მშობიარობის შემდეგი 6 თვე, რომელიც ცნობილია, როგორც მშობიარობის შემდგომი პერიოდი, საკმაოდ ინტენსიურია და ამ დროსაც თქვენ მოვლა და მხარდაჭერა გჭირდებათ. ამ პერიოდში ორგანიზმი ბევრ ცვლილებას განიცდის: იცვლება ჰორმონების დონე, აღინიშნება გუნებ-განწყობის არასტაბილურობა. ამას ემატება ძუძუთი კვების სირთულეები, ძილის ნაკლებობა და დედობასთან შეგუების პროცესი. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პერიოდი საკმაოდ ემოციური და ცვალებადია, განსაკუთრებით იმ დედებისთვის, რომლებმაც პირველი შვილი გააჩინეს. გარშემომყოფები თქვენგან დიდ სიხარულს და ბედნიერების განცდას ელიან, როგორ შეიძლება დედა ცუდ განწყობაზე იყოს, მან ხომ ახლახან მოავლინა ქვეყანას მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ნუ აჰყვებით და ნუ მიაქცებთ ყურადღებას მათ, ვისაც არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია მშობიარობის შემდეგი, რთული პერიოდის შესახებ, ისიც გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრში ჩადგება.
რეაბილიტაციის მიმდინარეობა მშობიარობის სირთულესა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. ჩვენ გამოვყავით ის ნიშანსვეტები, რომელთა გავლაც ამ პერიოდში მოგიწევთ და მოგიყვებით, თუ რას უნდა ელოდოთ მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში.
ფიზიკური მდგომარეობა ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ
მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში გქონდეთ საშოს მტკივნეულობა. ტკივილის სიძლიერე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დაზიანდა საშოს კედელები მშობიარობისას.
შორისის ტკივილი და სისხლიანი გამონადენიც ნორმალურია. საშოს გამონადენი პირველ კვირაში თავდაპირველად ღია წითელი ფერისაა, ხოლო შემდეგ ყავისფერ შეფერილობას იღებს.
ასევე მოსალოდნელია იგრძნოთ საშვილოსნოს შეკუმშვები, განსაკურებით, ძუძუთი კვების დრო. ამის მიზეზი ისაა, რომ საშვილოსნო ცდილობს ორსულობის წინა მდგომარეობას დაუბრუნდეს.
ფიზიკური მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ
საკეისრო კვეთის შემდეგ გადაადგილება შეზღუდული გექნებათ და განაკვეთი მტკივნეული შეიძლება იყოს. უმეტესად, ქალებს საწოლიდან წამოდგომა და დაწოლა უჭირთ, თუმცა ამ დროს საჭიროა იმოძრაოთ, ცოტათი მაინც.
ფსიქოლოგიური მდგომარეობა
მშობიარობიდან მესამე დღე ცნობილია, როგორც ემოციურად ყველაზე რთული დღე. ამ დროს სისხლში ესტროგენის და პროგესტერონის დონე შემცირებულია, ხოლო პროლაქტინის დონე დღის განმავლობაში მუდმივად ცვალებადობს ძუძუთი კვებასთან ერთად. ამ ყველაფერს ემატება უძილობა. შედეგად შეიძლება თავი ძალიან დათრგუნულად იგრძნოთ, თითქოს ყველაფერი ცუდად მიდის.
რეკომენდაციები რეაბილიტაციის პროცესის გასაუმჯობესებლად:
• ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ დაიდეთ ყინულის კომპრესი მტკივნეულ შორისზე.
• ტკივილის გამწვავებამდე მიიღეთ ტკივილგამაყუჩებლები.
• დალიეთ ბევრი წყალი.
• საკეისრო კვეთის შემდეგ თქვენი მთავარი ამოცანაა შეინარჩუნოთ ჭრილობის სისუფთავე და სიმშრალე. შხაპის შემდეგ გაიშრეთ ის ჰაერზე, ნაზად დაადეთ პირსახოცი გასაშრობად
• მშობიარობის შემდეგ 72 საათის განმავლობაში გაიზომეთ ტემპერატურა დღეში 2-4-ჯერ, რათა სწრაფად აღმოაჩინოთ საშვილოსნოს ან თირკმლის ინფექცია.
წყარო: healthline.com