წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ სამგზავრო სავარძლის გამოყენებისას

08-09-2021

რომელი ასაკიდან უნდა გამოვიყენოთ სამგზავრო სავარძელი, როგორ ავარჩიოთ, რა გავითვალისწინოთ შერჩევის დროს - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც სამგზავრო სავარძელს და ბავშვის მგზავრობას ეხება, გვესაუბრება Your car Seat-ის წარმომადგენელი ლანა გიორგიძე.

-   მგზავრობის დროს რატომ არის აუცილებელი სამგზავრო სავარძლის  გამოყენება?

-    მგზავრობის დროს თქვენი შვილის სიცოცხლეს იცავს სწორად შერჩეული და დამაგრებული სამგზავრო სავარძელი. სავარძლის სწორად შერჩევა წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა მისი სწორად მონტაჟი კიდევ უფრო მეტად იცავს თქვენს პატარას. თქვენ ვერ დაიცავთ თქვენს შვილს შიშველი ხელებით, რაც უნდა მაგრად ჩაეხუტოთ მას, რადგან კალთაში მოთავსებულ ბავშვს შეჯახების დროს ორმაგი ძალით წინ გადაისვრით, და როდესაც მაგალითად მოძრაობთ 60 კმ/სთ სიჩქარით, შეჯახების დროს ბავშვის ხელში შენარჩუნების შანსი იმდენივეა, რომ ერთდროულად 300 კილოგრამი დაიჭიროთ ხელში, შეგიძლიათ ეს?! ჩვენ არ გვეპარება მშობლებში ეჭვი, რომ ყველაფერი საუკეთესო სურთ შვილებისთვის, მაგრამ სათანადო ინფორმაციის არქონის გამო შესაძლოა, შვილების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოთ.
სამგზავრო სავარძლის გამოყენება 0 თვიდან არის აუცილებელი. სამშობიაროდან გამოყვანის დღიდანვე უნდა გამოიყენოს მშობელმა შესაბამისი სამგზავრო სავარძელი (ქარსითი). ხშირად მშობლებს აქვთ კითხვა, ხომ არ დაუზიანებს ბავშვს ხერხემალს სამგზავრო სავარძელი? რა თქმა უნდა, არა, რადგან სამგზავრო სავარძლის შესაქმნელად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მუშაობდნენ: პედიატრები, ფსიქოლოგები და სხვა სპეციალისტები, მათ განსაზღვრეს, რა იყო საჭირო ახალშობილის უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის, გამოიკვლიეს თითოეული დეტალი. ამასთან, სამგზავრო სავარძელი გადის ტესტირებას, რომლის შემდეგ მათ ენიჭებათ სერტიფიკატი, რომ იგი უსაფრთხოა თქვენი შვილებისთვის. რა თქმა უნდა, ყველა სამგზავრო სავარძელი არაა სერტიფიცირებული და სწორედ ამიტომ მშობლებს უსასყიდლოდ ვეხმარებით, რათა სწორად შეარჩიონ სამგზავრო სავარძლები და ასევე იცოდნენ, თუ რომელი ბრენდია სანდო. 
სამგზავრო სავარძელი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მგზავრობის დროს 0-12 წლამდე ბავშვების უსაფრთხოებისთვის, თუმცა არსებობს ოქროს წესი - არ გამოიყენოთ სამგზავრო სავარძელი სახლში, რადგან იგი არ იქნება დამაგრებული და დიდი რისკია, რომ გადაბრუნდეს, ან შიდა ღვედების გარეშე ბავშვი გადატრიალდეს და პირქვე დაემხოს, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. სამგზავრო - სიტყვაც მიგითითებთ, უნდა გამოიყენოთ მგზავრობის დროს, წესების დაცვით.


