პედიატრები ერთხმად აღიარებენ, რომ ჩვილის ძუძუთი გამოკვება საუკეთესო საშუალებაა, თუმცა თუ მოხდა ისე, რომ ეს ვერ ხერხდება, არსებობს ჩვილის გამოკვების სხვადასხვა მეთოდი.
ძუძუთი კვების დროს, ჩვილის სიცოცხლის პირველ დღეებში, რაც უფრო ხშირად მოწოვს ბავშვი ძუძუს, მით მეტად დარეგულირდება ეს პროცესი, დედის ორგანიზმი ამის მიხედვით გამოიმუშავებს რძეს, რაც ბავშვს სჭირდება. რაც შეეხება ბოთლის გამოყენებას, უმჯობესია ეს მოგვიანებით მოხდეს, უკიდურეს შემთხვევაში ბავშვის დაბადებიდან 3-4 კვირის შემდეგ. ზოგიერთ დედას ეშინია, რომ თუ ჩვილს ადრევე არ მისცემს ბოთლს, მოგვიანებით ის ბოთლით ჭამას ვერ მოახერხებს და დედას გარკვეული პრობლემები შეექნება, თუმცა თუ სამსახურში გასვლას გეგმავთ მაშინ, როდესაც ბავშვი იქნება 6 თვის, ამ დროისთვის მას ბოთლი აღარ დასჭირდება, ის ნელ-ნელა დაიწყებს სხვადასხვა საკვების მიღებას და ამ დროისათვის უკვე შეგიძლიათ ნელ-ნელა გამოიყენოთ კოვზი და ჭიქა. შესაბამისად, მხოლოდ ამ მიზეზით ნუ შესთავაზებთ ბოთლს, რადგან მერე ზოგიერთ ბავშვს უჭირს ბოთლიდან ისევ ძუძუზე დაბრუნება.
თუ ვერ ხერხდება ჩვილის ძუძუთი გამოკვება, ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი რძის გამოწველაა, რათა ხელი შეუწყოთ ლაქტაციის პროცესს და მკერდში რძის ჩადგომას. თუ ჩვილისთვის ბოთლის გამოყენებას აპირებთ, დაელოდეთ ისეთ მომენტს, როდესაც ბავშვი კარგ ხასიათზე იქნება, მოდუნებული და კმაყოფილი. მშიერი და გაღიზიანებული ბავშვისთვის რაიმე ახალი მეთოდის შეთავაზება ნამდვილად არ არის საუკეთესო გამოსავალი. დაიწყეთ თამაშ-თამაშით.
ეცადეთ, ბოთლით გამოკვება თავდაპირველად ვინმეს სთხოვოთ. დედის ხელიდან შეთავაზებულ ბოთლზე ბავშვმა შესაძლოა უარი თქვას, რადგან მან კარგად იცის, საიდან უნდა მიიღოს დედის რძე. ჭამის დროს ბავშვი უნდა იყოს მოხერხებულ, თუმცა არა მწოლიარე მდგომარეობაში. ბოთლი პირთან ფრთხილად მიუტანეთ, რათა პირის გაღების რეფლექსის სტიმულაცია მოხდეს. ბოთლი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა გეჭიროთ. ეცადეთ, რომ ბოთლის საწოვარა ნახევრად იყოს სავსე რძით და არა მთლიანად, ასე ჭამის პროცესი უფრო მეტად ჰგავს ძუძუთი ჭამის პროცესს, ბავშვმა კვებას გარკვეული ძალისხმევა უნდა მოანდომოს. როგორ წესი, ბოთლით ჭამის პროცესს დაახლოებით 15-20 წუთი სჭირდება, შესაძლოა ბავშვს ჩაეძინოს კიდეც 10-15 წუთი, ესეც ნორმალურია.
რა მთავარი წესები უნდა გავითვალისწინოთ ბოთლით კვების დროს?
მთავარი ფაქტორი, რაც ბოთლით გამოკვების დროს უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ ბავშვმა ჭამის დროს თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს, ეს პროცესი მიახლოებული უნდა იყოს ძუძუთი ჭამის პროცესთან. არ ღირს აჩქარება და ბავშვის გაღიზიანება. თუ ატყობთ, რომ ჩვილმა ვერ მოირგო საწოვარა, შეცვალეთ, გამოიყენეთ სხვა ტიპის, ასევე აკონტროლეთ რძის ტემპერატურა, დედის რძე ხომ თბილია.
არის შემთხვევები, როდესაც ჩვილები ძუძუს შემდეგ პირდაპირ ჭიქაზე გადადიან და ბოთლს საერთოდ არ ხმარობენ. ასე რომ, თუ ბავშვი ბოთლზე უარს იტყვის სხვადასხვა ტიპის მცდელობების მიუხედავად, არსებობს კვების სხვა, ალტერნატიულ გზებიც. ჭიქით ჭამის მეთოდს დედები ხშირად მიმართავენ. ჩაასხით რძე პატარა ზომის ჭიქაში, ბავშვი მოხერხებულად მოითავსეთ კალთაში, დაუჭირეთ კისერი და თავი და მიუახლოვეთ ჭიქა ისე, რომ მის ტუჩებს შეეხოს, ჩვილის ენა თავად მოძებნის რძეს. ბავშვი დაიწყებს მის ლოკვას ან შესრუტვას, პირველ ეტაპზე დაგჭირდებათ წინსაფარი. არავითარ შემთხვევაში არ ჩაუსხათ რძე ბავშვს პირში. მიეცით საშუალება გააკეთოს პაუზები, ჭიქა მის ქვედა ტუჩთან გეჭიროთ და იცოდეთ, რომ ასეთ დროს ჭამისთვის რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. როდესაც ბავშვი დანაყრდება, მიგახვედრებთ.
გარდა ჭიქისა, ბავშვის საკვებად იყენებენ ხოლმე ასევე შპრიცს, რა თქმა უნდა, ნემსის გარეშე, ჩაის კოვზს. თუ თქვენი შვილი რომელიმე ამ მეთოდს იყენებს თქვენი არყოფნის პერიოდში, ეცადეთ, თქვენთან ერთად ყოფნის დროს ის მკერდთან ახლო გყავდეთ, რათა ბოლომდე შეიგრძნოს დედის სითბო. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი უნდა მიირთვას ბავშვმა, ძუძუთი, როგორც წესი, ერთ ჭამაზე 60-120 მლ-ს იღებენ. ეს ეხება დაახლოებით 6 თვემდე ასაკის ბავშვებს. ზოგადად ბავშვის წონიდან და სიგრძიდან გამომდინარე პედიატრი მოგცემთ რჩევას, რამდენი უნდა მიირთვას კონკრეტულად თქვენმა ბავშვმა. როდესაც დედას ბავშვის დატოვება უხდება, ეს სტრესია მისთვისაც და ბავშვისთვისაც.
პირველ ეტაპზე ბავშვმა შესაძლოა უარი თქვას კვებაზე, მას სჭირდება დრო, რათა ადაპტირდეს გარემოსთან დედის გარეშე, შეეგუოს მისთვის ახალ ადამიანს. ეს ადამიანი, იქნება ძიძა თუ ოჯახის სხვა წევრი, ნელ-ნელა უნდა დაუახლოვდეს ბავშვს, დაამყაროს მასთან კონტაქტი, ხშირად შეეხოს მის კანს, ჩახედოს თავლებში, მოიპოვოს ჩვილის ნდობა, გახდეს დედის შემდეგ მეორე სანდო ადამიანი, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ შესთავაზოთ საკვები. რაც შეეხება თავად საკვებს, მედიკოსები აცხადებენ. რომ გამოწველილი რძე ბავშვის კვების საუკეთესო საშუალებაა, გაყინულ მდგომარეობაში ის ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას, მართალია, ვერ შეედრება პირდაპირ მკერდიდან მომავალ რძეს, თუმცა მას შემდეგ პირველ პოზიციაზე თამამად შეგვიძლია დავაყენოთ.
წარო: la leche league
გაიგეთ მეტი ინფორმაცია ლაქტაციის შესახებ, შემოგვიერთდით ძუძუთი კვების ჯგუფში.
ასევე დაგაინტერესებთ: