რა არის ბრუქსიზმი და რატომ უნდა იყოთ ყურადღებით, თუ ბავშვი კბილებს აკრაჭუნებს?

30-05-2023

ბრუქსიზმი არის კბილების განმეორებითი კრაჭუნი. არსებობს ბრუქსიზმის ორი ტიპი: ძილის და ღვიძილის, მათ შორის, ღვიძილის ბრუქსიზმი უფრო ხშირად გვხვდება. ძილის ბრუქსიზმის მქონე ადამიანების 80%-ზე მეტმა შეიძლება ვერ გააცნობიეროს, რომ ძილის დროს კბილებს აკრაჭუნებენ.

ითვლება, რომ ბრუქსიზმი უფრო ხშირია ბავშვებში. კვლევების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბრუქსიზმის შემთხვევები უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. შეიძლება რთული იყოს ბავშვებში ძილის ბრუქსიზმის იდენტიფიცირება, თუ ისინი არ იზიარებენ საძინებელს და-ძმასთან ან მომვლელთან.

რატომ აკრაჭუნებენ ბავშვები კბილებს?

ბავშვებში ბრუქსიზმის მიზეზი ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიურია - ოჯახის და ზოგადად გარემოს სტრესორები. ბრუქსიზმის შემთხვევები ხშირად გვხვდება ერთი ოჯახის წევრებში, თუმცა არ არის ნათელი, ეს გამოწვეულია გენეტიკური, თუ საერთო გარემო ფაქტორების ზემოქმედებით.

ბრუქსიზმი,

ერთერთი გამომწვევი მიზეზი: სტრესი

სტრესის მაღალი დონე მჭიდრო კორელაციაშია ძილის ბრუქსიზმთან, თუმცა საჭიროა მეტი კვლევა იმის დასადგენად, სტრესი იწვევს ბრუქსიზმს თუ არა. სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ბრუქსიზმი შეიძლება დაკავშირებული იყოს საშინაო დავალების შესრულების, გამოცდების, ან კარგი შეფასების მიღების სურვილის სტრესთან. ბრუქსიზმი ყველაზე ხშირად 7-დან 10 წლის ბავშვებს აწუხებთ, თუმცა ეს მდგომარეობა ყველა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში შეინიშნება.

ბრუქსიზმი სხვადასხვა ასაკში 

ჩვილებში ბრუქსიზმის მიზეზი შეიძლება კბილების ამოსვლასთან დაკავშირებული სტრესი იყოს. ერთ წლამდე ასაკში ბრუქსიზმის გამოვლინება ჩვეულებრივ არ იწვევს ჯანმრთელობის ხანგრძლივ გართულებებს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ძუძუთი კვების ნაადრევი შეწყვიტა.
სკოლის ასაკის ბავშვები: კბილების კრაჭუნი დაწყებითი კლასების პერიოდში შეიძლება პირველად გამოვლინდეს ან ხელახლა აღმოცენდეს. ამ ასაკში აქტიურად მიმდინარეობს სარძევე კბილების მოცვლა, ბავშვის ცხოვრებაში იზრდება სტრესის დონე, რაც ქმნის ნიადაგს ბრუქსიზმის განვითარებისთვის. 

ბრუქსიზმი,

ზოგიერთი წყაროს დაყრდნობით, ბავშვები, რომლებიც ბუნებრივად უფრო მოუსვენარი არიან ან უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სკოლაში კარგი ნიშნების მიღებას, მეტად არიან მიდრეკილნი ბრუქსიზმისკენ. ასევე პატარები, რომლებიც განშორების შფოთვას უფრო მძიმედ განიცდიან, ბრუქსიზმის განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ძილისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა დარღვევები

სტრესთან და შფოთვასთან ერთად, ბრუქსიზმი, უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში, რომლებსაც აწუხებთ სხვა სამედიცინო მდგომარეობები, როგორიცაა: შაკიკი, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD), აუტიზმის სპექტრის აშლილობა, ძილის დარღვევები - ხვრინვა, ძილის აპნოე და სხვა (თუმცა რთულია იმის თქმა, ეს უკანასკნელი ბრუქსიზმის მიზეზია თუ შედეგი).

სტომატოლოგიური პრობლემები

ბრუქსიზმი უფრო ხშირია უსწორმასწორო კბილების მქონე ბავშვებში. თუმცა არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის სათქმელად, რომ სტომატოლოგიური პრობლემები ბრუქსიზმის გამომწვევი მიზეზთაგანია. ბრუქსიზმი ასევე უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომლებიც  ძირითადად პირით სუნთქავენ. მეორადი მწეველობა ბავშვებში ბრუქსიზმის განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბრუქსიზმს ბავშვის ჯანმრთელობაზე?

ბრუქსიზმმა შეიძლება გაზარდოს შემდეგი მდგომარეობების განვითარების რისკი:
•    კბილების მოტეხილობები, კბილების და ღრძილების გაცვეთა, ცივი და ცხელი საკვების მიმართ პირის ღრუს მგრძნობელობის გაზრდა
•    ყბის სახსრის დაზიანება, ყბის და თავის ტკივილი
•    კვებითი დარღვევები
•    ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა
•    ძილის პრობლემები

ბრუქსიზმი,

ბრუქსიზმის მკურნალობა

ბრუქსიზმის მკურნალობის პროცესში მთავარი ფოკუსებია კბილების დაზიანების თავიდან აცილება და სხვა გვერდითი ეფექტების შემცირება, როგორიცაა ყბის სახსრის და თავის ტკივილი, ძილის ხარისხის გაუმჯობესება და სტრესის წყაროების აღმოფხვრა.
მკურნალობას უძღვება სტომატოლოგი ან პედიატრი.ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ძილის დროს კბილების დამცავის გამოყენება, რომელიც ერგება კბილების ზედაპირს და ამცირებს მათ შორის ხახუნს. ასევე უმნიშვნელოვანესია ბავშვის სტრესის დონის კონტროლი და მასთან გამკლავება.
ესაუბრეთ თქვენს შვილს იმის შესახებ, თუ რა ხდება მის ცხოვრებაში ისეთი, რაც მის დისტრესს იწვევს. საჭიროების შემთხვევაში კი დახმარებისთვის მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს. ყბებისა და კბილების ტკივილის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი ან ცხელი კომპრესები. წაახალისეთ ბავშვი, რომ დალიოს წყლი და მოერიდეთ საღეჭ რეზინას. დღის განმავლობაში სახის კუნთების მოდუნებაზე ორიენტირებული მასაჟის ან ვარჯიშების გაკეთებამ შეიძლება შეამციროს ღამის ბრუქსიზმი. 

ძილის ჰიგიენა და ძილის წინა რუტინა

ძილის ბრუქსიზმი მჭიდროდ არის დაკავშირებული ძილის ხარისხთან. 
თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ბავშვის ძილის ხარისხი საძინებელში მშვიდი გარემოს შექმნით, ძილის წინ შაქრის შემცველი საკვების და სასმელის მიღების და ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შეზღუდვით.
ძილისწინა რუტინის ჩამოყალიბება ასევე სასარგებლოა ჯანსაღი ძილისთვის და ეხმარება ბავშვს ძილის წინ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. 
შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი აქტივობები:
•    ძილის წინ ძუძუთი კვება
•    კბილების გახეხვა
•    თბილი აბაზანის მიღება
•    ჩახუტება
•    წიგნის წაკითხვა
•    სიმღერა ან მშვიდი მუსიკა

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

მიმართეთ სტომატოლოგს ან პედიატრს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აწუხებს ბრუქსიზმის სიმპტომები, როგორიცაა: პირის ღრუს მომატებული მგრძნობელობა, ყბების ტკივილი, დილით თავის ტკივილი, კბილების კრაჭუნის ხმები ძილის დროს.
ასევე რეკომენდებულია გაიაროთ კონსულტაცია ჯანდაცვის პროვაიდერთან, თუ თქვენს შვილს აქვს ძილის პრობლემები ან დღის განმავლობაში ავლენს ძილიანობის ნიშნებს.

წყარო:sleepfoundation