SIDS -ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი

17-10-2021

ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომს უწოდებენ რაიმე გამოვლენილი ჯანმრთელობის პრობლემის არმქონე, პრაქტიკულად ჯანმრთელი, 1 წლამდე ასაკის ბავშვების უეცარ სიკვდილს, რომელიც, როგორც წესი, ძილის დროს დგება.
ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის მიზეზი ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ეს სინდრომი ასოცირებულია ტვინის იმ უბნის დისფუნქციასთან, რომელიც სუნთქვის და გაღვიძების პროცესს აკონტროლებს.

გამომწვევი მიზეზები

ფიზიკური ფაქტორები:
•    თავის ტვინის თანდაყოლილი დეფექტები. სუნთქვის ცენტრის და გაღვიძების პროცესზე პასუხისმგებელი ტვინის უბნის არასრული განვითარება.
•    დაბადებისას მცირე წონა. დღენაკლულობის ან მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს გაზრდილია ალბათობა, ბავშვის თავის ტვინმა დაბადებამდე ვერ მოასწროს ჩამოყალიბება. ამის შედეგად, თავის ტვინის სტრუქტურებს ნაკლები კონტროლი აქვთ ორგანიზმში მიმდინარე ავტონომიურ პროცესებზე, როგორებიცაა სუნთქვა და გულის ცემა.
•    რესპირატორული ინფექციები. ამ სინდრომით გარდაცვლილ  ჩვილთა უმრავლესობას წინა პერიოდში რესპირატორული ინფექცია  (გრიპი, გაციება) ჰქონდათ, რამაც, სავარაუდოდ, სუნთქვის გაძნელებას შეუწყო ხელი.

გარემო, სადაც ბავშვს სძინავს:
ჩვილის საწოლში არსებული ნივთები და ძილის პოზა, ფიზიკურ ფაქტორებთან კომბინაციაში, ზრდის უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს. მაგალითად:
•    მუცელზე ან გვერდზე წოლა ძილისას. ამ პოზიციებში ბავშვს სუნთქვა უფრო მეტად უჭირს ვიდრე ზურგზე წოლისას.
•    რბილ ზედაპირზე ძილი. რბილ პლედზე, გადასაფარებელზე ან მატრასზე პირქვე წოლისას შეიძლება ბავშვს სასუნთქი გზები დაეხშოს.
•    გადახურება. სასურველია, ბავშვს ძილისას ძალიან არ დასცხეს.

რისკ-ფაქტორები
ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი:

•    სქესი- ბიჭებში რისკი ოდნავ უფრო მაღალია.
•    ასაკი-ჩვილები ყველაზე მოწყვლადი 2-4 ვის ასაკში არიან.
•    რასა- არათეთრკანიან ჩვილებში რისკი მეტია.
•    ოჯახური ისტორია- დედმამიშვილებში ან ბიძაშვილ-მამიდაშვილებში ამ სინდრომით გარდაცვალების ფაქტი რისკს ზრდის.
•    პასიური მწეველობა- მწეველი ოჯახის წევრის ყოლა რისკს ზრდის.

დედისმხრივი რისკ-ფაქტორები
თუ დედა ორსულობისას:

•    20 წელზე ნაკლები ასაკისაა.
•    მწეველია.
•    იღებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს.
•    არ გადის პრენატალურ მეთვალყურეობას.


პრევენცია
პრევენციის გარანტირებული მეთოდი არ არსებობს, თუმცა უსაფრთხოების ზომების დაცვით შეგიძლიათ რისკი შეამციროთ:
•    ზურგზე წოლა. სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ბავშვი ყოველთვის ზურგზე დააწვინეთ ძილისას. ზურგზე წოლა არ არის აუცილებელი როდესაც პატარას ღვიძავს ან შეუძლია დამოუკიდებლად გადაბრუნება. გააფრთხილეთ ბავშვის სხვა მომვლელებიც დააწვინონ ის ზურგზე. როცა ბავშვი ტირის, დასამშვიდებლად არ დააწვინოთ ის მუცელზე.
•    ბავშვის საწოლზე დატოვეთ რაც შეიძლება ცოტა ნივთი. გამოიყენეთ მყარი მატრასი. არ დააწვინოთ ბავშვი ძალიან რბილ და ფუმფულა ზედაპირზე, რაიმე სახის ბეწვზე ან სქელ პლედზე. არ დატოვოთ ბალიშები, ფუმფულა სათამაშოები ბავშვის საწოლზე როცა მას სძინავს. თუ ჩვილი მათზე სახეს მიაყრდნობს შეიძლება სუნთქვა ვეღარ შეძლოს.
•    დაიცავით ბავშვი გადახურებისგან. სცადეთ ბავშვების საძილე ტომრის ან მის ტანზე მორგებული საბნის გამოყენება. არ დაფაროთ ჩვილის სახე ძილისას.
•    დააძინეთ ბავშვი თქვენს ოთახში. იდეალური ვარიანტია, სიცოცხლის სულ მცირე პირველი 6 თვის განმავლობაში ეძინოს ჩვილს თქვენს ოთახში, ცალკე საწოლში, რომელიც სპეციალურად მისი ასაკზეა გათვლილი. უკეთესია თუ პატარას თქვენს ოთახში 1 წლის ასაკამდე დააძინებთ.
ზრდასრულთა საწოლი არ არის უსაფრთხო ჩვილი ბავშვისთვის. ბავშვის   სხეულის რომელიმე ნაწილი შეიძლება გაიჭედოს საწოლის სტრუქტურებს შორის. ჩვილი შეიძლება გაიგუდოს, თუ ზრდასრული ძილში გადატრიალებისას შემთხვევით მის ცხვირს ან პირს დაფარავს.  
•    გამოკვებეთ ჩვილი ძუძუთი, თუ ეს შესაძლებელია. ძუძუთი კვება, სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, ამცირებს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს.
•    არ გამოიყენოთ „ბეიბი მონიტორი“ ან სხვა კომერციული ნაწარმი, რომელიც გპირდებათ რომ შეამცირებს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის განცხადებით ისინი ამ მიზნისთვის სრულიად უსარგებლოა
•    მიეცით ჩვილს საწოვარა. საწოვარას წოვა ამცირებს ძილისას უეცარი სიკვდილის რისკს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ საწოვარას არ უნდა ჰქონდეს მობმული საყელური ან ზონარი. თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ, შესთავაზეთ მას საწოვარა მხოლოდ 3-4 კვირის ასაკის შემდეგ, როდესაც ის ძუძუს წოვას უკვე კარგად იქნება შეჩვეული.
თუ თქვენს ჩვილს არ მოსწონს საწოვარა, არ დააძალოთ მას. უბრალოდ ისევ შესთავაზეთ მომდევნო დღეს. თუ მას საწოვარა ძილისას პირიდან უვარდება, არ ჩაუდოთ უკან პირში.
•    აცერით შვილი. არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იმუნიზაცია უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს ზრდის, პირიქით. კვლევები ადასტურებენ, რომ აცრებს შეუძლია მის პრევენციას შეუწყოს ხელი.

წყარო: mayoclinic.org