გამაგრება, მასტიტი - როგორ მოვაგვაროთ პრობლემა

24-11-2021

გამაგრება საკმაოდ ხშირია მეძუძურ დედებში

მასტიტი (სარძევე ჯირკვლის ანთება) ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ დახშული სადინრის გამავლობა არ აღდგება. რძის დენის შეფერხება შესიებას და ანთებას იწვევს. ამ დროს მკერდი მგრძნობიარე, მტკივნეული და თბილია. თქვენ ასევე შეიძლება გქონდეთ გაციების მსგავსი სიმპტომები. სტრესი ზრდის მასტიტის განვითარების რისკს. სიმპტომების გამწვავების პერიოდში სარძევე ჯირკვალში რძის პროდუქცია შეიძლება შემცირდეს. თუმცა, ამ დროს მნიშნელოვანია ბავშვმა განაგრძოს ძუძუთი კვება გამაგრებული ძუძუდან, რათა ანთება აბსცესად არ ჩამოყალიბდეს. მასტიტის მქონე ძუძუდან მიღებული რძე ბავშვს არ ავნებს.

მასტიტის დროს შეგიძლიათ მიმართოთ ზემოთ მოცემულ სამკურნალო ღონისძიებებს და მასთან ერთად მიჰყვეთ შემდეგ სამკურნალო გეგმას:

მასტიტის სამკურნალო გეგმა:

თუ თქვენ:
•    გაქვთ გაწითლებული უბნები მკერდზე,
•    ძუძუზე გრძნობთ მტკივნეულ კვანძს,
•    გაქვთ სუბფებრილური ტემპერატურა (38,4 გრადუსზე ნაკლები),

მაშინ:
•    დაისვენეთ რაც შეიძლება მეტი.
•    გამოკვებეთ ბავშვი ძუძუთი დღე-ღამეში 8-12-ჯერ, ორივე ძუძუდან.
•    ბოლომდე გამოიწველეთ რძე კვების შემდეგ, თუ ძუძუ მთლიანად არ იცლება.
•    დაიმასაჟეთ ძუძუ და ზეწოლა მოახდინეთ მასზე, როცა ბავშვი კვებისას პაუზას აკეთებს.
•    კვებამდე დაიდეთ მკერდზე თბილი კომპრესი, რაც რძის დენას ხელს შეუწყობს.

თუკი:
•    ვერ ამჩნევთ უკეთესობას მომდევნო 8-24 საათის განმავლობაში,
•    გიგრძელდებათ სუბფებრილური ტემპერატურა, ან უეცრად ტემპერატურა აიწევს 38,4 გრადუსზე მაღლა,
•    თქვენი მკერდი გახდება უფრო წითელი, უფრო შესივდება ან უფრო გაცხელდება,
•    რძეში ჩირქს ან სისხლს შეამჩნევთ,
•    ძუძუს თავიდან იღლიამდე შეამჩნევთ წითელ ზოლს,
•    დახეთქილი ძუძუს თავი დაინფიცირდება,
•    გექნებათ შემცივნება და თავს იგრძნობთ უარესად,
მაშინ:
•    დაურეკეთ თქვენს ექიმს.
•    თუ ექიმი გამოგიწერთ ანტიბიოტიკს, აუცილებლად ჩაიტარეთ სრული კურსი.
•    დაისვენეთ და მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
•    განაგრძეთ ხშირი ძუძუთი კვება დაავადებული ძუძუდან (ან გამოიწველეთ რძე, თუ ბავშვი უარს ამბობს, ან ვერ ახერხებს ამ ძუძუდან რძის მიღებას).
•    ძუძუთი კვებისას დაიმასაჟეთ მკერდი.

გახსოვდეთ: ხშირად მასტიტს ძუძუზე არასწორი მოჭიდება და ბავშვის არასწორი პოზიცია იწვევს ძუძუთი კვების დროს, რადგან ბავშვი ძუძუს ეფექტურად ვერ წოვს.

