სარძევე სადინრის დახშობა - როგორ მოვაგვაროთ პრობლემა

24-11-2021

მკერდის ტკივილი, რომელსაც სარძევე სადინრის დახშობა იწვევს, ძალიან შემაწუხებელი და შემაშფოთებელია დედისთვის. ამ დროს მკერდი სენსიტიურია, შეიძლება იყოს გაწითლებული, მასზე იგრძნობოდეს გამაგრებული ადგილი ან რაიმე კვანძი. იმის მიუხედავად, თუ რა არის ძუძუს ტკივილის მიზეზი, სარძევე ჯირკვლის ინფექცია, თუ დახშული სარძევე სადინარი, მკურნალობა ერთი და იგივეა: ხშირი ძუძუთი კვება, დასვენება და მტკივნეულ ადგილზე თბილი კომპრესის დადება.

დახშული სარძევე სადინრები

სარძევე ჯირკვლებში რძე სარძევე სადინრებში მიედინება. ზოგჯერ სარზევე სადინრის რომელიმე უბანი იხშობა და რძის დინებას ხელი ეშლება. ამ დროს ტკივილი ადგილობრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ მტკივნეული და გაწითლებულია მხოლოდ დახშული სადინრის გარშემო უბანი. დახშულმა სადინარმა, მკურნალობის გარეშე, შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს.
დახშულ სარძევე სადინარს შეგიძლიათ უმკურნალოთ შემდეგი მეთოდებით:
•    მტკივნეულ ადგილზე მოითავსეთ თბილი კომპრესი. ძუძუს თავს თბილი წყლით მოაშორეთ გამხმარი რძის ნაწილაკები.
•    დაალბეთ მკერდი თბილ წყალში. დაიმასაჟეთ მტკივნეული ადგილი ნაზად და შესთავაზეთ ბავშვს ძუძუთი კვება.
•    ძუძუთი კვების დროს გააგრძელეთ მკერდის მსუბუქი მასაჟი.
•    დაიმასაჟეთ დახშული სადინრის ზედა უბანი და გამოიდინეთ რძე.
•    ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად გამოკვებოთ ბავშვი მტკივნეული ძუძუდან. კვებისას პოზიცია შეარჩიეთ ისე, რომ ბავშვის ცხვირი და ნიკაპი მიმართული იყოს მტკივნეული უბნისკენ. ექსპერტები ამისთვის დედებს ურჩევენ დადგნენ ხელებზე და მუხლებზე, ბავშვი დააწვინონ ზურგზე და ზევიდან ჩაუდონ მას პირში ძუძუს თავი.
•    ჩაიცვით თავისუფალი ტანისამოსი და, თუ შესაძლებელია, არ ატაროთ ბიუსტჰალტერი.
•    ბევრი დედა შემდეგ ხერხს მიმართავს: ჩართულ ელექტრო კბილის ჯაგრისს ითავსებს დაბლოკილი სადინრის ადგილზე - ვიბრაცია ხელს უწყობს ბლოკირებულ სადინარში რძის დენის აღდგენას. 
•    დარწმუნდით, რომ კვების შემდეგ ძუძუ იცლება და რბილდება. ძუძუს გადავსება ხელს უწყობს სადინრის დახშობას.
•    ყოველთვის დარწმუნდით, რომ ბავშვის პოზიცია და ძუძუზე მოჭიდება ძუძუთი კვებისას სწორია.

თუ ეს ღონისძიებები შედეგს არ გამოიღებს, სცადეთ თქვენი კვების რაციონიდან ნაჯერი ცხიმების ამოღება და მიიღეთ ყოველდღიურად 1 სუფრის კოვზი ლეციტინი. ასევე, სასურველია შეამციროთ ნატრიუმის (სუფრის მარილის) მიღება.
გახსოვდეთ, რომ სარძევე სადინრის დახშობას ყველაზე ხშირად ძუძუს დაცლის უკმარისობა იწვევს, მაგალითად, ეს მოსალოდნელია იმ პერიოდში მოხდეს, როცა ბავშვს კბილები ამოსდის, ან ავადმყოფობს და ძუძუს ნაკლებად წოვს, ან როცა ღამით უფრო დიდი ინტერვალებით ძილს შეეჩვევა. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ კვების შემდეგ ძუძუში დაჩენილი რძე გამოიწველოთ.

წყარო: llli.org