მთავარი » ლაქტაცია » უსაფრთხოა თუ არა ორსულობისას ძუძუთი კვება?

უსაფრთხოა თუ არა ორსულობისას ძუძუთი კვება?

მას შემდეგ რაც შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ, არ არის აუცილებელი, უფროსი შვილის ძუძუთი კვება შეწყვიტოთ. ბევრი დედა ძუძუთი კვებას მთელი ორსულობის განმავლობაში აგრძელებს. ხოლო თუ ერთდროულად ახალშობილსა და უფროს შვილს კვებავთ ძუძუთი, ამას ტანდემური კვება ეწოდება.

უსაფრთხოა ორსულობისას ძუძუთი კვება?

თქვენ შეიძლება წუხდეთ ნაყოფის ჯანმრთელობის შესახებ. სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ნორმალური ორსულობის განმავლობაში ძუძუთი კვება არ ვნებს ნაყოფს და ის მაინც საკმარისი რაოდენობით საკვებს ნივთიერებებს იღებს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დედები წუხან არის ის, რომ ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ძუძუთი კვების პროცესში გამოიყოფა, შეიძლება ნაადრევი მშობიარობის მაპროვოცირებელი გახდეს. თუმცა, არ არსებობს კავშირი თვითნებურ აბორტსა და ორსულობისას ძუძუთი კვებას შორის, როცა ორსულობა ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს. ორსულობის განმავლობაში საშვილოსნო ოქსიტოცინზე არ რეაგირებს და მისი მგრძნობელობა ამ ჰორმონის მიმართ მხოლოდ მშობიარობის დაწყებისას იზრდება.

ორსულობის დროს განვითარებული ცვლილებები

ორსულობისას ძუძუს თავები შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეს. ამ შემთხვევაში ძუძუთი კვებისას ბავშვის პოზიციის სწორად შერჩევა დაგეხმარებათ. ასევე, სუნთქვითი ტექნიკებიც. თუ თქვენი შვილი საკმარისად დიდია შეგიძლიათ სთხოვოთ მას უფრო ნაზად ან უფრო ნაკლები დროით წოვოს ძუძუ. ორსულობისას დასვენებისთვის უფრო მეტი დრო გჭირდებათ. მწოლიარე პოზიციაში ძუძუთი კვება შეიძლება დაგეხმაროთ დასვენებაში. თუ ოთახი ბავშვისთვის უსაფრთხოდაა მოწყობილი შეგიძლიათ თქვენ გაგრძელოთ დასვენება სანამ ბავშვი სხვა აქტივობებით დაკავდება.

რძის მარაგი და ხსენი

ქალები, რომლებიც ორსულობის დროს ძუძუთი კვებას განაგრძობენ, ამჩნევენ, რომ მათი რძის მაგარი მეოთხე ან მეხუთე თვეზე იკლებს (ზოგჯერ უფრო ადრეც). რძის შემადგენლობაც იცვლება. ამ ცვლილებებს ჰორმონული ძვრები იწვევს, რომელიც ორსულობის დროს ნორმალურია. თქვენ შეამჩნევთ, რომ ორსულობისას ძუძუთი კვების გახშირება ან რძის გამოწველა არ გაზრდის რძის მარაგს ისე მარტივად, როგორც ორსულობამდე. თუ თქვენი უფროსი შვილი ჯერ ერთ წლის არ გამხდარა, რეგულარულად აკონტროლეთ მისი წონის ნამატი, რათა დარწმუნდეთ, რომ ის საკმარის საკვებს იღებს. ასევე მოსალოდნელია რომ რძის გემოც შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ზოგი ბავშვი აიშვიათებს ან სრულიად წყვეტს ძუძუთი კვებას. უფროსი შვილი ნაყოფისთვის გამომუშავებულ ხსენის მარაგს ვერ გამოლევს, რამდენად ხშირადაც არ უნდა მიიღოს დედის რძე. დარწმუნებული იყავით, რომ ახალშობილის დაბადებისას ხსენის საკმარისი რაოდენობა გამომუშავდება და იქნება მისთვის ხელმისაწვდომი.
ზოგი დედა გამოთქვამს წუხილს, რომ მისი მოზრდილი შვილი შეიძლება მის ახალშობილს ართმევდეს რძის მარაგს. სინამდვილეში, სარძევე ჯირკვალს შეუძლია, ისეთი და იმ რაოდენობის რძე გამოიმუშავოს რა მოთხოვნაც ექნება წაყენებული. თუ საჭიროა, რომ ორი ბავშვისთვის საკმარისი რძის პროდუქცია მოხდეს, დედის ორგანიზმი, როგორც წესი, ამ მოთხოვნას უპრობლემოდ ასრულებს. ასევე, მოზრდილი ბავშვები უფრო იშვიათად იკვებებიან ძუძუთი და უმეტეს კალორიებს სხვა საკვებისგან იღებენ.

როდესაც ორ ბავშვს კვებავთ ძუძუთი 

თუ ორსულობის დროს თქვენს ორგანიზმში მომძლავრებული ჰორმონები არ გიშლით ხელს, ძუძუთი კვების გაგრძელება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისთვის, რომ თქვენს უფროს შვილთან ემოციური კავშირი შეინარჩუნოთ.

ორსულობის პერიოდში ძუძუთი კვებისას მოსალოდნელია წარმოიშვას პრობლემები. არ უნდა გამოგრჩეთ შემდეგი წითელი ალმები:
• ძუძუთი კვებისას გიჭირთ ბავშვზე კონცენტრირება;
• ღიზიანდებით, როცა ბავშვი ძუძუთი კვებას გთხოვთ;
• თავს გამოუვალ მდგომარეობაში გრძნობთ;
• ბავშვს ხშირად უბრაზდებით ძუძუთი კვების დროს;
• ისე იღლებით ხოლმე, რომ ხშირად ფიქრობთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება;

თუ ამ ნიშნებს შეამჩნევთ სერიოზულად დაფიქრდით ღირს თუ არა ძუძუთი კვების გაგრძელება. თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ სირთულეების მიუხედავად, გააგრძელებთ ძუძუთი კვებას, ეს არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება იქნება და ამის შემდეგ სირთულეების მიმართაც უფრო პოზიტიურად იქნებით განწყობილი. უნდა დააწესოთ საზღვარი, რათა თქვენი თავი და ორგანიზმი დაიცვათ ძუძუთი კვების პროცესში. დედობის ძალიან დიდი ნაწილი საკუთარი თავის მოვლაზე გადის.

საზღვრების დაწესება ხანგრძლივ პერსპექტივაში სასიკეთო შედეგებს მოგიტანთ. ერთ ჯერზე თქვენი შვილისთვის ძუძუთი კვებაზე უარის თქმა საფუძველს უქმნის მომავალში ამ პროცესში სილაღის და კმაყოფილების შემოტანას, როცა უკვე მზად იქნებით. გახსოვდეთ, რომ მეტი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს. თუ ძუძუთი კვების პროცესს ბავშვის დასამშვიდებლად იყენებთ, ამ დროს თქვენი ემოციური ჩართულობის ხარისხი მაღალი უნდა იყოს. თქვენ მიერ პირადი საზღვრების დაწესება არგებს თქვენს ურთიერთობას, რადგან ბავშვის მიმართ ფარული აგრესია არ წარმოგექმნებათ. მნიშვნელოვანია შვილს აჩვენოთ, რომ თქვენი საჭიროებებიც მნიშვნელოვანია. ამ გზით ის ისწავლის სხვებზე ზრუნვას.

ბავშვს ამ პროცესში შეუძლია ისწავლოს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ზუსტად ისე არ ხდება, როგორც მას სურს. მნიშვნელოვანია ორივე მხრიდან გაკეთდეს კომპრომისი. რამდენიმე მცდელობის შემდეგ იპოვით ორივესთვის ოპტიმალურ დროს ძუძუთი კვებისთვის. ბავშვის მოწიფულობის დონიდან გამომდინარე შეეცადეთ ისიც ჩართოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბავშვები ზოგჯერ გვაოცებენ თავიანთი ჭკუითა და ინოვაციური მიდგომებით. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეაქოთ ბავშვი, როცა ის თქვენს საჭიროებებს მიიღებს მხედველობაში. სწორი ქმედებებით შეგიძლიათ დედასა და ბავშვს შორის არსებული ეს უნიკალური ურთიერთობა შეინარჩუნოთ, რაც მომავალშიც უზრუნველყოფს თქვენი კავშირის სიძლიერეს.

წყარო: www.llli.org

რა გავლენას ახდენს დედის ფიქრები ნაყოფზე?

როგორ და როდის წარმოიქმნება დედის რძე

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ბოთლით კვებას

როგორ მიხვდეთ, რომ ორსულად ხართ? ორსულობის ადრეული ნიშნები