როგორ ვაკონტროლოთ ბავშვის ჯანმრთელობა ციფრული ტექნოლოგიების ხანაში

14-04-2022

ფსიქოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ციფრული ტექნოლოგიები დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მოგვწონს ეს თუა არა, თანამედროვე ტექნოლოგიები გავლენას ახდენს ადამიანების ყოველდღიურ მდგომარეობაზე. სანამ მშობლები იმაზე ფიქრობენ, რამდენად მოქმედებს მობილური ტელეფონი და პლანშეტები მათ შვილებზე, თავად ბავშვებს მობილურის და კომპიუტერის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.  საბოლოოდ მეცნიერები და მშობლებიც მიდიან იმ აზრამდე, რომ მობილურს და კომპიუტერს ბავშვებისთვის დადებითის მოტანაც შეუძლია და უარყოფითისაც. თუ გსურთ, რომ თანამედროვე სამყარომ თქვენს შვილზე მაქსიმალურად დადებითად იმოქმედოს, მთავარია ბავშვს მისი მოხმარების დროს ბალანსი დააცვევინოთ. როგორ?

1. პირველ რიგში მკაცრად აკონტროლეთ დრო, დაუწესეთ ბავშვს ლიმიტი. ეცადეთ, რომ მობილურის გარეშე დრო ფიზიკური და გონებრივი აქტივობებით ჩაანაცვლოთ.
2. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ბავშვმა დღეში რამდენიმე საათი მაინც გაატაროს სუფთა ჰაერზე, სათამაშო მოედანზე, დაკავდეს ფიზიკური აქტივობით.
3. ციფრული ტექნოლოგიები არასასურველია ბავშვებისთვის იმ მხრივ, რომ ის უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე, ვირტუალურ სივრცეში მას აქვს წვდომა ძალიან ბევრ ადამიანთან, რაც მას აძლევს საშუალებას მუდმივად შეადაროს თავი სხვას. იღებს ბევრ გაუფილტრავ და ნეგატიურ ინფორმაციას. ამან კი შესაძლოა ბავშვი დასტრესოს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს სტრესთან გამკლავება ასწავლოთ. 
4. მეცნიერები პირდაპირ უკავშირებენ სუიციდის მომატებულ შემთხვევებსა და დეპრესიას, სოციალურ ქსელში აქტივობას, ამიტომ აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება თქვენი შვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, დაუკვირდით, ხომ არ ეტყობა დეპრესიის ნიშნები. 
5. ეცადეთ თქვენს შვილს ჰყავდეს მეგობრები, რომლებთანაც გაატარებს დროს არა სოციალურ ქსელში, არამედ ბუნებაში, ოჯახში და ა.შ. 
6. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ და შეისწავლოთ ინტერნეტრესურსი, რომელიც აქცენტირებულია ადამიანის ჯანმრთელობაზე. გააცანით მსგავსი აპლიკაციები ბავშვებსაც და ეცადეთ ერთად ჩაებათ ასეთ აპლიკაციებში.
აუხსენით ბავშვს, რომ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ყოველთვის მაღალ პროდუქტიულობას როდი ნიშნავს. 
7. გააგებინეთ ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს ინტერნეტ სივრცეში, რომ პირადი ინფორმაცია არავის არ უნდა გაუზიაროს, რათა მაქსიმალურად დაიცვას უსაფრთხოების ზომები და არ გამოელაპარაკოს უცნობებს.
8. ეცადეთ ხშირად ისაუბროთ ადამიანურ ურთიერთობებზე, საკუთარ მაგალითზე აჩვენოთ ბავშვს, რომ ვირტუალურ კავშირზე მეტად ადამიანური კავშირები ფასობს და რომ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანების ცხოვრებაში. უყიდეთ შინაური ცხოველი, ასწავლეთ მასზე ზრუნვა.