როგორ მოქმედებს ბავშვის ტირილი დედის ტვინზე

30-10-2021

რატომ გვაღელვებს ბავშვის ცრემლები და რა მნიშვნელობა აქვს ამას?

ბავშვის ტირილზე ჩვენი სწორი რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია პატარას განვითარებისთვის. ბავშვის ცრემლებსა და დისკომფორტზე სწორი და სწრაფი რეაგირება ამცირებს ტირილს ბავშვის ზრდასთან ერთად. როდესაც დედები ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში სწრაფად რეაგირებენ პატარას ტირილზე, 1 წლის ასაკისთვის ტირილი უფრო იშვიათი და ხანმოკლე ხდება. ასე არ ხდება იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთა დედები ან იგნორირებას უკეთებდნენ მათ ტირილს ან აგვიანებდნენ რეაგირებას.
თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვის ტირილზე სწორი და სწრაფი რეაგირება იცვას მას მომავალში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებისა და სტრესზე ნეგატიურ რეაქციისგან. 
დაბადებიდან პირველი სამი ან ოთხი თვის განმავლობაში სტრესის ჰორმონის სისტემა ძალიან აქტიურია. ბავშვი მარტივად ისტრესება ძალიან ბევრი მიზეზის გამო, რაც ჩვენთვის უმნიშვნელო შეიძლება ჩანდეს: დედისგან განშორება, ბანაობა, საფენის გამოცვლა, შიმშილი. ამ ყოველდღიურ მოვლენებს შეუძლიათ, პატარას ორგანიზმში კორტიზოლის დონე აამაღლონ. როდესაც ბავშვის მომვლელი მის ტირილზე და წუხილის სხვა ნიშნებზე ნუგეშის ცემით და დამშვიდებით პასუხობს, კორტიზოლის დონე ნორმას უბრუნდება. კორტიზოლის ჯანსაღი დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია, ბავშვი მუდმივ ზრუნვას და ყურადღებაა იღებდეს.

ტირილი, ბავშვი,


რატომ არის კორტიზოლის დონე მნიშვნელოვანი?
მუდმივად მომატებული კორტიზოლი გავლენას ახდენს ბავშვის თავის ტვინის განვითარებაზე, იმუნურ სისტემაზე, სტრესზე რეაგირებაზე, მომავალში სიმსუქნის განვითარების რისკზე და სხვა ბევრ პროცესზე. 
ბავშვის ცრემლები
ზოგჯერ ბავშვის დამშვიდება მარტივია, ზოგჯერ კი - უბრალოდ შეუძლებელი, თუმცა კვლევების თანახმად, მხოლოდ თქვენი მის გვერდით ყოფნაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს. მოსიყვარულე დედის მკლავებში ტირილი ძალიან განსხვავებული გამოცდილებაა ბავშვისთვის, ვიდრე საწოლში მარტო ტირილი.
მიზანი? ძუძუთი კვების მოთხოვნა ტირილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. მთელ მსოფლიოში ჩატარებული კვლევების შემდეგად გამოიკვეთა პატერნი ტირილთან დაკავშირებით: პირველი ორი კვირის განმავლობაში ახალშობილი არც ისე ბევრს ტირის, შემდეგ რამდენიმე კვირაში ტირილი იმატებს - პიკს აღწევს დაახლოებით 2 თვის ასაკში და შემდეგ თანდათან იკლებს.
ბავშვის ტირილს თავისი დანიშნულება აქვს:
•    ტრადიციულ კულტურებში, სადაც ძუძუთი კვება ნორმად ითვლება, ბავშვების ტირილს პასუხობენ ძუძუს შეთავაზებით. ბავშვი საათში 3-4-ჯერ იკვებება. ამ დროს ის აკონტროლებს ძუძუთი კვების პროცესს. დასავლურ კულტურაში ხშირად პირიქითაა - მშობელი აკონტროლებს ბავშვის კვებას. ბავშვის ხშირი ტირილი უზრუნველყოფს მის მიერ საკმარისი რაოდენობის რძის მიღებას და რძის პროდუქციის შენარჩუნებას. 
•    ტირილის დროს მომვლელი მიდის ბავშვთან და აჰყავს ის ხელში. ხშირი ტირილი ბავშვებს ეხმარება უსაფრთხოების მიღწევაში, ის ხომ ყველაზე უსაფრთხოდ  ზრდასრული ადამიანის გვერდითაა. მომვლელთან განშორება იწვევს შფოთვას, ხოლო მასთან დაბრუნება კი შვებას გვრის პატარას.
•    ხშირი ძუძუთ კვების დროს გამომუშავდება პროლაქტინი, რომელიც ოვულაციას თრგუნავს და უზრუნველყოფს იმას, რომ დედა ხელახლა არ დაორსულდეს. პროლაქტინის დონე ყველაზე მეტად ღამის კვების დროს იმატებს. ძუძუთი კვების სიხშირე უფრო მნიშვნელოვანია ოვულაციის დაბლოკვისთვის, ვიდრე ძუძუთი კვების ხანგრძლივობა. ხოლო, რაც უფრო ხშირად ტირის ბავშვი, ძუძუთი კვებაც მით უფრო ხშირად ხდება. ამას პატარასთვის ბიოლოგიური სარგებელი მოაქვს: დედა თუ არ დაორსულდება, მას უფრო მეტი რესურსი ექნება და ასევე დედა არ დაკარგავს ზედმეტ რკინას მენსტრუაციის გამო.
•    როცა მშობლები გაღიზიანებული არ არიან, ბავშვის ტირილმა მათში შეიძლება წარმოშვას მზრუნველობის ნაზი გრძნობები და განამტკიცოს მათსა და ბავშვს შორის კავშირი. პირველი კვირების განმავლობაში მშობელი სწავლობს, რა ამშვიდებს შვილს და რაც უფრო ხშირად ტირის ბავშვი, ამის უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა მშობელს.

