ტანტრუმი - რა იწვევს მას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი

29-11-2021

რა არის ბავშვის ტანტრუმი?

ბავშვების ისტერიკა, ანუ ტანტრუმი შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოიხატებოდეს. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ბრაზის უეცარი შეტევები, უკიდურესი იმედგაცრუება და ქცევის დარღვევები.
ამ დრო ის შეიძლება ტიროდეს, ყვიროდეს, ფეხებს აბაკუნებდეს ან აქნევდეს, დარბოდეს, კიდურები ჰქონდეს დაჭიმული, წელი - შედრეკილი, ან ჰქონდეს ქაოსური მოძრაობები. ზოგ შემთხვევაში ტანტრუმის დროს ბავშვები სუნთქვას იკავებენ, აქვთ გულისრევა, ამტვრევენ ნივთებს ან ავლენენ აგრესიას.

რა იწვევს ტანტრუმს?

ბავშვებში ისტერიკის შეტევები, ანუ ტანტრუმები ხშირია 1-3 წლის ასაკის პერიოდში. ამ ასაკში ბავშვის ემოციური სფერო და სოციალური უნარები იწყებს განვითარებას. ამ ეტაპზე ძალიან უჭირთ თავიანთი ყოვლისმომცველი ემოციების სიტყვებით გამოხატვა. მათი მოტივაცია შეიძლება თავიანთი დამოუკიდებლობის და ავტონომიურობის გამოცდა იყოს. ამ დროს ისინი სწავლობენ, რომ მათ ქცევას შეუძლია სხვა ადამიანებზე მოახდინოს გავლენა. 
ასე რომ, ტანტრუმები ბავშვისთვის ერთ-ერთი საშუალებაა, გამოხატოს ემოციები და გაიგოს ან შეცვალოს ის, რაც მის ირგვლივ ხდება.
უფრო დიდი ასაკის ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ ტანტრუმი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ადრეულ პერიოდში ვერ მოახერხეს ან არ ჰქონდათ საშუალება ესწავლათ ემოციების გამოხატვის და მათი მართვის უფრო შესაბამისი გზები.

ისტერიკის გამოწვევას ბავშვებში ხელს უწყობს შემდეგი გარემოებები:

•    ტემპერამენტი - ის გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ძლიერად რეაგირებს ბავშვი მისთვის შემაწუხებელ მოვლენებზე. ბავშვი, რომელიც ადვილად ბრაზდება, უფრო მიდრეკილი იქნება ტანტრუმებისადმი.
•    სტრესი, შიმშილი, დაღლილობა და ზესტიმულირება  - ეს ყველა ფაქტორი ართულებს ბავშვებისთვის ემოციების გამოხატვას და ქცევის კონტროლს.
•    სიტუაციები, რომლებთან გამკლავებაც ბავშვს უჭირს - მაგალითად, თუ უფროსი დედმამიშვილი პატარას სათამაშოს წაართმევს, მას გაუჭირდება ამ მოვლენაზე სხვაგვარი რეაგირება. 
•    ძალიან ძლიერი ემოციები - წუხილი, შიში, სირცხვილი და ბრაზი ბავშვებისთვის ყოვლისმომცველი შეიძლება იყოს.

ტანტრუმი, ისტერიკა,

როგორ ავიცილოთ თავიდან ტანტრუმი?

ბავშვის ბრაზის ან ისტერიკის შეტევის ალბათობის შემცირება შეგიძლიათ შემდეგი ნაბიჯებით:
•    შეამცირეთ მისი სტრესი: დაღლილი, მშიერი და ზესტიმულირებული ბავშვი დიდი ალბათობით სტრესს ისტერიკით გამოხატავს.
•    გააცნობიერეთ თქვენი შვილის ემოციები და გრძნობები. თუ ბავშვის გრძნობებს ყურადღებას მიაქცევთ, შეიძლება წინასწარ განსაზღვროთ, როდის ეწვევა მას ძლიერი ემოციები. ამ დროს უნდა ესაუბროთ ემოციებზე და დაეხმაროთ მათ რეგულაციაში. ასევე შეგიძლიათ ყურადღება გადაატანინოთ სხვა რამეზე.
•    გამოავლინეთ ისტერიკის ტრიგერები: მაგალითად, ბავშვს ტანტრუმი შეიძლება საყიდლების დროს ჰქონდეს. შეგიძლიათ ამ სიტუაციებისთვის წინასწარი გეგმა შეადგინოთ ან შეცვალოთ გარემო, სადაც ბავშვს ტანტრუმი უვლინდება. მაგალითად, შეიძლება უმჯობესი იყოს ბავშვი საყიდლებზე წაიყვანოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წაიხემსებს ან გამოიძინებს.
•    ესაუბრეთ შვილს ემოციების შესახებ. როდესაც მას ძლიერი ემოცია ეწვევა, წაახალისეთ, რომ დაარქვას მას სახელი და გითხრათ, რამ გამოიწვია ეს ემოცია. მაგალითად, შეგიძლიათ მას დაუსვათ შეკითხვები: „სათამაშო იმიტომ გადააგდე, რომ გაბრაზდი, რომ არ მუშაობდა? სხვა რისი გაკეთება შეგეძლო?“

ტანტრუმი, ისტერიკა,

როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის ტანტრუმს?

ზოგჯერ ჩვენი ყველა მცდელობის და ძალისხმევის მიუხედევად, ტანტრუმები გარდაუვალია. შემოგთავაზებთ იდეებს, როგორ მოიქცეთ ამ დროს:
•    შეინარჩუნეთ სიმშვიდე (გარეგნულად მაინც). თუ თქვენ გაბრაზდებით, ეს სიტუაციას უფრო გაართულებს თქვენთვისაც და თქვენი შვილისთვისაც. საუბრისას შეინარჩუნეთ ხმის დაბალი, მშვიდი ტონი, იმოქმედეთ ნელა და წინასწარგანზრახულად.
•    აღიარეთ თქვენი შვილის ემოციები, მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მას უთხრათ, „ძალიან საწყენია, როცა ნაყინი ძირს გივარდება, არა?“ ამის შემდეგ შეიძლება მისი ქცევა მოწესრიგდეს და ემოციები შეიცვალოს.
•    დაელოდეთ ტანტრუმის დასრულებას. დარჩით ბავშვთან ახლოს, მაგრამ არ ეცადოთ მის გადარწმუნებას ან ყურადღების სხვა რამეზე გადატანას. ამისთვის უკვე ძალიან გვიანია.
•    აიღეთ სიტუაციაზე კონტროლი, როცა ამის საჭიროებაა. მაგალითად, თუ ტანტრუმი დაიწყო იმის გამო, რომ თქვენს შვილს რაღაც უნდა, არ მისცეთ მას ეს ნივთი. თუ ტანტრუმის მიზეზი ის არის, რომ ბავშვს რამის გაკეთება არ სურს, უნდა შეაფასოთ როგორ მოიქცეთ -  მაგალითად, თუ ბავშვი აბაზანიდან ამოსვლაზე უარს აცხადებს, აბაზანის დაცლა უფრო უსაფრთხო გამოსავალია, ვიდრე ბავშვის ძალით ამოყვანა. 
•    თქვენი მიდგომა უნდა იყოს თანმიმდევრული და მშვიდი. თუ ისტერიკის დროს ბავშვს ხანგამოშვებით უკმაყოფილებთ მოთხოვნას, ამით პრობლემა შეიძლება გაღრმავდეს.

ტანტრუმი, ისტერიკა,

ტანტრუმი  სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებში

ამ ასაკის ბავშვებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოთ მოცემული ტექნიკები.
ამ სტადიაზე ბავშვებს უკეთ შეუძლიათ გაიგონ თავიანთი ქცევის შედეგები. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თქვენი შვილის ქცევის შედეგები გამოიყენოთ მისი ქცევის კორექციისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ტანტრუმის დროს არ დააჯილდოვოთ. მაგალითად, თუ ბავშვს აქვს ტანტრუმი, რადგან უნდა ნაყინი და თქვენ ამ დროს მას ნაყინს უყიდით, ამით მის ქცევას დააჯილდოვებთ. ამ დროს თქვენი მხრიდან ყვირილი ან ხვეწნაც ჯილდოს სახეა, რადგან თქვენი შვილი თქვენგან ზედმეტ ყურადღებას იღებს.

ტანტრუმებთან გამკლავება

ბავშვის ისტერიკასთან გამკლავება ძალიან დამღლელი და სტრესულია. შეიძლება გქონდეთ იმპულსი, რომ მყისვე იმოქმედოთ და როგორმე დაასრულოთ ეს შეტევა. მაგრამ, უმჯობესია ყოველ ჯერზე ღრმად ჩაისუნთქოთ და დამშვიდდეთ მანამ, სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ.
იმისთვის, რომ დამშვიდდეთ და შეინარჩუნოთ სიტუაციის სწორი ხედვა, თქვენთვის რჩევები გვაქვს:
•    ჩამოაყალიბეთ მოქმედების სტრატეგია - გქონდეთ გარკვეული გეგმა, რომელსაც ტანტრუმის დროს მიყვებით. ტანტრუმის დროს კონცენტრირდით ამ გეგმის შესრულებაზე.
•    მიიღეთ ის ფაქტი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი შვილის ემოციების ან ქცევის კონტროლი, მაგრამ შეგიძლიათ მისი ქცევის მოდიფიკაცია, მისი უსაფრთხოების შენარჩუნება და მომავალი ტანტრუმების თავიდან აცილება.
•    შეურიგდით იმას, რომ ცვლილებებს დრო სჭირდება. განვითარება და ემოციების რეგულაცია მთელი ცხოვრების თანმდევი ამოცანაა. 

ტანტრუმი, ისტერიკა,
•    ეცადეთ არ იფიქროთ, რომ თქვენი შვილი ასე სპეციალურად იქცევა, რათა თქვენ გაგაბრაზოთ. ბავშვების ტანტრუმი არ არის წინასწარგანზრახული ქმედება - მათ უბრალოდ ეს ჩვევად უყალიბდებათ და არ გააჩნია უნარები, რომ უკეთ გაუმკლავდნენ გარკვეულ სიტუაციებს.
•    შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა, მაგრამ არ დასცინოთ ბავშვს ტანტრუმის დროს - ეს მას თქვენი ყურადღებით დააჯილდოვებს და ასევე შეიძლება მას ეწყინოს.
•    თუ ირგვლივ მყოფების გამკიცხავ მზერას შეამჩნევთ, არ მიაქციოთ მათ ყურადღება. ასეთ ადამიანებს ალბათ არასდროს ჰყოლიათ შვილი ან იმდენად დიდი ხნის წინ ზრდიდნენ მცირეწლოვანს, რომ დავიწყებული აქვთ, როგორია ეს პროცესი.

წყარო: raisingchildren.net

ასევე დაგაინტერესებთ: