როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ბოთლით კვებას?

01-11-2021

როდესაც დედა და ბავშვი დღის განმავლობაში დროს ცალ-ცალკე ატარებს, საჭირო ხდება, პატარამ დედის რძე ბოთლით ან სხვა საშუალებით მიიღოს.
როდის არის საუკეთესო დრო ბოთლით კვების დასაწყებად?
უმჯობესია მოიცადოთ, სანამ ბავშვი 3-4 კვირის გახდება და ძუძუთი კვებას კარგად შეეჩვევა, რადგან ამ პერიოდში დედის რძის მარაგი ძუძუს წოვისას ყველაზე ეფექტურად რეგულირდება. 
მცდარია მოსაზრება, რომ თუ ბავშვს თავიდანვე არ შევაჩვევთ ბოთლს, შემდეგ ამას ვეღარ მოახერხებთ. სინამდვილეში, ბავშვს ნებისმიერ ასაკში შეუძლია ისწავლოს ბოთლით კვება. შეგიძლიათ სამსახურში გასვლამდე ბოთლი საერთოდ არ გამოიყენოთ.
ექიმების რეკომენდაციით, 1 წლის ასაკისთვის ბავშვს უნდა შევაწყვეტინოთ ბოთლით კვება, რადგან ის უარყოფით გავლენას ახდენს კბილების განვითარებაზე.

რჩევები, როგორ გადავიყვანოთ ბავშვი ძუძუდან ბოთლით კვებაზე
•    შეარჩიეთ ისეთი დრო, როცა ბავშვი მოდუნებულია, კარგ ხასიათზეა და არ არის ძალიან მშიერი.
•    ეცადეთ, თქვენ მაგივრად სხვა მომვლელმა შესთავაზოს ბავშვს ბოთლი. დედისგან ბავშვი ძუძუთი კვებას მოელის, სხვა მომვლელისგან კი შეიძლება რძე ბოთლიდან უფრო მარტივად მიიღოს. მცირეწლოვან ბავშვსაც კი შეუძლია მიხვდეს, რომ სხვადასხვა ადამიანი მასზე სხვადასხვანაირად ზრუნავს. უმჯობესია ბავშვს კვებავდეს არა უმეტეს 2-3 ადამიანი. კვება ძალიან ინტიმური პროცესია, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს.
•    კომფორტულად დაიჭირეთ ბავშვი. ზურგზე წოლისას ბავშვი ბოთლიდან შეიძლება ერთბაშად ძალიან ბევრ რძეს ყლაპავდეს. საუკეთესო პოზიციაა თითქმის მჯდომარე მდგომარეობა, როცა ბავშვის კისერი და მხრები ფიქსირებულია. ჩვილი ბავშვები  შეგიძლიათ გამოკვებოთ გვერდზე წოლისას, დაიწვინეთ ის კალთაში ფეხებით თქვენკენ. 
•    ფრთხილად გადაატარეთ ბოთლის თავი ბავშვის ტუჩებზე იმისთვის, რომ აამოქმედოთ პირის გაღების რეფლექსი. თუ ბავშვი პირს გააღებს, ჩაუდეთ მთლიანი ბოთლის თავი პირში და არა მხოლოდ წვერი.
•    დაიჭირეთ ბოთლი ჰორიზონტალურ პოზიციაში. ეს საჭიროა, რათა ბავშვს რძის მისაღებად ძალის დატანება არ დასჭირდეს, როგორც ეს ძუძუს წოვის დროს ხდება. ბოთლის თავი არ უნდა იყოს რძით სავსე, რძის დონე უნდა იყოს თავის უკან. 
•    დააკვირდით, როდის სჭირდება ბავშვს შესვენება. ბოთლით კვება შეიძლება ბავშვისთვის დამღლელი აღმოჩნდეს, რადგან მას მონოტონურად, ერთი და იმავე სიჩქარით წოვა უწევს კვების დაწყებიდან მის დასრულებამდე, მაშინ როცა ძუძუთი კვებისას ეს სიჩქარე ბუნებრივად იცვლება. დააკვირდით შემდეგ ნიშნებს: დანაოჭებული შუბლი, ფართოდ გახელილი თვალები, სწრაფ-სწრაფად ყლაპვა, ფართოდ გაშლილი ხელის თითები - თუ რომელიმე ამ სიგნალს შენიშნავთ, ან თუ ბავშვს პირიდან რძე გადმოსდის, დაწიეთ ბოთლი ქვემოთ და მიეცით პატარას საშუალება, შეისვენოს, სანამ ისევ არ მოითხოვს კვებას.
•    ბავშვები ხშირად ორ ეტაპად იკვებებიან. მათ ჯერ მცირეხნიანი წახემსება უნდათ -  10-20 წუთის განმავლობაში, ხოლო მცირე პაუზის შემდეგ მიირთმევენ საკვების მეორე ულუფას.

როდესაც ბავშვი ბოთლზე უარს ამბობს 
ძალიან სტრესულია, როცა ცდილობთ შეაჩვიოთ პატარა ბოთლით კვებას, ის კი უარს აცხადებს, განსაკუთრებით, თუ მალე სამსახურში უნდა დაბრუნდეთ. ამ დროს შეგიძლიათ შემდეგ ხერხებს მიმართოთ:
•    თუ დედა არ აჭმევს ბავშვს ბოთლით, უმჯობესია მომვლელმა ბოთლს შემოახვიოს დედის ტანისამოსი, რომელსაც მისი სუნი აქვს.
•    ზოგ ბავშვს ბოთლით კვება უადვილდება კანით-კანთან კონტაქტით.
•    ზოგ ბავშვს პირიქით, ისეთ პოზიციაში ყოფნა ეხმარება, რომელიც ძუძუთი კვებას არ ახსენებს. სცადეთ მისი კალთაში ჩასმა, ზურგით თქვენკენ. 
•    სცადეთ, რომ კვებასთან ერთად რიტმულად არწიოთ ბავშვი. ჩასვით ის კენგურუში, აიყვანეთ ხელში, ან დაჯექით სარწეველა სავარძელში.
•    სცადეთ სხვადასხვანაირი ბოთლის თავი - სხვადასხვა ზომის, სიგრძის და კონსისტენციის.
•    სცადეთ ბოთლის თავის სხვადასხვა ტემპერატურა. კბილების ამოსვლის პერიოდში ბავშვებს ცივი უფრო სიამოვნებთ.
•    სცადეთ რძის ტემპერატურის შეცვლა. ზოგ ბავშვს უფრო სიამოვნებს ოთახის ტემპერატურის ან კიდევ უფრო გრილი რძე.

ბოთლის ალტერნატივა
თუ ბავშვი კატეგორიულ უარს აცხადებს ბოთლზე, შეგიძლიათ სხვა გზას მიმართოთ:
დღენაკლულ ბავშვებსაც კი შეუძლიათ ჭიქიდან დალევა, თუ სწორად მიუდგებით. მშობლები ხშირად არჩევენ მცირე ზომის ჭიქებს, მაგრამ ნებისმიერი ჭიქა გამოდგება.
იმისთვის, რომ ბავშვს ჭიქით მიაწოდოთ საკვები:
•    დაისვით კალთაში, დაუჭირეთ მას კისერი და მხრები.
•    ჭიქის კიდე მოათავსეთ მის ქვედა ტუჩზე და აწიეთ ჭიქა, სანამ რძე მის ტუჩებამდე მიაღწევს. ის ენით გასინჯავს სასმელს. არ ჩაასხათ ბავშვს პირში რძე. სითხის დონე ყოველთვის შეინარჩუნეთ მისი ქვედა ტუჩის დონეზე და მიეცით მას საშუალება, თავისი ტემპით მიირთავს რძე. უმჯობესია გაუკეთოთ წინსაფარი.
•    ბავშვი თავის გვერდზე გაწევით ან სხვა ნიშნით მიგახვედრებთ, რომ ჭამა დაასრულა.

სხვა მეთოდები:
•    შეგიძლიათ ჩვილ ბავშვს რძე მისცეთ ჩაის კოვზით, შპრიცით ან პიპეტით.
•    პატარასთვის, რომელიც ძუძუთი იკვებება, მაგრამ დამატებით კიდევ სჭირდება რძე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძუძუთი კვების დამხმარე მოწყობილობა - ეს არის მილი, რომელიც დამაგრებულია ძუძუს თავის გვერდით. ძუძუს თავზე მოჭიდებისას ბავშვი ამ მილის ბოლოსაც იდებს პირში, თან ძუძუს წოვს და თან რძეს მილიდან იღებს.
•    თუ ბავშვს წამოჯდომა შეუძლია, მას შეიძლება სურდეს თავად მიირთვას რძე ჩვეულებრივი ან საწრუპიანი ჭიქიდან.
•    ბავშვმა შეიძლება უფრო ხალისით მიირთვას რძე იმ ჭიქიდან, რომელსაც თქვენ ხშირად იყენებთ, მაგალითად, თქვენი ყავის ფინჯნიდან. 

რძის რაოდენობის განსაზღვრა
ძუძუთი კვებისას პატარების უმეტესობა 60-120 მლ რძეს იღებს ერთ კვებაზე. დროთა განმავლობაში რძის შემადგენლობა იცვლება, მაგრამ ერთი კვებისას მიღებული რძის რაოდენობა - არა. ეს არ ეხება ხელოვნურ საკვებს, რომლის ულუფა ინსტრუქციის მიხედვით უნდა გაზარდოთ ბავშვის წონის მატებასთან ერთად. როგორც ზრდასრულებს, ბავშვებსაც დღის სხვადასხვა მონაკვეთში საკვების სხვადასხვა ულუფა სჭირდებათ. სთხოვეთ თქვენი შვილის მომვლელს, რომ თქვენ მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ბევრი არ აჭამოს, რათა თქვენ მისვლისთანავე გამოკვებოთ ის, აღიდგინოთ მასთან სიახლოვე და განტვირთოთ სარძევე ჯირკვალი.

კანით-კანთან კონტაქტის სარგებელი
კანით-კანთან კონტაქტისას ბავშვი ბევრ დადებით შედეგს იღებს: ტირის ნაკლებად, აქვს უფრო სტაბილური სუნთქვა, გულისცემა, სისხლში გლუკოზის დონე და ტემპერატურა. იზრდება დედის რძის მარაგი. 
ძუძუთი კვების დროს ბავშვთან კანით-კანთან კონტაქტი ბუნებრივად ხდება. ხოლო როდესაც პატარა ნაწილობრივ ან სრულიად ბოთლიდან იკვებება, მომვლელი უნდა ეცადოს გაიმეოროს კანით-კანთან კონტაქტის გამოცდილება. შეგიძლიათ ბავშვი კვებისას და მის შემდეგ გულმკერდზე მიიხუტოთ, მასთან ერთად მიიღოთ აბაზანა, ატაროთ ის კენგურუთი ან სლინგით მკერდთან ახლოს.

წყარო: llli.org