დედის პასუხი
კანადელმა პროფესორმა იელის უნივერსიტეტიდან, ჯეიმს სვონმა შეისწავლა დედების თავის ტვინის გამოსახულებები, როდესაც მათ ბავშვის ტირილი ესმოდათ. ბავშვის ტირილი დედის ტვინში ააქტიურებს წრედებს, რომლებიც ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მქონე პირებშია გააქტიურებული. ასევე ცვლილებებია ტვინის უბნებში, რომლებიც გარემოს შეფასებაში, დამშვიდებაში და სიმშვიდის შენარჩუნებაში გვეხმარება. ტვინის ამ უბნების გააქტიურება ლოგიკურია, როდესაც დავფიქრდებით, რა სჭირდება ბავშვს. მას სჭირდება, რომ მომვლელი იყოს მოტივირებული, რეაგირება მოახდინოს მის ტირილზე და მშვიდი, რომ შეძლოს მისი საჭიროებების დაკმაყოფილება და ნუგეშისცემა.
 

ბავშვზე ზრუნვის გამოცდილება ცვლის მშობლების რეაგირებას ტირილზე. მაგრამ თუ ტირილი მშობლების და შვილის კავშირის დამყარებას უნდა უზრუნველყოფდეს, მაშინ რატომ არის ის ხშირად დაკავშირებული ძალადობასთან, ბავშვის ცემასთან ან შენჯღრევასთან?
ჩვენს საზოგადოებაში მშობლებს ხშირად მოუწოდებენ, არ დაამშვიდონ ბავშვი, როდესაც ის ტირის. ბავშვები გაცილებით უფრო ცოტას ტირიან, როდესაც მშობელთან ახლო კონტაქტში არიან, მათთან ერთად სძინავთ, იკვებებიან ხშირად და მშობლები მათ დისკომფორტზე სწრაფად პასუხობენ. მაგრამ, ამის მიუხედავად, დასავლურ კულტურაში ბევრ მშობელს ეუბნებიან, რომ ბავშვის ყოველ ჯერზე დამშვიდება „გააფუჭებს“ მას ან რომ ბავშვი ტირილით მანიპულირებს. ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, მცდარია და მხოლოდ ბავშვის ტირილის გახშირებას და მშობლის გადაქანცვას იწვევს. 
ამის გარდა შეიძლება დედა, რომელსაც დამხმარე არ ჰყავს, ვეღარ გაწვდეს ბავშვის ტირილზე პასუხს. ამ დროს აუცილებელია, ბებია, პარტნიორი ან ძიძა ეხმარებოდეს მას, რათა დასვენება შეძლოს და ბავშვსაც ყოველთვის ჰყავდეს მომვლელი, რომელიც მას ანუგეშებს.

წყარო: www.llli.org