ზომა. მნიშვნელოვანია სწორი ზომის შერჩევა, რომელიც ძუძუს თავსაც მოერგება და ახალშობილის პირის ღრუსაც. ზოგ ფარს ქვედა ნაწილი მოჭრილი აქვს, რაც კანით-კანთან კონტაქტის მეტ საშუალებას იძლევა.

მკერდის სილიკონი, სილიკონის თავი,

მკერდის სილიკონის გამოყენება

მოათავსეთ ფარი ძუძუს თავზე ისე რომ მისი კიდეები აწეული იყოს. მოთავსების შემდეგ გადაასწორეთ ფარის კიდეები. ეს დაეხმარება სილიკონს ძუძუზე მიმაგრებაში. თუ ფარი მკერდზე არ მაგრდება, დაასველეთ მისი კიდეები მცირეოდენი წყლით. თუ სილიკონი ვერ ერგება კერტს, სცადეთ მისი უფრო დიდი ზომა.

არ დაგავიწყდეთ გამოწველა

თქვენი ორგანიზმი რძის პროდუქციას მოთხოვნის შესაბამისად ახდენს. რაც უფრო მეტი რძე გამოიდევნება ორგანიზმიდან, მით უფრო ინტენსიურია რძის პროდუქცია. მკერდის სილიკონის გამოყენებისას სარძევე ჯირკვალში არსებული რძე შესაძლოა ბოლომდე არ გამოიდევნოს, ამიტომ საჭიროა კვების დასრულებს შემდეგ დარჩენილი რძის გამოწველა. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმში ახალი რძის ნაკლები რაოდენობა წარმოიქმნება. ასევე გამოწველა ამცირებს სარძევე სადინრების დახშობის და მასტიტის განვითარების რისკს.

სწორი მოჭიდება,

რა შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული მკერდის სილიკონის გამოყენება?

იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილს არ აქვს წონის ნამატი და დღეში მინიმუმ 6 საფენს არ ასველებს, რეკომენდებულია შეწყვიტოთ მკერდის სილიკონის გამოყენება და სხვა მეთოდი სცადოთ, მაგალითად რძის გამოწველა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს ან ლაქტაციის კონსულტანტს.

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი მკერდის სილიკონს?

დროთა განმავლობაში შეიძლება ძუძუთი კვების პროცესი თქვენთვის უფრო კომფორტული გახდეს და ჩათვალოთ, რომ მკერდის სილიკონის გამოყენება აღარ გჭირდებათ. თუმცა, რადგან ბავშვი მისი გამოყენებით კვებას არის მიჩვეული უშუალოდ ძუძუთი კვებაზე გადასვლას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს.

შეგიძლიათ შემდეგი მეთოდები სცადოთ:

•  გამოიწველეთ რძე კვებამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა რძის ნაკადი გაძლიერდეს.
•  ძუძუს თავზე დაიდეთ ცივი კომპრესი ან დაისხით ცივი წყალი, რათა ის გამაგრდეს.
•  სილიკონის გარეშე ძუძუთი კვება სცადეთ მაშინ, როცა ბავშვს ეძინება და მოდუნებულია.
•  ძუძუთი კვებას მიმართეთ უფრო ხშირად, ვიდრე ჩვეულებრივ. თუ ბავშვი ძალიან მშიერია, უფრო მეტი შანსია, რომ ის უარს იტყვის მკერდის სილიკონის გარეშე კვებაზე.
•  სცადეთ ძუძუთი კვების სხვადასხვა პოზიცია.

სწორი მოჭიდება, ძუძუთი კვების პოზიციები,

როგორ მოვუაროთ მკერდის სილიკონს?

მნიშვნელოვანია, რომ მკერდის სილიკონი გაწმინდოთ ყოველი გამოყენების შემდეგ. გარეცხეთ ის საპნით და ცხელი წყლით და გააშრეთ ჰაერზე. დეზინფექციისთვის დღეში ერთხელ  20 წუთით მოათავსეთ ის ადუღებულ წყალში.

ასევე დაგაინტერესებთ: