1931 წელს ინგლისელმა ექიმმა და მეცნიერმა ლუსი უილსმა გადაწყვიტა, ორსულისთვის, რომელსაც ანემია აწუხებდა, ლუდის საფუვრის ექსტრაქტი დაენიშნა. გარკვეული დროის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მეცნიერები კი თავს იმტვრევდნენ იმაზე ფიქრით, თუ კონკრეტულად რომელმა კომპონენტმა გადაწყვიტა პრობლემა. საიდუმლო კომპონენტის იდენტიფიცირება ექსტრაქციისა და ნივთიერებათა კრისტალიზაციის ტექნოლოგიების გაუმჯობესების წყალობით გახდა შესაძლებელი. 1942 წელს მეცნიერთა ჯგუფმა, პროფესორ მიტჩელის ხელმძღვანელობით, სანუკვარი ნივთიერება ისპანახის ფოთლებისგან მიიღო. აღმოჩნდა, რომ ეს არის ორგანული მჟავა, რომელსაც უწოდეს ფოლიუმი (ლათ. Folium, „ფოთოლი“).
ფოლიუმის მჟავა, იგივე B9, წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც მრავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესისთვის არის საჭირო. აღნიშნულ ელემენტს ორგანიზმში უმნიშვნელო რაოდენობით ბაქტერიები სინთეზირებენ, თუმცა ძირითად ნაწილს ადამიანი საკვებიდან იღებს, ისეთი პროდუქტებისგან, როგორიც არის ფოთლოვანი ბოსტნეული, ზღვის კომბოსტო, მზესუმზირის თესლი, თხილი და ა.შ.
ფოლიუმის მჟავის ძირითადი ფუნქციებიდან ყურადსაღებია:
• ბავშვებსა და მოზარდებში უჯრედების გაყოფის პროცესში აქტიურობა, რაც ხელს უწყობს მათ ზრდასა და განვითარებას.
• გენეტიკური კოდის სინთეზში მონაწილეობა.
• სისხლის მიმოქცევის სტიმულაცია.
• ნივთიერებათა ცვლის პროცესის გაუმჯობესება.
წყალში ხსნადი ვიტამინები ორგანიზმიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოიყოფა ბუნებრივი გზით, ამიტომ მათი გამოყენება რეგულარულად არის საჭირო. რაც შეეხება ცხიმში ხსნად ვიტამინებს, ის შესაძლოა ჩალაგდეს, მაგალითად, ღვიძლში.
ქალებში ფოლიუმის მჟავა ახალგაზრდობის შესანარჩუნებელი ერთ-ერთი შეუცვლელი კომპონენტია. ამ ვიტამინის საკმაოდ დოზით მიღება ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესს, უნარჩუნებს კანს სიმკვრივესა და ელასტიურობას. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე B9 ჩასახვისთვის. ის მონაწილეობს ქალის უჯრედების (ოციტი) მომწიფებაში, იმპლანტაციაში და პლაცენტის ჩამოყალიბებაში. ფოლიუმის მჟავა მხოლოდ ქალებისთვის როდი არის საჭირო. ის სპერმატოგენეზის პროცესშიც მონაწილეობს, რომელიც ხელს უწყობს მამაკაცის სასქესო უჯრედის (სპერმატოზოიდი) წარმოქმნას. ამიტომ, ჩასახვის დროს, ორივე პარტნიორს ეს ვიტამინი საკმარისი რაოდენობით უნდა ჰქონდეს.
ფოლიუმის მჟავა ორსულებს განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში სჭირდებათ მეტი რაოდენობით, სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ნაყოფის ორგანოები, რომელთა განვითარებისთვის საჭიროა უჯრედების აქტიური დაყოფა, რასაც ფოლიუმის მჟავა სჭირდება. ეს განსაკუთრებით ნაყოფის ნერვულ მილს ეხება, საიდანაც ყალიბდება თავის და ზურგის ტვინი.
ფოლიუმის მჟავის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს:
• ნერვული სისტემის განვითარების შეფერხება
• გულის მანკი
• დაუნის სინდრომი
• სისხლძარღვთა დარღვევები
აღნიშნული ვიტამინის მიღების აუცილებლობა განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში აიხსნება ასევე ამ პერიოდში ორსულებში დაქვეითებული მადით, რაც, როგორც წესი, გამოწვეულია ტოქსიკოზით, რის შედეგადაც ფიქსირდება ვიტამინების დეფიციტი. აღსანიშნავია, რომ ამ დროს საუბარია არა მხოლოდ ფოლიუმის მჟავაზე, არამედ სხვა ვიტამინებზეც, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ვიტამინის მიღება პირად ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული.
ასევე დაგაინტერესებთ: