ბავშვის შენჯღრევის სინდრომი

04-09-2021

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი, ასევე ცნობილი როგორც თავის ძალადობრივი ტრავმა, არის თავის ტვინის სერიოზული დაზიანება, რომელსაც ბავშვის ძლიერად შენჯღრევა იწვევს. შეიძლება, თქვენ სულაც არ გგონიათ, როცა გაღიზიანებული ან პირიქით, აჟიტირებული ბავშვს ანჯღრევთ, ამით რამეს აზიანებთ, მაგრამ სინამდვილეში მას დიდ საფრთხეს უქმნით.
ბავშვის შენჯღრევის სინდრომი აზიანებს თავის ტვინის უჯრედებს და ხელს უშლის ტვინამდე ჟანგბადის მიწოდებას. მან შეიძლება თავის ტვინს შეუქცევადი დაზიანება და სიკვდილი გამოიწვიოს.
ბავშვის შენჯღრევის სინდრომის პრევენცია შესაძლებელია. მშობლებს და ბავშვის სხვა მომვლელებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ბავშვის შენჯღრევის სინდრომის საშიშროებების შესახებ.


ბავშვის შენჯღრევის სინდრომის სიმპტომებია:
•    მომატებული მოუსვენრობა და გაღიზიანებადობა
•    ძილიანობა
•    სუნთქვის პრობლემები
•    ცუდად კვება
•    ღებინება
•    ფერმკრთალი ან მოლურჯო შეფერილობის კანი
•    გულყრები
•    პარალიზი
•    კომა

შეიძლება ბავშვს გარეგნულად დაზიანების კვალი არ ემჩნეოდეს. ხანდახან, შენჯღრევის შემდეგ, სახეზე ჩალურჯებები ჩნდება. შესაძლო დაზიანებები, რომლებიც თავიდანვე გარეგნულად არ შეინიშნება, არის: სისხლჩაქცევა თავის ტვინში, ზურგის ტვინის დაზიანება, ნეკნების, თავის ქალის მოტეხილობა. ხშირად ასეთ ბავშვებს ადრეული ძალადობის კვალი ეტყობათ ხოლმე.
მსუბუქ შემთხვევაში შენჯღრევის შემდეგ ბავშვი ჩვეულებრივად გამოიყურება. მაგრამ, დროთა განმავლობაში, მას შეიძლება ჯანმრთელობის ან ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მალევე დაუკავშირდეთ ექიმს. 

გამომწვევი მიზეზები
ბავშვებს სუსტი კისრის კუნთები აქვთ, რომლებსაც თავის მყარად დაჭერა უჭირთ. როდესაც ბავშვს ძლიერად ანჯღრევენ, მისი ფაქიზი თავის ტვინი თავის ქალაში წინ და უკან გადაადგილდება. ეს იწვევს დაჟეჟილობას, შეშუპებას და სისხლჩაქცევების წარმოშობას. ბავშვის შენჯღრევის სინდრომი მშობლის ან სხვა მომვლელის მიერ ბავშვის ძლიერად შენჯღრევის შედეგია. ამ დროს, როგორც წესი, მშობელი გაბრაზებული ან სასოწარკვეთილია, რადგან ბავშვი ტირილს არა და არ წყვეტს. ეს გახლავთ ბავშვზე ფიზიკური ძალადობა, რომელის ისჯება კანონით!

რისკ ფაქტორები
მომვლელებში ბავშვის ძლიერად შენჯღრევის პროვოცირებას შემდეგი გარემოებები იწვევს: 
•    ბავშვების შესახებ არასწორი წარმოდგენები
•    ახალგაზრდა ან მარტოხელა მშობელი
•    სტრესი
•    ოჯახური ძალადობა
•    ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების მიღება
•    არასტაბილური ოჯახური სიტუაცია
•    დეპრესია
•    ბავშვობაში მომვლელზე მიმართული ძალადობა

გართულებები
ჩვილი ბავშვის მცირე ხნით შენჯღრევასაც კი შეუძლია ტვინის შეუქცევადი დაზიანებების გამოწვევა. სამწუხაროდ, ბევრი ბავშვი ამ სინდრომის გამო იღუპება.
ბავშვს შეიძლება ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდეს შემდეგი გართულებების გამო:
•    ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე
•    განვითარებაში ჩამორჩენა, დასწავლის ან ქცევითი პრობლემები
•    ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა
•    გულყრები
•    ცერებრული დამბლა

პრევენცია
ახალბედა მშობლების განათლება ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელებას ბავშვის შენჯღრევის სახიფათო შედეგების შესახებ. ასევე სასურველია მშობლებმა მოიძიონ  რჩევები ბავშვის დამშვიდების და საკუთარი სტრესის მართვის შესახებ. როდესაც ბავშვს ვერ ამშვიდებთ, შეიძლება მზად იყოთ ნებისმიერი რამ სცადოთ, ოღონდ მან ტირილი შეწყვიტოს. მაგრამ, ყოველთვის უმნიშვნელოვანესია ბავშვს ფაქიზად მოექცეთ. არაფერი ამართლებს ბავშვის ძალადობრივად შენჯღრევას.თუ გიჭირთ თქვენს ემოციებთან და სტრესთან გამკლავება, კარგი აზრია მიმართოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს. თუ ბავშვის მოვლაში სხვები გეხმარებიან - დაქირავებული ძიძა,  თქვენი მშობლები ან ნათესავები - მნიშვნელოვანია ყველას აუხსნათ, რა სახიფათო შედეგები მოყვება ბავშვის ძალადობრივად შენჯღრევას. 

წყარო: mayoclinic.org 

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.