პოსტსამშობიარო დეპრესია - მეც ვიცი, რას გრძნობ ახლა შენ

07-07-2021

პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმით, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გაივლის, შენ დაუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს და დაიწყებ საგნებისა თუ მოვლენების იმ ბედნიერებით განცდას, როგორც იქამდე. პოსტსამშობიარო დეპრესია არ არის მარტივი მოცემულობა, ამ დროს ძალიან დიდი როლი აქვს იმ მიკრო სოციუმს, რომელშიც ვცხოვრობთ, იმ კომფორტს, რომელსაც გარშემო მყოფები გვიქმნიან, იმ თანაგრძნობას, რომელსაც ჩვენს მიმართ გამოხატავენ. მიეცი დრო საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს და ტვინს, მიეცი ძალა, რომ ყველაფერი თავის ადგილას დაალაგოს, და თუ ამას მარტო ვერ ახერხებ, აუცილებლად მიმართე კარგ ფსიქოთერაპევტს. ამ დროს ასევე კარგია მეგობართან, მეუღლესთან გულახდილი საუბრები, კვლევები ადასტურებს, რომ ოჯახთან გულწრფელი საუბარი და მათგან ემპათიის მიღება ერთი ორად ამცირებს შინაგან შფოთვას, ამიტომ პირველ რიგში ილაპარაკე! და იცოდე, ეს აუცილებლად დასრულდება! სულ არ ჩარჩები ამ მოცემულობაში და დამიჯერე, მეც ზუსტად ვიცი, ახლა რას გრძნობ.

ეცადე, არ მოსთხოვო საკუთარ თავს გახდე პერფექციონისტი დედა, იყო იდეალური და სამაგალითო, უბრალოდ გულწრფელი იყავი საკუთარ თავთან და სამყაროსთან. ამ ყველაფრის მიზეზი შენს ორგანიზმში მომხდარი „გადატრიალებებია“, რომელიც თავდაყირა აყენებს ყველა ჰორმონს. ყველაფერი თავის ადგილას უნდა დალაგდეს, ნელ-ნელა დრო ყველაფერს უკეთესობისკენ წაიყვანს, შენი პატარაც გაიზრდება და მიხვდები, რომ ყველაზე რთული ეტაპი უკან ჩამოიტოვე. ხშირად ჩაიხედე სარკეში და თქვი, რომ გიყვარს საკუთარი თავი, რომ ყველაფერს შეძლებ და რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გაივლის.

შენ არ მიცნობ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ მეც ვიყავი ახალბედა დედა, შფოთვით და დაბნეული გამომეტყველებით, გაუჟღერებელი პოსტ-სამშობიარო დეპრესიით და შიშით - მაქვს თუ არა ამის უფლება?! ვარ თუ არა საკმარისად კარგი?! ვიმსახურებ თუ არა დედის სტატუსს?! ეს ყველაფერი ჩემს შემთხვევაში სამი თვე გაგრძელდა, სამი თვის შემდეგ კი, როცა საკუთარ თავს ვკითხე, გაგრძელებას ვირჩევდი თუ დასრულებას, დასრულება ავირჩიე, და აქ დასრულდა ძალიან დიდი შავი გვირაბი ჩემს ცხოვრებაში, უკან მოვიტოვე ყველა აბეზარი შიში და პანიკური შეტევა, მუდმივი დაღლილობის და დაუცველობის განცდა. მეც ვიცი ახლა რას გრძნობ, რადგან მეც იგივეს ვგრძნობდი, ნუ გეშინია, შენ ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც უნდა იყო და ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება! ამასაც გაივლი და დატკბები იმ ბედნიერებით, რასაც დედობა ჰქვია.