როგორ დავამშვიდოთ ბავშვი ტირილის დროს?

15-11-2021

რაც უფრო უკეთ გაიცნობთ თქვენს პატარას, უკეთესად მიხვდებით, რა ამშვიდებს მას. თუ ხელში აყვანა და კვება არ ჭრის, შეგიძლიათ შემდეგ ხერხებს მიმართოთ: 

მოასმენინეთ მას ხმები

მუცლადყოფნის პერიოდში თქვენი პატარა გამუდმებით თქვენს გულისცემას ისმენდა. დაბადების შემდეგაც მას სიამოვნებს თქვენი ჩახუტება და მისთვის კარგად ნაცნობი გულისცემის მოსმენა. მოასმენინეთ მას ხმები, რომლებიც ჰგავს საშვილოსნოში მოსმენილს, როგორიცაა, მონოტონური ხმები: მტვერსასრუტის, თმის ფენის, სარეცხი მანქანის. ეს ხმები დაამშვიდებს და ჩაძინებაში დაეხმარება. თეთრი ხმაურიც ეხმარება ზოგ ბავშვს ჩაძინებაში. შეგიძლიათ გადმოიწეროთ აპლიკაცია, რომელიც უკრავს წვიმის წვეთების ან ზღვის ხმებს. 

არწიეთ ბავშვი 

ნაზად არწიეთ ბავშვი თქვენს მკლავებში, სარწეველა სავარძელში ან კენგურუთი. შეგიძლიათ ასევე მანქანით გაასეირნოთ, რა თქმა უნდა, თავისი „ქარ-სითით“.

დაუმასაჟეთ ბავშვს მუცელი 

ბავშვებისთვის განკუთვნილი ზეთის ან მალამოს გამოყენებით გაუკეთეთ მასაჟი ზურგზე ან მუცელზე საათის ისრის მიმართულებით. მუცლის დამასაჟება ხელს შეუწყობს საჭმლის მონელების პროცესს და თქვენი შეხება ბავშვისთვის კომფორტული და ნუგეშისმცემელია. თუ მან ტირილი დაიწყო მასაჟის დროს, შეწყვიტეთ და ჩაეხუტეთ.  

კვებისას სცადეთ განსახვავებული პოზიცია

ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები ხანდახან ტირიან კვებისას ან კვების შემდეგ. ამ დროს პოზიციის შეცვლა მას შეიძლება დაეხმაროს  ძუძუზე უკეთესად მოჭიდებასა და მშვიდად კვებაში. თუ ბავშვს შებერილობა აწუხებს, გამართულ პოზიციაში კვება შეიძლება უფრო კომფორტული იყოს მისთვის. თუ ბავშვი კვების შედეგ მაშინვე იწყებს ტირილს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას ისევ შია, ამიტომ ისევ შესთავაზეთ ძუძუ ან ბოთლი. 

მიეცით მას საწოვარა

ბავშვს ნება დართეთ ძუძუ მოწოვოს ნუგეშისცემის მიზნით, მიეცით მას საწოვარა. 

აბანავეთ თბილი წყლით
თბილი აბაზანა დაეხმარება თქვენს პატარას დამშვიდებაში. სანამ აბაზანაში ჩააწვენთ, შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა. წყალი უნდა იყოს 37-38 გრადუსის. თუ თერმომეტრი არ გაქვთ, წყლის ტემპერატურა შეამოწმეთ თქვენი იდაყვით. ის არც ცივი და არც ცხელი უნდა მოგეჩვენოთ.გახსოვდეთ, რომ აბაზანის მიღება ყველა ბავშვზე ერთნაირად არ მოქმედებს. ზოგს წყალი უფრო მეტად აღიზიანებს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ არაფერი ჭრის?
თუ ბავშვს ვერანაირად ვერ ამშვიდებთ, ეცადეთ თავი არ დაიდანაშაულოთ. ბავშვებისთვის ტირილი ნორმალურია. 

პატარები ბევრს ტირიან პირველი ორი კვირის განმავლობაში. ტირილი მაქსიმუმს აღწევს ორი თვის ასაკში და ამის შემდეგ თანდათან მცირდება. ბავშვის ტირილმა შეიძლება მშობლები გადაღალოს, დასტრესოს და თავი უარყოფილად და იმედგაცრუებულად აგრძნობინოს. 

გახსოვდეთ, რომ ბავშვის ტირილის მიზეზი თქვენ არ ხართ და ზოგჯერ უბრალოდ უნდა შეეგუოთ, რომ თქვენი პატარა ბევრს ტირის. თუ უკვე დააკმაყოფილეთ ბავშვის ყველა საჭიროება და ყველაფერი სცადეთ მის დასამშვიდებლად, დროა საკუთარ თავზე იზრუნოთ: 


•    ჩააწვინეთ ბავშვი საწოლში რამდენიმე წუთით და გადით ოთახიდან, რათა აღარ გესმოდეთ მისი ტირილი. რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და მიეცით თქვენს თავს ცოტაოდენი დრო განტვირთვისთვის.
•    დაურეკეთ მეგობარს, ნათესავს ან ვინმე სხვა დამხმარეს და თქვენ ცოტა ხნით დაისვენეთ.
•    მოიძიეთ თქვენ ირგვლივ მშობელთა მხარდამჭერი ჯგუფები, რათა დაუკავშირდეთ სხვა მშობლებს, რომლებსაც იგივე სიტუაცია აქვთ, მორალური მხარდაჭერისთვის.

•    ესაუბრეთ ექიმს გამკლავების სტრატეგიების შესახებ მანამ, სანამ სიტუაცია უფრო სტრესული გახდება.

ტირილის ეს ფაზა დროებითია და, დიდი ვარაუდით, მალე გაივლის. როცა პატარა თქვენთან კომუნიკაციის სხვა გზებს ისწავლის, ზედმეტი ტირილიც შეწყდება.