ორსულობის დაგეგმვა - აუცილებელი რეკომენდაციები

27-09-2021

როდის არის საუკეთესო დრო დაორსულებისთვის? 

დაორსულებისთვის საუკეთესო დრო ოვულაციამდე 2 დღით ადრეა. თუმცა, დაორსულება მანამდე ან მას შემდეგაც არის შესაძლებელი. სპერმას შეუძლია, საშვილოსნოს ყელში არსებულ ლორწოში 5 დღე იცოცხლოს, კვერცხუჯრედი კი ოვულაციის შემდეგ 24 საათი ცოცხლობს. „ზოგადად,  დაორსულების ყველაზე დიდი შანსი მენსტრუაციამდე 12-16 დღით ადრეა“, - ამბობს ედვარდ მარუტი, რეპროდუქტოლოგ-ენდოკრინოლოგი ილინოისის ფერტილობის კლინიკიდან.
ყველაზე მნიშვნელოვანი იმის დაფიქსირებაა, თუ ზუსტად როდის დგება ოვულაცია. ყველა ქალის მენსტრუალური ციკლი განსხვავებულია. ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ოვულაცია ციკლის მე-14 დღე დგება. თუმცა, ეს უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ მითია და სიმართლეს არ შეესაბამება.
ოვულაციის ზუსტი დროის დასადგენად რამდენიმე მეთოდი არსებობს:
ორსულობის დაგეგმვა, ორსულობა, ოვულაცია, ოვულაციის კალენდარი,

შეამოწმეთ თქვენი ბაზალური ტემპერატურა

ბაზალური ტემპერატურა დგინდება დილით, გაღვიძებისთანავე. ოვულაციის დროს ბაზალური ტემპერატურა ოდნავ იმატებს და მენსტრუაციამდე მომატებული რჩება.
ბაზალური ტემპერატურის გასაზომად უმჯობესია გამოიყენოთ ბაზალური თერმომეტრი, რომელიც ტემპერატურაში მცირედ ცვლილებებსაც ასახავს.
ტემპერატურა უნდა გაიზომოთ ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, სანამ საწოლიდან ადგებით. ჩაინიშნეთ პირველი დღე, როცა ის მოიმატებს. მას შემდეგ, რაც ოვულაციის დროს დაადგენთ,შეგეძლებათ მომავალი ციკლის ოვულაციის დღის წინასწარ განსაზღვრა.

სცადეთ ოვულაციის განმსაზღვრელი ნაკრები (OPK)

ოვულაციის განმსაზღვრელი ნაკრები შეიცავს სახლში გამოსაყენებელ ოვულაციის ტესტებს, რომლებიც მალუთეინეზებელი ჰორმონის მომატებას აღიქვამს, რომლის დონეც ოვულაციამდე 24-48 საათით ადრე იმატებს და ოვულაციის დროს მაქსიმუმს აღწევს.
ტესტის გაკეთება მენსტრუალური ციკლის შუაში უნდა დაიწყოთ და უნდა გაიკეთოთ ყოველდღე, 5-10 დღის განმავლობაში. როცა მალუთეინეზებელი ჰორმონის დონე მომატებას დაიწყებს, დროა დაიწყოთ დაორსულების მცდელობა.

ტესტების ორი სახის ნაკრები არსებობს:
ოვულაციის ტესტის ზოლები: ეს არის ქაღალდის ფირფიტა, რომელიც  შარდის კონტეინერში უნდა მოათავსოთ. რამდენიმე წუთში დაინახავთ ხაზს. იმის მიხედვით, თუ რამდენად  მკვეთრია ხაზი, განსაზღვრავთ, ოვულაცია ახლოსაა თუ არა.
ოვულაციის ციფრული ტესტები: უფრო ძვირია, ვიდრე ქაღალდის ტესტი. ციფრული ტესტის შემთხვევაში დილით, მოშარდვისას შარდის ნაკადს უნდა შეუშვიროთ ტესტი. დადებითი ან უარყოფითი მაჩვენებელი გამოისახება ეკრანზე.ოვულაციის ტესტების ნაკრები იყიდება უმეტეს აფთიაქში. ტესტები, ბაზალური ტემპერატურის განსაზღვრასთან შედარებით, ოვულაციის უფრო ზუსტად დადგენაში დაგეხმარებათ.

ორსულობა, ოვულაცია, ორსულობის დაგეგმვა,

გამოიყენეთ ციკლის აღმრიცხველი აპლიკაცია


მობილური აპლიკაციები დაგეხმარებთ მენსტრუალური ციკლის აღრიცხვაში. თქვენ შეიყვანთ მონაცემებს, როგორებიცაა მენსტრუაციის პირველი დღე, ოვულაციის ტესტის შედეგები და ბაზალური ტემპერატურის მაჩვენებელი და მიიღებთ შეხსენებებს, როდესაც ფერტილობის პერიოდი გექნებათ.ამ აპლიკაციების უარყოფითი მხარე ისაა, რომ მათი უმეტესობა იყენებს სტანდარტულ, 28-დღიან ციკლს, რომლის დროსაც ოვულაცია მე-14 დღეს დგება, რაც ბევრი ქალის შემთხვევაში არ შეესაბამება სიმართლეს.

ფერტილობის მონიტორები

ფერტილობის მონიტორი იყენებს ოვულაციის ტესტ-ზოლებს და შეიცავს ელექტრონულ მონიტორს. ის ზომავს მალუთეინეზებელი ჰორმონის და ესტროგენების დონეს, ადგენს ამ ჰორმონების პიკურ დღეებს და ინახავს  რამდენიმე მენსტრუალური ციკლის მონაცემებს. ეს უფრო მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოა, ვიდრე უბრალო ტესტები. თუმცა, გაცილებით უფრო ძვირიცაა - ფასი 200 აშშ დოლარიდან იწყება, და როგორც მენსტრუაციის მობილური აპლიკაციების შემთხვევაში, აქაც სტანდარტად 28-დღიანი ციკლია აღებული.

ორსულობა, ოვულაცია, ორსულობის დაგეგმვა,

საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალური) ლორწო

ჰორმონები, რომლებიც თქვენს მენსტრუალურ ციკლს აკონტროლებენ, ასევე საშვილოსნოს ყელის ლორწოზეც ახდენენ გავლენას. მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე არის „მშრალი პერიოდი“, როცა საშვილოსნოს ყელში ლორწო საერთოდ არ არის. როდესაც კვერცხუჯრედები მომწიფებას იწყებს, ლორწოც იწყებს დაგროვებას, რაც შეგვიძლია ვაგინალური გამონადენის სახით ვნახოთ. გამონადენი თავიდან თეთრი ან ყვითელი შეფერილობის და წებოვანია. ოვულაციის წინ დგება „სველი პერიოდი“, როდესაც ლორწო გამჭვირვალე და სრიალა ხდება, როგორც კვერცხის ცილა. ამ დროს ყველაზე დიდია დაორსულების შანსი.

როდის უნდა გქონდეთ სქესობრივი კავშირი?

სქესობრივი კავშირის ოვულაციასთან მაქსიმალურად დაახლოება საუკეთესო არჩევანია. უმჯობესია, თუ სექსი ხშირად გექნებათ. ეცადეთ, რომ სქესობრივი კავშირი  გქონდეთ ყოველდღე, დაწყებული ოვულაციის წინა 5 დღიდან, ოვულაციის შემდგომი დღის ჩათვლით. სხვა ვარიანტია, სქესობრივი კავშირი გქონდეთ ყოველ მეორე დღეს მიუხედავად იმისა, თუ ციკლის რა ფაზაში ხართ. ასევე, შეგიძლიათ სექსი გქონდეთ ყოველ მეორე დღეს დაწყებული მენსტრუალური ციკლის მერვე დღიდან. მეათე დღეს დაიწყეთ ოვულაციის ტესტის კეთება. როდესაც ტესტი დადებით შედეგს დააფიქსირებს, უმჯობესია მომდევნო სამი დღის მანძილზე ყოველდღე გქონდეთ სექსი.
თუ ამ მეთოდებით 6 თვეში არ დაორსულდებით, მიმართეთ ექიმს. შეგიძლიათ მიაკითხოთ გინეკოლოგს ან რეპროდუქტოლოგ-ენდოკრინოლოგს.

წყარო:webmd.com 

ასევე დაგაინტერესებთ: