„რატომ ვფიქრობ ასე, რატომ ვარ ცუდად, ცუდი დედა ვარ?“ – ფსიქოლოგის ამომწურავი პასუხები მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე

20-03-2022

რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია და რა სიმპტომები აქვს მას?

ბავშვის დაბადება სასიხარულო, გასაოცარი და მშფოთვარე დროა. მაგრამ ქალებისთვის, რომლებიც პოსტსამშობიარო დეპრესიას განიცდიან, ეს საკმაოდ სტრესული პერიოდია. აღნიშნული პრობლემა ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდს მოიცავს, რადგან ბავშვის ყოლა უკვე მისი მუცლად ყოფნიდან იწყება. 

მშობიარობის შემდგომი დეპრესია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის თანახმად, სტატისტიკურად, 7-დან 1 ქალი განიცდის მშობიარობის შემდგომ დეპრესიას…ამ საკითხზე გვესაუბრება ანიმუსის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ელენე სიხარულიძე.

პოსტსამშობიარო დეპრესიაზე საკმარისად ბევრს არ ვსაუბრობთ. უფრო მეტიც, ქალებსაც არავინ აფრთხილებს ხოლმე შესაძლო მენტალური ცვლილებების შესახებ და, სამწუხაროდ, ინფორმაციის ნაკლებობა საკუთარი თავის დადანაშაულების მიზეზიც ხშირად ხდება: „სხვას ხომ არ ჰქონდა ასეთი განწყობა და ფიქრები… მე რატომ მაქვს? ცუდი დედა ვარ?“.აღნიშნულ პრობლემაზე დიდი გავლენა აქვს იმ რიგ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დედები იმყოფებიან — იქნება ეს ბიოლოგიური, ემოციური, ფინანსური თუ სოციალური ცვლილებებით გამოწვეული. 

ცხადია, მშობიარობის შემდგომი დეპრესია სერიოზული პრობლემაა, რომელიც დიდ დისკომფორტს უქმნის, როგორც უშუალოდ დედას, ისე ბავშვს და ირგვლივ მყოფებს. თუმცა, საბედნიეროდ, ეს მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება, რასაც, პირველ რიგში, სწორი და დროული დიაგნოსტიკა სჭირდება. 

პოსტსამშობიარო დეპრესიას ახასიათებს: 

•    მოწყენილი ყოფნა ან დეპრესიული განწყობა
•    სიამოვნების ნაკლებობა იმ აქტივობებში, რომლებიც მანამდე სასიამოვნო იყო 
•    მადის ცვლილება (როგორც ზრდა, ისე ნაკლებობა)
•    ძილის პრობლემა (ძილის ნაკლებობა ან ზედმეტი ძილიანობა)
•    ენერგიის ნაკლებობა ან მარტივად გადაღლა
•    უმიზნო აქტივობების ზრდა (უმოქმედოდ ჯდომა, ხელის უმიზნო მოძრაობები) შენელებული მოძრაობა 
•    უსარგებლობის ან დამნაშავედ ყოფნის განცდა
•    ყურადღების კონცენტრაციის ან გადაწყვეტილებების მიღების სირთულე
•    ფიქრები სიკვდილზე ან სუიციდზე
•    ტირილი „მიზეზის გარეშე“
•    ბავშვის მიმართ ინტერესის ნაკლებობა, მასთან ემოციური კავშირის ნაკლებობა, ან გადაჭარბებული შფოთვა ბავშვის გარშემო
•    ცუდ დედად ყოფნის განცდა
•    ბავშვის ან საკუთარი თავის მიმართ ზიანის მიყენების შიში

სიმპტომები ძალიან აშკარაა ორსულობის ან მშობიარობიდან 4 კვირის განმავლობაში. ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუ რამდენ ხანს გრძელდება პოსტსამშობიარო დეპრესია… ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, შეიძლება, რამდენიმე კვირიდან ერთ წლამდეც კი გაგრძელდეს. თუმცა, ძირითადად, მაინც 3-6 თვის ინტერვალს მოიცავს. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, მერამდენე ბავშვს აჩენს ქალი — მან, შესაძლოა, ნებისმიერი ორსულობის შემდეგ იჩინოს თავი. 

როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

•    ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ბევრი მათგანი 2 კვირაზე დიდხანს გაწუხებთ
•    თუ გაქვთ სუიციდური ფიქრები ან ბავშვისთვის ზიანის მიყენების შიში 
•    თქვენი დეპრესიული გრძნობები თანდათან უარესდება
•    თუ ყოველდღიურ საქმიანობებში ხელს გიშლით

არაერთი კვლევის თანახმად, სექსუალური ცხოვრების მკვეთრ ცვლილებას, სტრესული მოვლენების მატებასა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონეს დიდი გავლენა აქვს გუნება-განწყობაზე. ამან კი, შესაძლოა, პოსტსამშობიარო დეპრესია გამოიწვიოს. ასევე, ორსულობასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები, ძილის ნაკლებობა და ყოველდღიური ცხოვრების გადასხვაფერება მნიშვნელოვნად ზრდის დეპრესიის რისკს. 

უნდა გავითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, რომელთა შემთხვევაშიც პოსტსამშობიარო დეპრესიის განცდის უფრო დიდი შანსი არსებობს. მაგალითად, თუ მანამდეც გქონიათ დეპრესიის გამოცდილება, ან მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. მდგომარეობას ართულებს სტრესული მოვლენები და ახლო ადამიანებისგან მხარდაჭერის ვერმიღება. 

აღსანიშნავია, რომ პოსტსამშობიარო დეპრესია ახალბედა მამებსაც ეხებათ. ამ შემთხვევაში სიმპტომები მოიცავს დაღლილობას, ძილის და მადის ცვლილებას. ძირითადად, ეს იმ მამაკაცებს ემართებათ, რომელთაც სხვა მოვლენებთან დაკავშირებული დეპრესია ან ფინანსური პრობლემები განიცადეს. როგორც სხვა დეპრესიის ტიპების დროს, პოსტსამშობიარო დეპრესიის მართვა ფსიქოთერაპიით შეიძლება. ასევე, მედიკამენტებით, ცხოვრების სტილის შეცვლით და მხარდამჭერი გარემოს შექმნით ან ყველა აქ ჩამოთვლილის კომბინაციით. 

როგორ შეიძლება დავეხმაროთ ოჯახის წევრს ან მეგობარს?

გთავაზობთ Mom’s Mental Health Matters-ის ჯანმრთელობის ინიციატივას, როგორ დავეხმაროთ საყვარელ ადამიანს:

•    ვიცოდეთ ნიშნები — დეპრესიისა და შფოთვის. საჭიროების შემთხვევაში, დავითანხმოთ სპეციალისტთან ვიზიტზე
•    მოვუსმინოთ — გავანდოთ, რომ გვსურს მათი ფიქრების, შიშებისა და დარდის მოსმენა. მაგალითად, „როგორც შევნიშნე, ძილის სირთულე გაქვს… მაშინაც, როცა ბავშვს სძინავს. რა ხდება შენს გონებაში?“
•    მხარი დავუჭიროთ — იცოდეს, რომ მარტო არ არის და თქვენ მის გვერდით ხართ, რათა დაეხმაროთ. დახმარება შესთავაზეთ სახლის საქმეებში, ბავშვზე ზრუნვაში ან ნებისმიერ სხვა აქტივობაში.
•    წაახალისეთ იგი საჭიროების შემთხვევაში... შესაძლოა, მან თავი უხერხულად იგრძნოს და არ სურდეს დახმარების ძებნა. წაახალისეთ იგი, ესაუბროს სპეციალისტს. გააზიარეთ ინფორმაცია მშობიარობის შემდგომი მდგომარეობის შესახებ.