მთავარი » აღზრდა/განვითარება » ჯანმრთელობა » წამლები სახლში: შეცდომები, რომლებსაც თითქმის ყველა მშობელი უშვებს

წამლები სახლში: შეცდომები, რომლებსაც თითქმის ყველა მშობელი უშვებს

მედიკამენტი ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა მისი არასწორი შენახვა ან გამოყენება შესაძლოა სერიოზული რისკების მიზეზად იქცეს. რამდენ ხანს ინახება გახსნილი სიროფი? რატომ აქვს მნიშვნელობა წამლის მიღებას კვებამდე ან კვების შემდეგ? შეიძლება თუ არა მედიკამენტის რძეში ან წვენში შერევა? — ეს კითხვები თითქმის ყველა მშობელს უჩნდება. ამ თემებზე გვესაუბრება პედიატრი ლიკა თედიაშვილი და დეტალურად განმარტავს, როგორ უნდა შევინახოთ მედიკამენტები სწორად, როგორ ავიცილოთ თავიდან მათი ეფექტურობის დაკარგვა და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ყველაზე ხშირად ყოველდღიურ პრაქტიკაში.

რა ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს სხვადასხვა ტიპის წამალი?

ყველა მედიკამენტი უნდა ინახებოდეს გრილ და მშრალ ადგილას (25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე), თუ მაცივარში შენახვა არ არის საჭირო (2°C-დან 8°C-მდე).

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მედიკამენტი არასწორად ინახებოდა და გაფუჭდა?

ნებისმიერი პროდუქტი, რომლის სტრუქტურა ან კონსისტენცია აჩენს ეჭვს: მაგალითად ფერის ცვლილება, შემღვრევა, შეწებებული ნაწილაკების ან ნალექის წარმოქმნა მასაში – მიუთითებს, რომ ეს პროდუქტი უვარგისია გამოსაყენებლად, მიუხედავად მისი ვადებისა.

საჭიროა თუ არა სიროფების მაცივარში შენახვა გახსნის შემდეგ? მაგალითად, სიცხის დამწევი რამდენ ხანშეგვიძლია მაცივარში შევინახოთ გამოყენების შემდეგ?

პროდუქტის ვარგისიანობის ვადა შეიძლება შეიცვალოს გახსნის და წამლის მომზადების შემდეგ (მაგალითად ანტიბიოტიკი სუსპენზია), ჩაიწერეთ გახსნის თარიღი და გამოთვლილი ვარგისიანობის ვადა მედიკამენტის შეფუთვაზე/ეტიკეტზე; გახსნილი სიროფი ინახება 2-8 გრადუს ტემპერატურაზე.

რამდენ ხანს შეიძლება გახსნილი ფლაკონების შენახვა?

პროდუქტის ვარგისიანობის ვადა შეიძლება შეიცვალოს გახსნის და წამლის მომზადების შემდეგ (მაგალითად ანტიბიოტიკი სუსპენზია, მომზადებიდან 5-10 ან 14 დღეა ვარგისი);

  • იბუპროფენი და სხვა სიროფები მაცივარში ინახება 6 თვის მანძილზე,
  • ტაბლეტები, კაფსულები, საინჰალაციო ნებულები, სუპოზიტორიები, ცხვირის  წვეთები და სპრეი – მწარმოებელი ქარხნის მითითებულ დრომდე.
  • თვალის წვეთი, მალამო – გახსნიდან 1 თვე;
  • გარეგანი გამოყენების მალამო – გახსნიდან 3 თვე, ხოლო ხსნარი – 6 თვე.

რატომ არის მნიშვნელოვანი მედიკამენტის მიღება კვებამდე ან კვების შემდეგ? რა შეიძლება მოხდეს, თუ წამალს ბავშვს არასწორ დროს მივცემთ?

მედიკამენტების მიღების დრო (კვებამდე ან კვების შემდეგ) განსაზღვრავს, თუ როგორ შეიწოვება წამალი ორგანიზმში და როგორ იმოქმედებს ის კუჭ-ნაწლავის სისტემაზე. სწორი რეჟიმის დარღვევამ, განსაკუთრებით ბავშვებში, შესაძლოა წამალი უმოქმედო გახადოს ან ორგანიზმს ზიანი მიაყენოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი კვებასთან კავშირი?

კვებამდე (უზმოზე) მიღება:

სწრაფი შეწოვა: საკვები ხელს უშლის ზოგიერთი წამლის სისხლში გადასვლას.

მჟავიანობის ფაქტორი: კუჭის წვენი საკვების მიღებისას იცვლება, რაც აზიანებს უზმოზე მისაღებ წამლებს.

კვების შემდეგ (ან კვების დროს) მიღება:

კუჭის დაცვა: ზოგიერთი წამალი (მაგ. ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი) აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. საკვები იცავს ამ ზიანისგან.

უკეთესი ათვისება: ცხიმიანი საკვები ეხმარება გარკვეულ მედიკამენტებს (მაგ. ზოგიერთ ვიტამინს ან სოკოს საწინააღმდეგო წამალს), უკეთ შეიწოვოს.

შეიძლება თუ არა მედიკამენტის რძეში, წვენში ან საკვებში შერევა?

მედიკამენტების თვითნებურად შერევა რძეში, წვენში ან საკვებში ყოველთვის არ   არის ნებადართული, რადგან ამან შეიძლება შეამციროს წამლის ეფექტურობა ან გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. სანამ წამალს საკვებს ან სასმელს შეურევთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რატომ არის მნიშვნელოვანი ანტიბიოტიკის კურსის ბოლომდე დასრულება?

ანტიბიოტიკების შემთხვევაში, არასწორმა დოზამ, ან არასრულმა კურსმა შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიების რეზისტენტობა (წამლისადმი გამძლეობა). ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც კვლავ დაგჭირდებათ ანტიბიოტიკის გამოყენება ის აღარ იმოქმედებს.

რა წესები უნდა დავიცვათ მოგზაურობის დროს მედიკამენტის გადასატანად?

შეინახეთ წამლები ხელბარგში, არ დატოვოთ სალონში, ასევე არ შეინახოთ საბარგულში. აუცილებლად შეინახეთ წამალი ორიგინალ შეფუთვაში/ბლისტერში და მუყაოს კოლოფში. აუცილებელია ფლაკონზე მკაფიოდ ჩანდეს წამლის სახელწოდება. გარკვეული მედიკამენტებისთვის საჭიროა თან იქონიოთ მოწესრიგებული დოკუმენტაცია: ექიმის რეცეპტი ან ფორმა N100. წამლებისთვის, რომლებიც მაცივარში ინახება (მაგ. ინსულინი), გამოიყენეთ სპეციალური თერმოჩანთა გამაგრილებელი გელით.

ომიკრონი – რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

ბავშვის ტირილის იგნორირებას, შესაძლებელია მოჰყვეს სერიოზული დარღვევები