ანუ დედობის პირველი გაკვეთილი – როგორ ”მოუსმინო” ყველას, ვინც შენზე უკეთ იცის, როგორ უნდა გაზარდო შენი შვილი.
ორსულობა, მშობიარობა და ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. ახალშობილი და მასთან დაკავშირებული ათასი რჩევა და დარიგება. რა შეიძლება მოისმინოთ გარშემო მყოფებისგან და რისთვის უნდა იყოთ მზად?
პირველ რიგში, იმისთვის, რომ ბავშვის დაბადებისთანავე სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდებით უამრავი ექსპერტის გარემოცვაში. თან როგორი ექსპერტების! ზოგს სამი შვილი ჰყავს გაზრდილი, ზოგს – შვიდი შვილიშვილი, ზოგს კი საერთოდ არ ჰყავს ბავშვი, მაგრამ სამაგიეროდ მეზობლის რძლისგან ისეთი ამბები აქვს მოსმენილი…
• თქვენ შეიძლება გითხრან, რომ „ასეთი“ ძუძუთი ბავშვს ვერ აჭმევთ და უმჯობესია ხელოვნური კვება დაუმატოთ;
თან „ასეთი“ შეიძლება ნიშნავდეს ყველაფერს – პატარა მკერდს, დიდ მკერდს, ბრტყელ დვრილებს ან უბრალოდ მკერდს, რომელიც რჩევის ავტორს არ მოსწონს. სასურველია, მშობიარობამდე ნათესავების კომისიას შეაფასებინოთ, რამდენად შეესაბამება თქვენი ანატომია ძუძუთი კვების სტანდარტებს.
• შეიძლება გითხრან, რომ ხსენი ბავშვს ვერ დაანაყრებს, როგორ შეიძლება ერთმა წვეთმა ბავშვი დაანაყროს?!
რა მნიშვნელობა აქვს, რომ ახალშობილის კუჭი ძალიან პატარაა და ხსენი მისი საჭიროებების შესაბამისად გამომუშავდება? დეიდა ნანულიმ ხომ საკუთარი თვალით ნახა, რომ „იქიდან არაფერი გამოდის“! შესაბამისად, ახალშობილის კვების საკითხიც გადაწყვეტილია.

• აუცილებელია კონკრეტული ბრენდის „ჩაი“ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, რომ ბავშვი კოლიკამ არ შეაწუხოს. თან რძეც წყალწყალაა და ცხიმიც არ ლივლივებს გამოწურულ, „ანალიზზე“ წასაღებ ჭურჭელში.
რადგან დედის რძის ხარისხი, როგორც მოგეხსენებათ, სოფლის არაჟნის პრინციპით განისაზღვრება – ზემოდან ცხიმი თუ არ დადგა, ესე იგი უვარგისია. რაც შეეხება ჩაის, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ექვს თვემდე ჩვილს, როგორც წესი, დედის რძის ან ფორმულის გარდა სხვა სითხე არ სჭირდება. მთავარია, ვიღაცის შვილს უშველა.
• შეიძლება დაგადანაშაულონ იმაში, რომ მხოლოდ ჩაი და პური არ არის თქვენი კვების რაციონი და გაბედეთ საყვარელი ნამცხვრის ან თუნდაც შემწვარი კერძის მირთმევა;
როგორ შეიძლება?! თქვენ ხომ დედა ხართ და არა ადამიანი, რომელსაც შეიძლება რაღაც გემრიელი მოუნდეს! სასურველია, თქვენი კვების რაციონი შედგებოდეს მოხარშული წიწიბურისგან, წყლისგან და სინდისის ქენჯნისგან. თუმცა წიწიბურაზეც გადაამოწმეთ – ვინ იცის, იქნებ ეგეც ბერავს.
• აუცილებლად გეტყვიან, რომ თქვენი კვებით ბავშვს „გაბერავთ“ და ამიტომ მკაცრი კვების რეჟიმი უნდა დაიცვათ და რომ კოლიკა ზუსტადაც თქვენი ბრალია.
ბავშვს მუცელი აწუხებს? დედის ბრალია. ტირის? დედის ბრალია. ღამით არ სძინავს? აბა, ვინ შეჭამა გუშინ კომბოსტოს სალათი?! საერთოდ, სასურველია, ბავშვის დაბადების შემდეგ დედამ საკვების მიღება შეწყვიტოს მზის ენერგიით და ჰაერით იკვებოს(მაგრამ, შეიძლება ჰაერითაც გაიბეროს ბავშვი).
• გეტყვიან, რომ აუცილებელია რძის მომყვანი ელექსირების დალევა, მკერდის მასაჟთან ერთად, რომ რძე დიდხანს და ბედნიერად გქონდეთ.
