უსაფრთხოა თუ არა ახალშობილთან კონდიციონერის ან ქულერის გამოყენება?
დიახ კონდიციონერი სრულიად უსაფრთხოა, თუ დაიცავთ სიფრთხილის რამდენიმე წესს. ექიმების უმეტესობა თანხმდება, რომ ახალშობილისთვის გამაგრილებლის ან კონდიციონერის გამოყენება უფრო უსაფთხოა, ვიდრე ცხელ და ნოტიო გარემოში გაჩერება.
ბავშვებს, განსაკუთრებით ახალშობილებს, არ შეუძლიათ სხეულის ტემპერატურის რეგულირება. ეს მათ დაუცველს ხდის გადახურების და სიცხესთან დაკავშირებული მდგომარეობების მიმართ, როგორიცაა ნასიცხი, გაუწყლოება, სითბური დაღლილობა ან სითბური დაკვრა. ექსპერტების თანახმად, სათანადოდ გაგრილებულ და ვენტილირებულ ოთახში ყოფნა ეხმარება პატარას კომფორტულად დაძინებაში და ამცირებს SIDS-ის (ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი) რისკს.
მეორე მხრივ, ძალიან ცივმა ოთახმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ბავშვის სხეულის ტემპერატურა და გააციოს ის. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ რჩევებს, რათა ბავშვის გარემოცვაში კონდინციონერი ან გამაგრილებელი უსაფრთხოდ გამოიყენოთ:
შეინარჩუნეთ კომფორტული ოთახის ტემპერატურა
გარემოში სიცხისა და ტენიანობის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი კონდინციონერის ან ქულერის მუშაობაზე. ოთახი შეიძლება ძალიან სწრაფად გაცივდეს ან გახურდეს, რაც მას არასასიამოვნოს გახდის ბავშვისთვის. ასე რომ, შეინარჩუნეთ კომფორტული ტემპერატურა, რომელიც არ არის ძალიან ცივი ან ძალიან თბილი. პედიატრები გვირჩევენ დავიცვათ ტემპერატურის დიაპაზონი 23-დან 26 გრადუსამდე.
- თუ იყენებთ კონდინციონერს, დააყენეთ ტაიმერი, რათა დაადგინოთ ოთახის გაგრილებისთვის საჭირო დრო. თუ კონდინციონერს არ აქვს ტემპერატურის მაჩვენებელი, გამოიყენეთ ოთახში თერმომეტრი ტემპერატურის მონიტორინგისთვის.
- თუ გამაგრილებელს, ანუ „ქულერს“ იყენებთ, დატოვეთ ფანჯარა ან კარი ნაწილობრივ ღია, განსაკუთრებით ტენიან ამინდში. ქულერი ჰაერის გასაგრილებლად წყლის აორთქლების მეთოდს იყენებს, რაც ზრდის ჰაერის ტენიანობას. დახურულ ოთახში ტენიანობა მატულობს და ამან შეიძლება გამოიწვიოს ოთახში ტემპერატურის თანდათანობითი მატება.
- ზოგიერთი ექსპერტი გვთავაზობს, რომ ტენიან ამინდში გამაგრილებლის ნაცვლად ვენტილატორი ან კონდინციონერი გამოვიყენოთ.
- ყურადღებით იყავით, რომ ბავშვი კონდინციონერიდან ან გამაგრილებლიდან გამოსული ცივი ნაკადის პირდაპირ ზემოქმედებას არ განიცდიდეს.
- ჩააცვით ბავშვს მსუბუქი ტანისამოსი, რომელიც დაფარავს მის ხელებსა და ფეხებს და ქუდი, რომელიც დაიცავს მის თავს.
- თუ გადაწყვეტთ, ბავშვს მსუბუქი საბანი ან პლედი დააფაროთ, ყოველთვის დარწმუნდით, რომ ის ბავშვის იდაყვების ქვეშაა მოთავსებული, რათა თავიდან აიცილოთ სახის დაფარვა.
- იდეალურ შემთხვევაში, ბავშვმა უნდა ჩაიცვას თქვენზე ერთი ფენით მეტი ტანისამოსი, რომელიც სხეულს მჭიდროდ არ ეკვრის.
- კონდინციონერმა შეიძლება ოთახის ჰაერის ტენიანობა შეამციროს და ბავშვის კანი გამოაშროს. გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი.
- ასევე კარგია ოთახში წყლის თასის დადგმა. ითვლება, რომ წყალი ხელს უწყობს ოთახში ჰაერის ტენიანობის შენარჩუნებას.
- ნუ გაიყვანთ ბავშვს კონდიცირებული ოთახიდან პირდაპირ ცხელ გარემოში. გასვლამდე გამორთეთ კონდინციონერი და მიეცით პატარას დრო, რომ შეეგუოს გარე ტემპერატურას.
- სანამ მანქანაში კონდიციონერს ჩართავთ, გაანიავეთ ის, რათა მანქანის შიგნით დაგროვებული ცხელი ჰაერი გარეთ გავიდეს.
წყარო: babycenter