ქოთნის გამოყენების სწავლა ბავშვისთვის დიდი ნაბიჯია და მას დრო და მოთმინება სჭირდება. ტუალეტის ტრენინგი შესაძლებელი ხდება იმ დროიდან, როცა ბავშვი უკვე ახერხებს შარდის ბუშტის და ნაწლავების მოქმედების ცნობიერად კონტროლს. თავდაპირველად, პატარები მხოლოდ დღისით ახერხებენ სიმშრალის შენარჩუნებას, ხოლო, ღამით სიმშრალის შესანარჩუნებლად, როგორც წესი, 1-2 წლით უფრო მეტი ხანია საჭირო.
გახსოვდეთ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ აიძულოთ თქვენს შვილს გამოიყენოს ქოთანი. თუ ბავშვი მზად არ არის, ტრენინგი წარუმატებელი იქნება.
ქოთნის ტრენინგის დასაწყებად რეკომენდებულია აირჩიოთ ისეთი დრო, როდესაც ოჯახის რუტინაში დიდ ცვლილებებს არ მოელით, რადგან თანმიმდევრულობა ამ პროცესში გადამწყვეტია. ბევრ მშობელს უადვილდება ტრენინგის ზაფხულში დაწყება, როცა ბავშვს ნაკლები ტანსაცმლი აცვია, შესაბამისად გასარეცხიც ნაკლებია და სველი ტანსაცმელიც უფრო სწრაფადაც შრება.
არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ბავშვი მზად არის ქოთნის ტრენინგის დასაწყებად:
• ის ხვდება, როდის უსველდება საფენი
• ის წინასწარ აფიქსირებს მოშარდვის სურვილს და გატყობინებთ ამის შესახებ
• საფენის დასველებებს შორის ინტერვალი მინიმუმ ერთი საათია
• იმას, რომ სჭირდება მოშარდვა, ნერვიულობით განიშნებთ ან სადმე, დამალულ ადგილას განმარტოებით
ქოთნის ტრენინგი განსაკუთრებით სწრაფად და წარმატებულად ჩაივლის იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა სახეზეა.
ბავშისთვის ქოთნის გამოყენების იდეასთან შეჩვევას, როგორც წესი, დრო სჭირდება.
ესაუბრეთ ბავშვს საფენის გამოცვლისას და აუხსენით, რას აკეთებთ და რისთვის არის საჭირო ქოთანი.
თუ შეძლებთ, ყოველთვის გამოუცვალეთ ბავშვს საფენი საპირფარეშოში, რათა მან გაითავისოს, რომ ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები დადიან, როცა მოშარდვა სჭირდებათ. დადგით ქოთანი იქ, სადაც თქვენი შვილი მას ყოველთვის დაინახავს და აუხსენით მისი დანიშნულება.
ბავშვები დაკვირვებითა და მიბაძვით სწავლობენ. თუ თქვენ გყავთ უფროსი შვილი, უმცროსმა დედმამიშვილმა მასზე დაკვირვებით და მიბაძვით შეიძლება ბევრად უფრო ადვილად აითვისოს ქოთნის გამოყენება.
• დადგით ქოთანი საპირფარეშოში, რათა ქოთანზე ჯდომა ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს.
• წაახალისეთ ბავშვი, ჭამის შემდეგ ქოთანზე დაჯდეს, რადგან საკვების მონელების პროცესი ხშირად მოშარდვის სურვილს ასტიმულირებს. წიგნის ან სათამაშოების თან ქონა ბავშვს ქოთანზე მშვიდად დაჯდომაში დაეხმარება.
• თუ ბავშვი ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს ასველებს საფენს, გამოიყენეთ ეს დროს საფენის გარეშე ყოფნისთვის და შესთავაზეთ მას ქოთნის გამოყენება.
• როგორც კი დაინახავთ, რომ ბავშვმა იცის, როდის აპირებს მოშარდვას, წაახალისეთ, გამოიყენოს ქოთანი.
ყოველი “უბედური” შემთხვევის დროს შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ ატეხოთ აურზაური - ეს შეამცირებს ბავშვის შფოთვას და უფრო სავარაუდოს გახდის შემდეგ ჯერზე წარმატების მიღწევას.
ჩააცვით ბავშვს ადვილად გამოსაცვლელი ტანსაცმელი, მოერიდეთ კოლგოტებს და ტანსაცმელს, რომელსაც აქვს ელვაშესაკრავი ან ბევრი ღილი.
თქვენი შვილი აღფრთოვანებული იქნება, როდესაც წარმატებას მიაღწევს და თქვენგან მცირედი ქებაც კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისთვის.
თავდაპირებლად უმჯობესია ფოკუსირდეთ ქოთნის ტრენინგზე დღის განმავლობაში. ამ პროცესის ღამეზე განვრცობის დროა იმ შეთხვევაში, თუ ბავშვი ზედიზედ რამდენიმე დილა იღვიძებს მშრალი ან ოდნავ ნესტიანი საფენით.
სთხოვეთ პატარას, გამოიყენოს ქოთანი ძილის წინ და დარწმუნდით, რომ ღამით მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ტოვებთ ქოთანს.
ამ პროცესის განმავლობაში კარგი იდეაა ბავშვის საწოლზე ლეიბის დასაცავად წყალგაუმტარი ზედაპირის გადაფარება.
გახსოვდეთ, რომ მთელი ტრენინგი განმავლობაში უმნიშვნელოვანესია მოთმინება, თანმიმდევრულობა, შექება და წახალისება.
წარო: nhs.uk
ასევე დაგაინტერესებთ: