ბავშვების რთული ქცევების შესახებ, თუ რა უნდა მივიჩნიოთ რთულ ქცევად, როდის და რა სახით უნდა ჩაერიოს მშობელი, გვესაუბრება ბავშვთა პიროვნული განვითარების ცენტრ „კაპრე დიემის“ ფსიქოლოგი ლანა მურჯიკნელი.
თავდაპირველად განვმარტოთ, რას გულისხმობს თავად ქცევა? ქცევაა ინდივიდის ნებისმიერი საპასუხო რეაგირება გარე სტიმულებზე. შესაბამისად, ჩვილობის ასაკიდან ბავშვი საპასუხოდ რეაგირებს შესაბამისი ასაკობრივი ქცევით. თავიდან საკომუნიკაციო საშუალება მწირია, ესაა ტირილი, სიცილი და ჟესტური მიმიკები. მშობელი გაარჩევს ბავშვის საკომუნიკაციო ნიშნებს და შესაბამის ქმედებებს ახორციელებს, მაგალითად, ჩვილი შეიძლება ტიროდეს, როცა შია, როცა ეძინება ან რაიმე აწუხებს. ასაკთან ერთად, ბავშვის კომუნიკაციური უნარები ვითარდება. ბავშვი სწავლობს სასურველის მიღებას შესაბამისი ქცევითი გამოხატულებებით, რაზეც პასუხს, რეაგირებას მშობელი აძლევს. რთულ ქცევად შეიძლება ჩაითვალოს ქცევა, რომლის ხანგრძლივობა გრძელია ჩვეულებრივთან შედარებით, ინტენსივობა - ძლიერი და სულ მცირე 3-5 ჯერ მაინც ავლენს მსგავსს ქცევას. მაგალითად, როდესაც 2 წლის ბავშვი დიდხანს და ხშირად ტირის, იმისთვის, რომ მიიღოს სასურველი რამ. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოთხოვნა მშვიდი ფორმით. ამ ასაკისთვის მნიშვნელოვანია ქცევითი მოდელების მიწოდება, რას გულისხმობს ეს? ჩვენი სოციალური მაგალითით ბავშვს ვასწავლით, სხვადასხვა სიტუაციაში როგორი რეაგირება ჰქონდეს, როგორ მოიქცეს. ვთქვათ, ბანანის ჭამის შემდგომ, ქერქი ჩავაგდოთ ნაგვის ურნაში. თუ ბავშვს ვასწავლით ბოდიშის მოხდას, თავადაც უნდა მოვიხადოთ ბოდიში შესაბამის სიტუაციაში.
ბავშვის ასაკობრივი განვითარებისთვის არსებობს შესაბამისი ქცევითი დამახასიათებლები, რომლებიც არ უნდა აღვიქვათ, როგორც პრობლემური ქცევები. მაგალითად, 3-5 წლის ასაკის ბავშვებისთვის, დამახასიათებელია სიჯიუტე, დამოუკიდებლობის მაღალი მოთხოვნილება, ისევე როგორც მოზარდობის ასაკში შეიძლება წავაწყდეთ საპირისპირო აზრის მტკიცებას, განსხვავებული გარეგნობის მოთხოვნილებას. მაგრამ თუკი ბავშვის/მოზარდის ქცევა მნიშვნელოვნად არღვევს სოციალურ ნორმებს, ხელს უშლის სხვა ადამიანებს ან აზიანებს მათ, აქ რთულ ქცევასთან გვაქვს საქმე.
როგორც ზემოთ ვთქვით, ქცევა, რომელიც შეუსაბამოა სოციალური გარემოსთვის, ხელის შემშლელია ან/და ზიანის მომტანია სხვებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვისაც, არის რთული ქცევა. რთული ქცევის მაგალითებია: ტანტრუმი, აგრესიული ქცევა, თვითდამაზიანებელი ქცევა, ხანგრძლივი ჭირვეულობა, სკოლაში წასვლაზე უარის თქმა.
როდესაც მშობელი ბავშვის რთულ ქცევას აწყდება, აუცილებლად უნდა დასვას შეკითხვა - რატომ? რატომ ავლენს ჩემი შვილი რთულ ქცევას, რისი თქმა სურს ამით? ბავშვის რთულ ქცევას უნდა შევხედოთ, როგორც სიგნალს, ნიშანს, რომელიც ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, შეხედულებას გვაგებინებს. მშობელი ირგებს გამომძიებლის როლს და ცდილობს მიზეზების მიკვლევას, ქცევის ცვლილებისთვის. ნებისმიერი ქცევის უკან დგას მიზეზი, რისი გამოკვლევაც გვეხმარება ქცევის ფუნქციის შესწავლაში. ყველა ქცევას თავისი მიზეზი - ფუნქცია აქვს. ქცევის მიზეზების გარკვევის გარეშე შენიშვნის მიცემამ ან ბრაზის გამოხატვამ, შესაძლოა უფრო გაართულოს ქცევის ცვლილება. თუ მაგალითად, ბავშვი თავს არიდებს მეცადინეობას, ავლენს მოტივაციის ნაკლებობას, მშობელმა უნდა იფიქროს ამის გამომწვევ მიზეზებზე. ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციების გაზიარება, მისი მოსმენა და არა მხოლოდ ქცევით გამოვლინებაზე ფიქრი და რეაგირება.
თუ აღმოვჩნდით რთული ქცევის წინაშე, როდესაც ბავშვი აწყობს ე.წ. ტანტრუმს, ამ დროს რას ვაკეთებთ?
„ვაჭრობა“, „დაპირება“, „საჩუქარი“ - რამდენად გამართლებულია ეს მეთოდები რთული ქცევის აღმოსაფხვრელად?
რთული ქცევის მართვაში, ერთი შეხედვით, შესაძლოა დაგვეხმაროს მატერიალური განმამტკიცებელი, როდესაც ბავშვს რაიმეს მიღების სანაცვლოდ უწევს მშობლისათვის სასურველის შესრულება. ეს იქნება დროებითი და არაგრძელვადიანი შედეგი. საბოლოოდ არ აღმოფხვრის ძირითადად მიზეზს. ამ დროს ბავშვი არ სწავლობს საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღებას და ისევ ეჩეხება მსგავს სიტუაციას, რის შესასრულებლადაც სჭირდება სანაცვლოდ რაიმე. რთული ქცევის მართვის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია მიზეზების ძიება, წინამდებარე სიტუაციების ცვლილება, ემოციებზე მუშაობა, რაც დაგვეხმარება ქცევის კორექციაში - სასურველი ქცევების დანერგვაში. გახსოვდეთ, ბავშვის ემოციების უპირობო მიღება, მათი მოსმენა, აუმჯობესებს მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობას, რაც ქცევის მართვაში ერთ-ერთ მთავარი დამხმარე საშუალებად გვევლინება.
და ბოლოს, არსებობს უნივერსალური სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება დაგვეხმაროს რთული ქცევების თავიდან არიდებაში. მნიშვნელოვანია ყოველდღიურობაში იმ დადებითი ქცევების აღნიშვნა და ბავშვის შექება, როდესაც სასურველ ქცევას ავლენს ბავშვი. ჩვენ ხშირად, ყურადღების მიღმა ვტოვებთ ქცევებს, როდესაც ბავშვი „კარგად იქცევა“. ამის შენიშვნა და აღნიშვნა სიტყვიერად, ბავშვს აძლევს სიგნალს, რა ქცევებია მოსაწონი მშობლისათვის/აღმზრდელისათვის, რაც სამომავლოდ გაზრდის მათი გამოვლენის ალბათობას. აგრეთვე, რუტინის შემუშავება, წესების შექმნა, რომლებსაც თავადაც ვასრულებთ. საერთო მიდგომა ოჯახის წევრების მხრიდან (აგრეთვე ბავშვთან მყოფი სხვა პირების მხრიდანაც) და თანმიმდევრულობის შენარჩუნება. ბავშვების ემოციების უპირობო მიღება - მოსმენა და გაზიარება, შეფასებისა და შენიშვნის მიცემის გარეშე. ამასთანავე, გვახსოვდეს, როდესაც ბავშვს ვაძლევთ მითითებას, ვუთხრათ სასურველი რამ პოზიტიურ ფორმაში, მაგალითად სწორია თუ ვეტყვით „ნელა იარე“ და არა „ნუ დარბიხარ“, „ჩუმად ისაუბრე“ და არა „ნუ ყვირი“ და ა.შ.
აი, ასე შეიძლება გამოიყურებოდეს ბავშვის რთული ქცევა და ტანტრუმი