განშორების შფოთვა მოზარდებში

19-08-2021

რა არის განშორების შფოთვითი აშლილობა?

განშორების შფოთვითი აშლილობა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, რომლის დროსაც ბავშვი გადამეტებულად წუხს ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნის დროს. ბავშვს ეშინია, რომ ის დაიკარგება, ოჯახის წევრებს ვეღარ იპოვის ან რომელიმე წევრს უბედურება შეემთხვევა მისგან შორს ყოფნის დროს.
ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის ცოტაოდენი შფოთვა ნორმალურია. ეს ზრდის პროცესის თანმდევი ნაწილია. თითქმის ყველა ბავშვს აქვს რაღაც დოზის განშორების შფოთვა 18 თვიდან 3 წლის ასაკამდე, მაგრამ აშლილობის დიაგნოზი მძიმე სიმპტომებს გულისხმობს. ბავშვს განშორების შფოთვითი აშლილობის სიმპტომები მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში უნდა უნარჩუნდებოდეს იმისათვის, რომ დიაგნოზი დაესვას.

რა იწვევს განშორების შფოთვით აშლილობას ბავშვებში?

აშლილობის გამომწვევი მიზეზი ბიოლოგიური და გარემო ფაქტორების კომბინაციაა. ბავშვს შეიძლება შფოთვისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობით გადაეცეს. დიდი ვარაუდით, ამ მდგომარეობას თავის ტვინში 2 ნივთიერების, ნორადრენალინისა და სეროტონინის დისბალანსი იწვევს. შფოთვა და მასთან დაკავშირებული ქცევა შეიძლება დასწავლილი იქნას ოჯახს წევრებისგან ან პროვოცირებული ტრავმული გამოცდილებით.

რა არის განშორების შფოთვით აშლილობის განვითარების რისკ-ფაქტორები?

შფოთვითი აშლილობის ძირითადი რისკ-ფაქტორი ოჯახური ისტორიაა (ოჯახის წევრის ყოლა, რომელსაც რომელიმე შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი აქვს დასმული).

განშორების შფოთვა,

რა არის განშორების შფოთვითი აშლილობის სიმპტომები?

განშორების შფოთვითი აშლილობის პირველი ნიშნები მესამე ან მეოთხე კლასის ასაკისთვის ვლინდება. ხშირად აშლილობის დასაწყისი ზაფხულის არდადეგების დასრულებას ან ხანგრძლივი ავადმყოფობისგან გამოჯანმრთელებას ემთხვევა. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
•    მარტო დაძინებაზე უარის თქმა.
•    განმეორებითი კოშმარები განშორების თემით.
•    გადამეტებული წუხილი ოჯახისგან ან სახლიდან შორს ყოფნის დროს.
•    გადამეტებული წუხილი ოჯახის წევრის კეთილდღეობაზე.
•     წუხილი იმის შესახებ, რომ ის დაიკარგება და ოჯახი ვერ იპოვის.
•    სკოლაში წასვლაზე უარის თქმა.
•    გადამეტებული შიში მარტო ყოფნის დროს.
•    ხშირი მუცლის ან თავის ტკივილი, ან სხვა ფიზიკური ჩივილები.
•    კუნთების დაძაბულობა ან ტკივილი.
•    წუხილი საკუთარ კეთილდღეობაზე.
•    ყურადღების მოთხოვნა და მუდმივად მშობელთან ახლოს ყოფნის სურვილი სახლში ყოფნის დროსაც კი.
•    პანიკის შეტევა ან ძლიერი პროტესტის გამოხატვა მშობელთან განშორების დროს.

როგორ სვამენ განშორების შფოთვითი აშლილობის დიაგნოზს?

გახსოვდეთ, რომ ამ დიაგნოზის დასმა მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პროფესიონალს შეუძლია. დიგნოზის დასმისთვის სიმპტომები მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს.თუ თქვენს შვილს ფიზიკური ჩივილებიც აქვს, შეიძლება მას ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაციაც დასჭირდეს.

როგორ მკურნალობენ განშორების შფოთვის აშლილობას?

მკურნალობა დამოკიდებულია ბავშვის სიმპტომებზე, ასაკზე, მისი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე და, რაც მთავარია, აშლილობის სიმძიმეზე.
მკურნალობის შემადგენელი კომპონენტებია:
•    კოგნიტურ-ბიჰევიორული მკურნალობა: ამ დროს ბავშვი სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს შფოთვას და როგორ მოიქცეს მისთვის შფოთვის მომგვრელ სიტუაციებში.
•    მედიკამენტები: ანტიდეპრესანტები ან ანქსიოლიზური პრეპარატები შეიძლება იყოს სწორი არჩევანი თქვენი შვილისთვის.
•    ოჯახური თერაპია: მშობლების როლი უმნიშვნელოვანესია მკურნალობისთვის.
•    სკოლის ჩართულობა: ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის გეგმაში სკოლის ჩართვა.

რა უნდა გავაკეთოთ განშორების შფოთვითი აშლილობის პრევენციისთვის?

სამწუხაროდ, ექსპერტებმა ბევრი არაფერი იციან ამ მდგომარეობის ეფექტური პრევენციის შესახებ. თუმცა, ისინი თანხმდებიან, რომ ადრეული დიაგნოსტირება საუკეთესო საშუალებაა ეფექტური მკურნალობისთვის. მკურნალობის სწრაფად დაწყება ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ განვითარებას და ცხოვრების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.

როგორ დავეხმაროთ განშორების შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვს?

მშობელი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მკურნალობის პროცესში. თქვენ შეგიძლიათ:
•    დანიშნოთ ვიზიტი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან.
•    ღიად და მკაფიოდ გამოხატოთ მხარდაჭერა თქვენი შვილის მიმართ.
•    ხელი შეუწყოთ მის დამოუკიდებლობას.
•    წინასწარ განსაზღვროთ ის სიტუაციები, რომლებიც მისთვის სტრესულია  და  დაგეგმოთ, როგორ მოიქცევით ამ სიტუაციებში.
•    მისცეთ ინფორმაცია თქვენი შვილის სკოლის დირექტორს ან მასწავლებლებს მისი მდგომარეობის შესახებ.

რამდენიმე რჩევა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან კონსულტაციისთვის:

•    ვიზიტამდე მოიფიქრეთ და ჩამოწერეთ თქვენი შეკითხვები.
•    ჩაიწერეთ მოწოდებული ინფორმაცია დიაგნოზის, მედიკამენტების, მკურნალობის გეგმის ან გამოკვლევების შესახებ.
•    დაუსვით ექიმს შეკითხვები მედიკამენტების მოქმედების და გვერდითი ეფექტების შესახებ.
•    განიხილეთ მასთან მკურნალობის სხვადასხვა სტრატეგია.
•    გამოკითხეთ დანიშნული კვლევის ან სხვა პროცედურის დანიშნულების შესახებ.
•    ჩაიწერეთ შემდგომი ვიზიტის თარიღი, ადგილი და მიზანი.
•    ჩაიწერეთ თქვენი ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია და ჰკითხეთ მას, შეგეძლებათ თუ არა დაუკავშირდეთ არასამუშაო საათებში.

წყარო:stanfordchildrens.org