როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ღამის ქოთანს?

19-10-2021

ქოთნის ტრენინგი დიდი ნაბიჯია თქვენი შვილის ცხოვრებაში. რა არის ამ პროცესში წარმატების საიდუმლო? - სწორი დროის შერჩევა და მოთმინება.
სწორი დროის შერჩევა
ქოთნის ჩვევების გამომუშავება უფრო მეტად ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ და ქცევით განვითარებაზეა დამოკიდებული, ვიდრე მის ასაკზე. ბავშვების უმეტესობა ქოთნის ტრენინგისთვის მზად 18-24 თვის ასაკიდანაა. თუმცა, შეიძლება სხვა ბავშვებისთვის ეს დრო 3 წლის ასაკამდე არ დადგეს. არ არის აუცილებელი ეს პროცესი დააჩქაროთ. თუ ნაადრევად დაიწყებთ ტრენინგს, შეიძლება ის უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

მზად არის თქვენი შვილი? თავად განსაზღვრეთ:
• შეუძლია მას სიარული და ჯდომა?
• შეუძლია შარვლის დამოუკიდებლად ჩაწევა და ამოწევა?
• შეუძლია თქვენს შვილს, შეინარჩუნოს სიმშრალე 2 საათის განმავლობაში?
• შეუძლია მას გაიგოს და მიჰყვეს მარტივ მითითებებს?
• შეუძლია გაგაგებინოთ, როდესაც ტუალეტში მოუნდება?
• აინტერესებულია ტუალეტის გამოყენებით ან „დიდი ბავშვების“ საცვლის ჩაცმით?

თუ ამ კითხვების უმეტესობაზე დადებითი პასუხი გაეცით, თქვენი შვილი შეიძლება მზად იყოს. თუ უარყოფითი პასუხები უფრო მრავლადაა, შეიძლება სჯობდეს მოიცადოთ - განსაკუთრებით, თუ ბავშვი უახლოეს მომავალში დიდ ცვლილებას უნდა შეეჭიდოს, მაგალითად, როგორიცაა, სახლის შეცვლა ან ახალი დედმამიშვილის შეძენა.
თქვენი მზადყოფნაც მნიშვნელოვანია. სანამ ქოთნის ტრენინგის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებთ, სჯობს უფრო მეტი ყურადღება თქვენი შვილის მოტივაციას მიაქციოთ და არა თქვენს სურვილს. ეცადეთ ტუალეტის ტრენინგის წარმატება ან წარუმატებლობა მის გონებრივ შესაძლებლობებს ან სიჯიუტეს არ მიაწეროთ. ასევე, გახსოვდეთ, რომ შემთხვევები და მცირე მარცხები გარდაუვალია და ამ პროცესში დასჯა არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული. ტუალეტის ტრენინგი დაგეგმეთ იმ დროისთვის, როცა თქვენ ან ბავშვის სხვა მომვლელს საკმარისი დრო გექნებათ და იყავით თანმიმდევრული ამ პროცესში.

მოემზადეთ და დაიწყეთ
როდესაც ტუალეტის ტრენინგს დაიწყებთ:
•ფრთხილად შეარჩიეთ სიტყვები. შეარჩიეთ სიტყვები, რომლებსაც თქვენი შვილის ბიოლოგიური სითხეების აღსანიშნავად გამოიყენებთ. თავი აარიდეთ ნეგატიური შინაარსის მქონე სიტყვებს, როგორებიცაა ბინძური ან მყრალი.
•მოამზადეთ საჭირო მოწყობილობები. შეიძინეთ ღამის ქოთანი და დადგით ის საპირფარეშოში ან, თავდაპირველად, იმ ოთახში, რომელშიც ბავშვი ყველაზე მეტ დროს ატარებს. თავიდან დასვით ის ღამის ქოთანზე ჩაცმული და დაადებინეთ ფეხები იატაკზე. გამოიყენეთ მარტივი, პოზიტიური ტერმინები ტუალეტზე საუბრისას. შეგიძლიათ გამოცვლილი საფენის შიგთავსი ღამის ქოთანში მოათავსოთ იმისთვის, რომ აჩვენოთ ბავშვს ქოთნის დანიშნულება.
•დაგეგმეთ ქოთნის დრო. დასვით ბავშვი ქოთანზე ან უნიტაზზე საფენის გარეშე რამდენიმე წუთით, 2-საათიანი ინტერვალებით, ასევე დილით ადგომისთანავე და დღისით ძილის შემდეგაც. ბიჭებისთვის უმჯობესია, მოშარდვა თავიდან მჯდომარე პოზიციაში ისწავლონ. ქოთანზე ჯდომის პერიოდში არ მიატოვოთ ბავშვი, დარჩით მასთან და წაიკითხეთ ერთად წიგნი ან ითამაშეთ. ნება მიეცით მას, ადგეს, როცა მოუნდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი მხოლოდ იჯდება ქოთანზე, შეაქეთ წარმატებული მცდელობისთვის და უთხარით, რომ შემდეგ ჯერზე შეუძლია ისევ სცადოს.
•სწრაფად გაჩნდით იქ. როდესაც შეამჩნევთ, რომ ბავშვს ტუალეტში უნდა, რეაგირება სწრაფად უნდა მოახდინოთ. დაეხმარეთ მას თავად ამოიცნოს ეს სიგნალები და ასწავლეთ, რომ ამ დროს უნდა შეწყვიტოს რასაც აკეთებს და საპირფარეშოსკენ გაეშუროს. შეაქეთ, როცა გეტყვით, რომ საპირფარეშოში გასვლა უნდა. ჩააცვით ტანზე ნაკლებად მომდგარი, თავისუფალი ტანისამოსი.
•უარი თქვით საფენებზე. ქოთნის რამდენიმეჯერ წარმატებულად გამოყენების და სიმშრალის მთელი დღით შენარჩუნების შემდეგ თქვენი შვილი უკვე მზად არის, საფენის მაგივრად საცვალი ატაროს. თუ ბავშვი სიმშრალის შენარჩუნებას მაინც ვერ მოახერხებს, შეგიძლიათ საფენები ხმარებაში დააბრუნოთ. გამოიყენეთ სტიკერების ან ვარსკვლავების ცხრილი წახალისებისთვის.
 
თუ ტუალეტის ტრენინგი რამდენიმე კვირა წარუმატებლად მიმდინარეობს, შეისვენეთ. შეიძლება, თქვენი შვილი ამისთვის ჯერ მზად არ არის. ტუალეტის ტრენინგის ნაადრევად და ნაძალადევად დაწყება დაღლილობას და იმედგაცრუებას იწვევს. შეგიძლიათ რამდენიმე თვეში ისევ სცადოთ.

შემთხვევები გარდაუვალია
•    შეინარჩუნეთ სიმშვიდე. არ დატუქსოთ, არ ეჩხუბოთ და არ შეარცხვინოთ ბავშვი. თქვენ შეიძლება მას უთხრათ: „ამჯერად დაგავიწყდა, მაგრამ მომავალში უფრო მალე მიხვალ საპირფარეშოში“.
•    მომზადებული იყავით. ყოველთვის თან გქონდეთ გამოსაცვლელი საცვალი და სამოსი, განსაკუთრებით ბავშვის სკოლაში და ბაღში გაშვებისას.

წყარო: mayoclinic.org