-    როგორ უნდა შევარჩიოთ სამგზავრო სავარძელი, ყიდვის დროს რა გავითვალისწინოთ. რა აუცილებელი ფუნქციები და ფორმა უნდა ჰქონდეს, რომ გამოგვადგეს? 
-    სამგზავრო სავარძლის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ არსებობს 4 კატეგორიის სამგზავრო სავარძელი. პირველ რიგში, ვარკვევთ ბავშვის ასაკს, წონასა და სიმაღლეს და ამის შემდეგ ვარჩევთ შესაბამის სავარძელს. მაგალითად, თუ ახალშობილისთვის სურს მშობელს სავარძლის შეძენა, აუცილებლად ვურჩევთ, გამოიყენონ 0-13 კგ სამგზავრო სავარძელი (სახელურის მქონე), რომელიც ერთგვარი ჯავშანია და იცავს წლამდე ბავშვის სიცოცხლეს. როდესაც შესაბამის სავარძელს შევარჩევთ, ჩნდება კითხვა - რომელი სამონტაჟო სისტემა სურს მშობელს: ღვედით თუ აისოფიქსით. ღვედით დამონტაჟება ყველა ავტომობილშია შესაძლებელი, აისოფიქსით მონტაჟს კი სჭირდება აისოფიქსის მხარდაჭერა, რაც 2003 წლის ზემოთ მოდელებს (ავტომობილებს) აქვს. თუმცა, მშობელთან ერთად ვამოწმებთ, აქვს თუ არა აისოფიქისის მხარდაჭერა მათ ავტომობილს, ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. 
რომელი უფრო უსაფრთხოა? ორივე, თუ მშობელი სწორად ამაგრებს. აისოფიქსის მონტაჟი უფრო მარტივია, რადგან სწორად დამონტაჟების შემდეგ მწვანე მაშუქებს ხედავთ, ეს კი შეცდომას გამორიცხავს, ღვედით მონტაჟი უფრო რთულია ხოლმე, თუმცა თუ ინსტრუქციას მიჰყვებით, ძალიან მარტივია ყველაფერი. თუ ინსტრუქციაც დაკარგეთ, ან უბრალოდ გსურთ, გადამოწმება, როგორ ამაგრებთ სავარძელს, ყოურ ცარ სეატ უსასყიდლოდ ეხმარება მშობლებს, სავარძლების სწორად შერჩევასა და დამაგრებაში.

ჩვენი რეკომენდაციაა, სავარძლის შერჩევისას მოიკითხოთ, რა წონაზეა ეს კონკრეტული სავარძელი, რომელი ბრენდია, აქვს თუ არა სერტიფიკატი, აქვს თუ არა ვადა, რადგან სამგზავრო სავარძლებს ვადა გასდის და ვადაგასული სავარძელი საფრთხის შემცველია რადგან საჭირო დროს შესაძლოა, გატყდეს და არ დაიცვას თქვენი შვილის სიცოცხლე.
სავარძლებს ვადა აწერია კორპუსზე ან ინსტრუქციაში. აუცილებლად დეტალურად გაეცანით მათ. ასევე ჩვენი რეკომენდაციაა, არ გარეცხოთ სავარძელი წნევით, არ მიიტანოთ ქიმწმენდაში. ნახეთ ინსტრუქცია და დააკვირდით, როგორ შეიძლება გაწმინდოთ თქვენი სავარძელი ზოგი მწარმოებელი ნებას გრთავთ, 30 გრადუსზე გარეცხოთ სავარძლის ქსოვილი, ზოგი კი ნებას გრთავთ, თბილ წყალში დასველებული ტილოს საშუალებით გაწმინდოთ, რათა არ დააზიანოთ იგი კორპუსი კი გაწმინდეთ კარგად გაწურული ტილოს საშუალებით და არ დაასველოთ კორპუსზე მიწებებული სტიკერები, რადგან მათზე არის ბევრი საჭირო ინფორმაცია.


ჩვენი რეკომენდაციაა ასევე, არ შეიძინოთ მეორეული (მეორადი) სამგზავრო სავარძლები, რადგან არ იცით, როგორ იყენებდნენ მას, არ იცით, ხომ არ აკლია რომელიმე შემადგენელი ნაწილი, არ გინახავთ ინსტრუქცია. თუ მაინც გადაწყვეტთ, შეიძინოთ მეორეული სავარძელი, მოიძიეთ დეტალური ინფორმაცია, ბევრი დეტალია, რაც ერთობლიობაში ქმნის 80-90 პროცენტამდე უსაფრთხოებას, ამიტომ თუ თავად ეჭვი გეპარებათ, სწორად არჩევთ თუ არა, ან სწორად ამონტაჟებთ თუ არა, ან როდის გასდის ვადა სავარძელს, როგორ გამოიყენოთ იგი, ნებისმიერ დროს მოგვწერეთ.


- მანქანის რომელ ნაწილში უნდა დავამონტაჟოთ სამგზავრო სავარძელი? 
- რომელია უსაფრთხო ადგილი ავტომობილში სამგზავრო სავარძლისთვის? ამას წინასწარ 100%-ით ვერავინ გეტყვით, რადგან არავინ იცის, საიდან მოხდება შეჯახება, თუმცა კატეგორიულად დაუშვებელია სამგზავრო სავარძლის წინა სავარძელზე მოთავსება, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების ბალიში (აირბაგი), გარდა ამისა, წინა ადგილი მისთვის სრულად შეუსაბამოა და საქართველოში კანონითაც აკრძალულია წინა სავარძლით 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა. ბავშვი უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე დამონტაჟებულ სამგზავრო სავარძელში. სამგზავრო სავარძელი უმჯობესია იყოს დამაგრებული მგზავრის უკანა სავარძელზე, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ მძღოლის უკან უფრო უსაფრთხოა, ან შუაში, მაგრამ უმჯობესია, დაამაგროთ მგზავრის უკან. ასევე გირჩევთ, გაააქტიუროთ კარის ავტომატური ჩამკეტი, რომლის საშუალებით, ბავშვი კარს თავად ვერ გააღებს და არ აღმოჩნდება სავალ ნაწილზე.

-    რომელ წლამდე უნდა იჯდეს ბავშვი  სამგზავრო სავარძელში? 
-    ბავშვი სამგზავრო სავარძელში უნდა იჯდეს 12 წლამდე. ბევრისთვის ღიმილის მომგვრელია ეს ყოველივე, თუმცა არ ვგულისხმობთ, რომ კალათის ფორმის სავარძელში იჯდეს მაგალითად, 8 წლის ბავშვი. 8 წლიდან შეგიძლიათ, გამოიყენოთ ასამაღლებელი ბალიში (ბუსტერი), რომელიც ბავშვს სათანადო სიმაღლეზე ასწევს და ავტომობილის ღვედი გაივლის მკერდთან და არა კისერთან, რადგან კისერთან მიბჯენილი ღვედი სახიფათოა, შეჯახების ან მკვეთრი მუხრუჭის დროს, შესაძლოა, მან საფრთხე შეუქმნას ბავშვს, ზოგჯერ ფატალურადაც დასრულდეს შემთხვევა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, სამგზავრო სავარძელი გამოიყენოთ იქამდე, სანამ ბავშვის სიმაღლე არ იქნება შესაბამისი ავტომობილის ღვედისთვის.

- ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ქარსითის გამოყენებისას? 
-  მგზავრობის დროს, პირველ რიგში, მშობლები უდიდეს შეცდომას უშვებენ: როდესაც ბავშვებს სვამენ მძღოლის მუხლებზე, წინა სავარძელზე, უკანა სავარძელზე შესაბამისი სავარძლის გარეშე. ვხედავთ, როგორ არიან ბავშვები გადმოწოლილი ღია ფანჯრებიდან, როგორ მართავენ საჭეს, მშობლებს უხარიათ და ვერ აცნობიერებენ, როგორ რისკავენ ბავშვის სიცოცხლეს. სწორედ ასეთი ქცევის შედეგია, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, დაიღუპა 100 ბავშვი, ხოლო დაშავდა 5000 ბავშვი. რაც შეეხება სამგზავრო სავარძლით მგზავრობისას დაშვებულ შეცდომებს, მშობლები ზოგჯერ საერთოდ არ ამაგრებენ სავარძლებს, რაც დიდი შეცდომაა. აუცილებელია, სავარძელი იყოს ინსტრუქციის თანახმად დამაგრებული, ასევე, ბავშვს უნდა ჰქონდეს შიდა ღვედები მჭიდროდ შეკრული. დაუშვებელია მგზავრობის დროს ძუძუთი კვება, ზოგადად, კვება. აუცილებლად უნდა გააჩეროთ ავტომობილი უსაფრთხო ადგილზე და ისე გამოკვებოთ ბავშვი, რადგან დიდი რისკია, რომ გადაცდეს საკვები და მოხდეს ასფიქსია.

მგზავრობის დროს უნდა დაიცვათ შუალედები, ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვები ოფლიანობენ, ამიტომ არ ჩააცვათ ბევრი. აუცილებლად თხელი ტანსაცმელი უნდა ეცვათ და უნდა გააჩეროთ ავტომობილი საათ-ნახევარში ან ორ საათში ერთხელ, ზოგადად, რეკომენდებულია 3 საათში ერთხელ გაჩერება და შესვენება, თუმცა იმისათვის, რომ არ გადახურდეს ბავშვი, ჯობს, როცა შესაძლებელია, უფრო ხშირად შეასვენოთ.

ავტომობილის ფანჯრებს უნდა მიაკრათ უსაფრთხო მზისგან დამცავები, რომელთაც არ ექნება რკინის ნაწილები, რამაც შესაძლოა, ზიანი მოუტანოს ბავშვს. მზისგან დამცავი ბავშვს იცავს, რათა არ მოხვდეს მზის პირდაპირი სხივები.

რეკომენდებულია ასევე, ავტომობილში იყოს საჭირო ტემპერატურა. ზამთარში დაუშვებელია ბავშვის ქურთუკით ჩასმა სამგზავრო სავარძელში, რადგან ღვედებს ვერ შეკრავთ მჭიდროდ და შესაძლოა, მკვეთრი მუხრუჭის ან შეჯახების დროს, ბავშვი ქურთუკიდან ამოვარდეს და ღვედმა ბავშვის ნაცვლად ქურთუკი დაიჭიროს. გახადეთ სქელი ტანსაცმელი, შეუკარით ღვედები და შემდეგ მიაფარეთ რამე ბავშვს.

თუ გადაწყვეტთ სამგზავრო სავარძლის შეძენას, Your car seat უსასყიდლოდ მოგაწვდით რჩევებს და დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.