სასურველია, ეს ელექსირი იყოს მეზობლის მიერ რეკომენდებული, განსაკუთრებული რეცეპტით მომზადებული და აუცილებლად ისეთი გემოსი, რომ დალევისას დედობის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენოთ. რაც შეეხება მკერდის მასაჟს, რაც უფრო მტკივნეულია, მით უფრო დამაჯერებლად ჟღერს მისი ეფექტიანობა.
• როცა რძე დაგირეგულირდებათ, გეტყვიან, რომ რძე არ გაქვთ, აბა ჩაჩუტულ მკერდში რა უნდა რძეს?!
რადგან მკერდი ხომ მუდმივად გადავსებული და დაჭიმული უნდა იყოს! რბილი მკერდი პირდაპირ ნიშნავს, რომ რძე გაქრა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ლაქტაციის დარეგულირებისას მკერდის დარბილება ხშირად სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.
• გაჩუქებენ ბავშვის ხელთათმანებს და იმასაც დაამატებენ, რომ 40 დღემდე ფრჩხილები არ უნდა დააჭრათ.
რატომ 40 დღე და არა 39 ან 41? ამ კითხვაზე პასუხის ძიება არ ღირს. უბრალოდ იცოდეთ, რომ მე-40 დღეს ფრჩხილის მაკრატელი რაღაც მისტიკური ძალით უსაფრთხო ხდება. მანამდე კი ბავშვმა საკუთარი სახე უნდა დაკაწროს ან ხელთათმანებით იაროს — ტრადიცია ტრადიციაა!
• გისაყვედურებენ შეცვლილი ხასიათის, პოსტსამშობიარო დეპრესიის ნიშნების გამოვლენისთანავე: „როგორ შეიძლება სახე ჩამოგტიროდეს, არ გიხარია, რომ ჯანმრთელი შვილი გყავს?!“
დიახ, დედა ვალდებულია, მშობიარობის შემდეგ დაუყოვნებლივ ბედნიერების რეჟიმზე გადაერთოს. ტკივილი, უძილობა, ჰორმონული ცვლილებები, შფოთვა და ემოციური გადაღლა? ეს ყველაფერი ალბათ უბრალოდ ცუდი ხასიათია. და თუ დახმარება გჭირდებათ, ყველაზე ეფექტიანი რჩევა იქნება: „ნუ ფიქრობ ცუდზე!“ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან მიმართვა კი, როგორც ჩანს, ზედმეტი ფუფუნებაა.

• გისაყვედურებენ, რომ ბავშვს ცივი ხელ-ფეხი აქვს — „აბა შენ დედა ხარ? ბავშვს რატომ ყინავ?!“
არ აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვილებს ხშირად ცივი კიდურები აქვთ და ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ სცივათ. მთავარია, ბავშვის ფეხს ვინმე შეეხოს და ხმამაღლა გამოაცხადოს: „ეს ბავშვი გაყინულია!“
• გათბობა ბოლომდე უნდა იყოს აწეული და ბავშვს 3 წინდა უნდა ეცვას. შეიძლება გაგიმართლოთ, თუ ბავშვი ზაფხულში გაჩნდა.
თუმცა დიდად ნუ გექნებათ იმედი. ზაფხულშიც აუცილებლად მოიძებნება ვინმე, ვინც გეტყვით, რომ ბავშვს „ნიავი უბერავს“. ამიტომ საუკეთესო ვარიანტია სახლში ტროპიკული კლიმატის შექმნა, ბავშვის რამდენიმე ფენად შეფუთვა და შემდეგ გაოცება – რატომ ოფლიანობს?!
• ისიც იცოდეთ, რომ ბავშვის პირველი გაციება, დავარდნა და ტირილი თქვენი ბრალი იქნება.
ბავშვი გაცივდა? -ცუდად ჩააცვით. წაიქცა? -ვერ მიხედეთ. იტირა? ვერ დაამშვიდეთ. არ იტირა? რაღაც საეჭვოდ მშვიდია. დედობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ხომ ის არის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, დამნაშავე წინასწარ ცნობილია.
• მეზობელი მანანას დისშვილის რძალი კი დედობის ეტალონად მოგევლინება, მისი შვილი ხომ 2 თვიდან დახოხავს, 6 თვიდან დარბის, სალტოებს აკეთებს და 10 თვის უკვე უნივერსიტეტში აბარებს, შენს შვილს კი ჯერ გადაბმულად ვერ უთქვამს – ჰიდროელექტროსადგური.
