მშობიარობის  შემდგომი დეპრესია: სიმპტომები, მიზეზები,  მკურნალობა

03-03-2022

რას ნიშნავს მშობიარობის შემდგომი დეპრესია?

ბევრ მომავალ დედას წარმოუდგენია, რომ მშობიარობის შემდეგ თავს უსაზღვროდ ბედნიერად იგრძნობენ, თითქოს ეს ბუნებრივიც არის, თუმცა ყოველთვის ასე როდი ხდება. არის შემთხვევები, როდესაც ახალბედა დედა თავს ძალიან დათრგუნულად და უბედურად გრძნობს. როგორც წესი, მათ ეშინიათ ყველაფრის, რაც ახალშობილთან არის დაკავშირებული, არ არიან დარწმუნებული საკუთარ თავში და თავს უბედურად გრძნობენ. ეს შეგრძნებები მშობიარობის შემდგომ დეპრესიის ნიშნებად  შეიძლება ჩაითვალოს. 

თუმცა, გვინდა დავამშვიდოთ ქალბატონები და ვუთხრათ, რომ აღნიშნული სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია. თუ მსგავსი რამ შენიშნეთ, გირჩევთ, დიდხანს ნუ დააყოვნებთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.  რაც მალე შეძლებთ მოსწყენი და ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებას, მით სწრაფად იგრძნობთ შვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ნეგატიური აზრები და ფიქრები შესაძლოა იმდენად შემაწუხებელი იყოს, რომ დედა ჩვილ ბავშვს უბრალოდ ვერ გაუმკლავდეს. 

პოსტსამშობიარო დეპრესია, დეპრესია,

დეპრესიის ნიშნები, როგორც წესი, მშობიარობიდან 2-3 კვირის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს, თუმცა ხდება ისეც, რომ დეპრესია ორსულობის პერიოდიდან იწყება. 
დეპრესიისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მერამდენედ მშობიარობს ქალი, ის შეიძლება დაფიქსირდეს ნებისმიერ დროს. ოჯახის ახალი წევრის გაჩენის შემდეგ პასუხისმგებლობის გრძნობამ და სიახლეებმა შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დაძაბოს, თუმცა გადამატებული შფოთი შეიძლება სწორედ დეპრესიის ნიშანი იყოს. 
მშობიარობის შემდგომი დეპრესია სისუსტე როდია, ის გართულებული მშობიარობის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნული მდგომარეობა ხელს უშლის ახალბედა დედას, ჰქონდეს სრულფასოვანი ცხოვრება და დატკბეს ახალშობილთან ურთიერთობით. 

თუ მშობიარობის შემდეგ საკუთარ თავს ან ახლობელ ადამიანს შეატყვეთ:
•    სასოწარკვეთა
•    შფოთვა
•    დათრგუნვა
•    ხასიათის მკვეთრი ცვლილება
•    გაღიზიანება და სიბრაზე
•    ხშირად ტირილი
•    შიში იმისა, რომ ცუდი დედა ხართ
•    მადის დაქვეითება ან პირიქით, მომატება
•    უძილობა ან პირიქით, მომატებული ძილიანობა
•    დაღლილობის შეგრძნება და ენერგიის არქონა
•    ყოველდღიურ საქმიანობასთან გამკლავების სირთულე
•    ახლობლების იგნორი
•    ინტერესის დაკარგვა ყველაფრის მიმართ
•    პანიკური შეტევები
•    ტკივილის შეგრძნება მთელს სხეულში
•    საკუარი თავისთვის რაიმე ზიანის მიყენების სურვილი
•    ფიქრი სუიციდზეც კი
გაფრთხილებთ, აუცილებელია, რომ დიაგნოზი დასვას სპეციალისტმა და არა თქვენ ან ვინმე ახლობელმა. თუ სიმპტომები ორ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 

მაინც, რა იწვევს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას?

•    პირველ რიგში ჰორმონალური ცვლილებები, ესტროგენისა და პროგესტერონის მკვეთრი ვარდნა. ეს ძალიან მოქმედებს ხასიათის ცვალებადობაზე. 
•    უძილობა, რაც თან ახლავს ახალშობილის ოჯახში გამოჩენას და მასზე ზრუნვას. 
•    ემოციები.
•    ბავშვის გაჩენა ძალიან დიდი გარდატეხაა ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში, რასაც თან ახლავს ემოციური ფონი.

ხშირად მშობიარობის შემდგომი დეპრესია მშობიარობის შემდგომ ფსიქოზში ერევათ ხოლმე, თუმცა ეს ერთი და იგივე როდია, ფსიქოზი ბევრად მკვეთრად გამოხატული ფორმაა, რომელსაც თან ახლავს ჰალუცინაციები,  ფსიქოზი ძალიან იშვიათად გვხვდება და  არსებობის შემთხვევაში საჭიროებს გადაუდებელ, სერიოზულ მკურნალობას. 

თუ შენიშნეთ, რომ შესაძლოა მშობიარობის შემდგომი დეპრესია გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. მკურნალობა შესაძლებელია იყოს მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპიული. 
თავად კი ეცადეთ მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ბევრი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან ერთად, გაითვალისწინოთ ექიმის ყველა რეკომენდაცია. 

ასევე დაგაინტერესებთ: