შემიძლია კბილების ამოსვლის პერიოდში გავაგრძელო ძუძუთი კვება?
დიახ, რა თქმა უნდა! კბილების ამოსვლამ შეიძლება ძუძუთი კვების პროცესში ოდნავ გაართულოს, თუმცა, თქვენი პატარასთვის დედის რძე მაინც შეუცვლელ საკვებად რჩება. როდესაც კბილები ღრძილების სიღრმეში მოძრაობას იწყებენ და ღრძილის ზედაპირს არღვევენ, ბავშვი დისკომფორტს განიცდის და გაღიზიანებულია. ამ დროს მის დასამშვიდებლად ძუძუთი კვება არაჩვეულებრივი საშუალებაა. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით, ძუძუთი კვება სულ მცირე ერთი წელის ასაკამდე უნდა გაგრძელდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით კი - სულ მცირე ორ წლამდე. ხანგრძლივ ძუძუთი კვებას ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც ბავშვისთვის, ასევე დედისთვისაც. სწორი მიდგომებითა და ტექნიკებით შეგიძლიათ კბილების ამოსვლის პერიოდი ძუძუთი კვების შეწყვეტის გარეშე გადალახოთ.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ძუძუს წოვისას ბავშვი ენას ღრძილის ზედაპირზე ათავსებს, რათა ძუძუს თავს კარგად მოეჭიდოს. ეს იცავს ძუძუს თავს ახლად ამოსული კბილების ბასრი კიდეებისგან. ამ დროს ბავშვის ტუჩები უნდა იყოს გადმობრუნებული და ფარავდეს არეოლას ( პიგმენტირებულ კანს ძუძუს თავის ირგვლივ).
ბავშვს ყველაზე დიდ დისკომფორტს ღრძილთან მომდგარი კბილები უქმნის, რომლებიც შიგნიდან აწვებიან ღრძილის ზედაპირს. ამ დროს ღრძილებზე გარეგანი ზეწოლა პატარას შვებას გვრის.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ:
ძუძუთი კვებამდე
• ბავშვს ღრძილებზე დაადეთ სველი ტილო ან სველ ტილოში გახვეული ყინულის კუბი. ამან შეიძლება მას ტკივილი გაუყუჩოს, რის შემდეგად პატარა უკეთ მოეჭიდება ძუძუს თავს და დაიწყებს კვებას.
• სუფთა თითით მსუბუქი მასაჟი გაუკეთეთ ღრძილებზე.
• ხელით გამოიდევნეთ ცოტაოდენი რძე სანამ ბავშვს ძუძუს შესთავაზებთ. ამის შემდეგ რძის ნაკადი უფრო იოლად წამოვა და ბავშვი უფრო მალე დამშვიდდება.
ძუძუთი კვების დროს
• სცადეთ სხვადასხვა პოზიცია. ზეწოლის წერტილების ცვლილება შეიძლება დაგეხმაროთ. შეახსენეთ ბავშვს, რომ პირი ფართოდ გააღოს. გადააწევინეთ თავი ოდნავ უკან. ეს ხერხი დაგეხმარებათ გააკონტროლოთ ბავშვის ძუძუზე მოჭიდება, ზუსტად ისე, როგორც თავიდან, ძუძუთი კვების პირველ დღეებში სწავლობდით.
• დააკვირდით ბავშვს და თუ შეამჩნევთ, რომ მოუსვენრობა მოემატა, მოსალოდნელია გიკბინოთ. მოაშრეთ ძუძუს და მიაწოდეთ სველი ტილო ან საღეჭი სათამაშო. კვლავ გააგრძელეთ ძუძუთი კვება თუ ბავშვი ამას მოისურვებს.
• ბავშვის სახელის წარმოთქმამ ან ჩახუტებამ შეიძლება მას ყურადღება გადაატანინოს თუ კბენას დააპირებს.
• ასევე შეგიძლიათ წარმოთქვათ ფრაზები „არ მიკბინო“ ან „კბენა არ შეიძლება“ და შეაწყვეტინოთ ბავშვს კვება. ამით ის თავისი ქმედებების შედეგებთან დაკავშირებას ისწავლის.
ძუძუთი კვების შემდეგ
• თუ ბავშვი ძუძუს თავზე გიკბენთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კვება და მიაწოდეთ მას ტილო ან საღეჭი სათამაშო. თუ ისევ ისურვა კვების გაგრძელება, დართეთ მას ამის ნება, მაგრამ კვლავ შეწყვიტეთ, თუ ისევ გიკბენთ. მოძებნეთ სხვა გზა მის დასამშვიდებლად.
• არ გამოიყენოთ ბოთლები ან საწოვარა, რადგან შეიძლება ბავშვი მათ კბენას მიეჩვიოს, ეს ნივთები კი ამას ვერ გააპროტესტებენ. თუ ბავშვს მომვლელი ბოთლით აჭმევს, სანამ თქვენ სამსახურში ხართ, სთხოვეთ მას, რომ გააკონტროლოს ბავშვის ქცევა კვებისას და დაუშალოს ბოთლის თავზე კბენა.
ის შემთხვევაში თუ არც ერთმა ზემოთჩამოთვლილმა რჩევამ არ გაჭრა და ბავშვი განაგრძობს კბენას, თან იმდენად ძლიერად, რომ კანის მთლიანობა ირღვევა, შეიძლება ფიქრობდეთ ძუძუთი კვების შეწყვეტაზე. თუმცა, სასურველია ასე არ მოიქცეთ. გაღიზიანებული კანი თბილი წყლით და საპნით გაისუფთავეთ და დაიტანეთ მასზე მალამო ყოველი კვების შემდეგ, მოშუშებამდე.
ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ეს რთული პერიოდი დროებითია და, როგორც ბავშვის განვითარების სხვა ფაზები, ისიც მალე გაივლის. თქვენი ჩახუტება, სითბო და მზრუნველობა ანუგეშებს თქვენს პატარას და დაეხმარება ამ პერიოდის გადალახვაში.
წყარო: La leche League llli.org