და, რა თქმა უნდა, მუდმივად შეგახსენებენ, რომ „ცოტა მეტი უნდა იმუშაოთ ბავშვთან“. არ არის გამორიცხული, მალე გაიგოთ, რომ მანანას დისშვილის რძლის შვილმა 11 თვის ასაკში დისერტაციაც დაიცვა, 1 წლისა კი უკვე საკუთარი სტარტაპი დააფუძნა. თქვენი შვილი ამ დროს სათამაშოს ღეჭავს. ნამდვილად დასაფიქრებელია.

• იმასაც გეტყვიან, რომ – რა ხართ ეს თანამედროვე დედები, რამდენ სისულელესაც წაიკითხავთ ინტერნეტში, ყველაფრის გჯერათ და ჯობს დაუჯეროთ პედიატრს, ქალბატონ თამარს, პროფესორს, 55-წლიანი გამოცდილებით, რომელიც დილას ერთ ხელოვნურ კვებას გინიშნავთ, საღამოს კი — მეორე ბრენდს, ისე — მრავალფეროვნებისთვის.
და თუ გაბედავთ კითხვას, რატომ განსხვავდება ეს რეკომენდაცია თანამედროვე სამედიცინო გაიდლაინებისგან, პასუხიც მზად იქნება: „შვილო, მე შენხელა შვილიშვილები მყავს გაზრდილი!“ ამ არგუმენტთან, ცხადია, უძლურია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, სამეცნიერო კვლევები და ნებისმიერი მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაცია.
და კიდევ რამდენიმე სიურპრიზი, რომლისთვისაც არავინ გაგაფრთხილებთ:
• ბავშვს ხელში ხშირად ნუ აიყვანთ, მიეჩვევა!
სასურველია, ახალშობილმა დაბადებისთანავე ისწავლოს დამოუკიდებლობა, ემოციური თვითრეგულაცია და, თუ შესაძლებელია, საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებაც.
• ბავშვი თუ კარგად იმატებს წონაში, ზედმეტს აჭმევთ. თუ ნაკლებად იმატებს – რძე არ გყოფნით.
აქ ოქროს შუალედის პოვნა შეუძლებელია. მთავარია, ყოველთვის არსებობდეს მიზეზი, რის გამოც დედას ნერვიულობა მოუწევს.
• და თუ ყველაფერს სწორად აკეთებთ, მაინც აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვით: „ჩვენ დროს ასე არ ვზრდიდით ბავშვებს და მშვენივრად გავზარდეთ!“
ამ შემთხვევაში საუკეთესო პასუხი იქნებოდა: „დიახ, და სწორედ ამიტომ გვაქვს დღეს შესაძლებლობა, რაღაცები უკეთ ვიცოდეთ“.
მაგრამ, სავარაუდოდ, ამ პასუხისთვისაც გაგაკრიტიკებენ – თანამედროვე დედები ძალიან ბევრს ლაპარაკობთო.
წინ დიდი გზა გელით, დიდი მარათონი, სადაც მხოლოდ სწორი ინფორმაციით, ცოდნით და მუდმივი განვითარებით შეძლებთ გაზარდოთ შვილი ისე, როგორც ეს თქვენ გსურთ და ისე, როგორც ეს სწორია.

ამ გზაზე ბევრ შეცდომას დაუშვებთ. ზოგჯერ დაიღლებით, ზოგჯერ იტირებთ, ზოგჯერ საკუთარ გადაწყვეტილებებშიც შეგეპარებათ ეჭვი. მაგრამ ეს ყველაფერი დედობის ნაწილია და არა იმის მტკიცებულება, რომ რაღაც არ გამოგდით. მოუსმინეთ ადამიანებს, მაგრამ ნუ მისცემთ ყველას უფლებას, თქვენს ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილებები. მიიღეთ დახმარება, მაგრამ გაარჩიეთ დახმარება გაუთავებელი კრიტიკისგან. ენდეთ კვალიფიციურ სპეციალისტებს, სანდო სამედიცინო ინფორმაციას და გახსოვდეთ, რომ დედასაც სჭირდება ზრუნვა, დასვენება და მხარდაჭერა.
არასდროს და არცერთი წუთით არ დაიდანაშაულოთ თავი იმის გამო, რომ ყველაფერი არ იცით. დედობა გამოცდა არ არის, რომელშიც პირველივე დღიდან უმაღლესი ქულა უნდა მიიღოთ. და ბოლოს, თუ ვინმე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ „ჩვენ დროს ასე არ იყო“, უბრალოდ გაიღიმეთ.
ჩვენ დროში ბევრი რამ სხვანაირად არის. მათ შორის ისიც, რომ დედებს მეტი ინფორმაციის მიღების, კითხვების დასმისა და საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ.
მთელი გულით გისურვებთ წარმატებას!
თანამედროვე დედა ❤️