რჩევები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად:

  • ზღვის მარილის აბაზანა - თასი აავსეთ ცხელი წყლით, დაუმატეთ 5-6 კოვზი ზღვის მარილი(შეიძენთ ნებისმიერ აფთიაქში) ჩადეთ თქვენი მკერდი ამ წყალში და გაიკეთეთ მასაჟები კერტის მიმართულებით დაახლოებით 15 წუთი. ეს პროცედურა დღეში რამდენჯერმე შეგიძლიათ გაიმეოროთ. 
  • ძუძუთი კვების პოზა - DANGLE ჩამოკიდებული წოვა დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. 
  • თვითმასაჟი - საბავშვო ზეთი დაიტაენთ ხელის გულზე, შემდეგ ნაზად შეიზილეთ მცირე წრიული მოძრაობებით მკერდის გარშემო. დაიწყეთ მასაჟი დაზიანებული ადგილის საპირისპირო მხარეს. 
  • ჩაიფინეთ კომბოსტოს ფორცლები და ცვალეთ 5-6 საათის შუალედებით. 
  • დაჭერით და გაყინეთ კარტოფილი, გაყინული კარტოფილი დაიდეთ გამაგრებაზე 2 საათის განმავლობაში. 
  • გამოიყენეთ სავარცხელი - გამაგრებულ ადგილზე ცხელი დუშის ქვეშ სავარცხლით ძუძუსთავისკენ დაიწყეთ მსუბუქად „ჩამოვარცხნა“.ნაზად ვარცხნის მოძრაობით დაიმასაჟეთ გაგამაგრების ადგილი.

მასტიტის სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზები:

  • რძის დენის შეფერხება - თუ ძუძუს სილიკონს იყენებთ, შეიძლება ის ხელს უშლიდეს რძის ნაკადის გამოდინებას და შექმნას ინფექციის განვითარების წინაპირობა. 
  • მკერდზე მჭიდროდ მომდგარი სამოსი - ზოგი ბიუსტჰალტერი ან საცურაო კოსტიუმი, განსაკუთრებით თუ ისინი მეტალის ღეროს შეიცავს, ზედმეტად დიდ ზეწოლას ახდენს მკერდზე. მხარზე გადაკიდებული მძიმე ჩანთა ან კენგურუც კი ქნის ხოლმე მსგავს პრობლემას. ამიტომ ხშირად უნდა შეიცვალოთ მხარი, რომელზეც ჩანთას ან ბავშვის კენგურუს იკიდებთ. უმჯობესია ატაროთ უფრო თავისუფალი ტანსაცმელი და ბიუსტჰალტერი.
  • ძუძუზე წარმოებული ნებისმიერი სახის ოპერაცია, ძუძუში კვანძების არსებობა და ძუძუს ნებისმიერი სახის დაზიანებაც ზრდის მასტიტის განვითარების რისკს.

რეკურენტული მასტიტი და სარძევე სადინრის დახშობა

მასტიტის და სარძევე სადინრის დახშობის განმეორებით განვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ბავშვი გამოკვებოთ ხშირად და რეგულარულად, ყურადღება მიაქციოთ ძუძუზე სწორ მოჭიდებას და სწორ პოზიციას, მიჰყვეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და დაისვენოთ საკმარისად.

რეკურენტული, ანუ განმეორებადი, მასტიტის ყველაზე ხშირი მიზეზია ანთების გამომწვევი ბაქტერიების რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ, არასწორი ანტიბიოტიკით მკურნალობა, მკურნალობის არასრული კურსის ჩატარება, დაავადებული ძუძუდან კვების შეწყვეტა და მასტიტის გამომწვევი თავდაპირველი მიზეზის მოუგვარებლობა.
თუ მასტიტი განმეორებით განგივითარდებათ, ექიმი მოახდენს გამომწვევი ბაქტერიის კულტივირებას და განსაზღვრავს მის ანტიბიოტიკომგრძნობელობას, რათა გაიგოს რომელი ანტიბიოტიკი მოერევა მას ყველაზე უკეთ.

წყარო: llli.org