ბავშვი ზრდის პროცესში სამყაროს შეცნობას თამაშითა და სხვადასხვა აქტივობებით იწყებს და ივითარებს სხვადასხვა უნარს. ბავშვის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობით და თქვენი ცოტაოდენი დახმარებით მას არაჩვეულებრივი უნარების განვითარება შეუძლია. ამ პროცესში მშობლები და მასწავლებლები უდიდეს როლს თამაშობენ. ბავშვის განვითარების პროცესზე უდიდეს გავლენას ახდენს მისი გარემოც. შემოგთავაზებთ 6 აქტივობას, რომლებიც ავარჯიშებს ბავშვის გონებას და ასტიმულირებს ტვინის განვითარებას:
1. კითხვა
შვილთან ერთად წიგნის კითხვა ძალიან სასარგებლოა მისთვის. წაუკითხეთ წიგნები, დააინტერესეთ კითხვით. ჩამოაყალიბეთ კითხვის ყოველდღიური რუტინა. შედეგად ბავშვს განუვითარდება მოსმენისა და ყურადღების კონცენტრირების უნარი, ფანტაზია და ამდიდრებს ლექსიკას. წაუკითხეთ ასაკის შესაფერისი წიგნები ნელა და გასაგებად. თუ ბავშვს სურს, დაისვით კალთაში კითხვის დროს, რათა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს. იმ შემთხვევაშიც, თუ ბავშვი ყოველ საღამოს ერთი და იმავე წიგნის წაკითხვას გთხოვთ, არ უთხრათ უარი.
2. წარმოსახვითი თამაშები
ბავშვებს კრეატიულობა და ფანტაზია წარმოსახვითი თამაშების შედეგად უვითარდებათ, ამიტომ არ შეუშალოთ შვილს ხელი, ითამაშოს სხვადასხვა როლი. მან შეიძლება საყვარელი პერსონაჟის მსგავსი ტანსაცმლის ჩაცმა მოინდომოს ან თავად გამოიგონოს პერსონაჟები და ისტორია. არ შეზღუდოთ მისი წარმოსახვა. მაგალითად, თუ თქვენს პატარას სურს გამოეწყოს როგორც ვარდისფერი ბაყაყი, არ უთხრათ მას, რომ ვარდისფერი ბაყაყები არ არსებობენ. ბავშვებს თამაშის დროს უფლება აქვთ ის წარმოიდგინონ და შექმნან, რაც მოესურვებათ. ბავშვის კრეატიულობის გაღვივება ხელს უწყობს სწავლის მიმართ ინტერესის და ენთუზიაზმის გაჩენას, პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებას, საკუთარ თავში გარკვევას და საკუთარი ემოციების გადმოცემას.
3. სეირნობა
დასვენების დღეებში წადით სალაშქროდ, ისეირნეთ სამეზობლოში, აღმოაჩინეთ ახალი ადგილები, გაატარეთ დრო ბუნებაში. ხელი შეუწყვეთ ბავშვს, დაუკავშირდეს გარემოს, ბუნებას და დააფასოს ის. სახლის გარეთ გატარებული დრო მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ამასთან ერთად, კვლევები აჩვენებს, რომ სახლის გარეთ დროის გატარება ამცირებს ბავშვებში ახლომხედველობის განვითარების რისკს.
4. სენსორული თამაშები
სიტყვა სენსორული მიემართება ხუთ გრძნობას: მხედველობას, სმენას, გემოს შეგრძნებას, ყნოსვას და შეხებას. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დაკავდეს ისეთი აქტივობებით, რომლებიც ამ ხუთივე გრძნობას აღძრავს, რაც ხელს უწყობს მის გონებრივ განვითარებას. ამისთვის საუკეთესო აქტივობებია: ხატვა ან ძერწვა, როცა ბავშვი წარმოსახვასაც იყენებს და ქმნის რაღაც ახალს, საკვებთან დაკავშირებული აქტივობები, ცხობა და მზარეულობა. ბავშვი შეიძლება დაგეხმაროთ კერძების მომზადებაში, გასინჯოს სხვადასხვა ტექსტურის საკვები, შეიგრძნოს ინგრედიენტების სურნელი და გემო.
5. თამაში მოძრავი ნივთებით
ნატიფი მოტორული უნარების განვითარება ბავშვის ზოგადი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ნატიფი მოძრაობები ეხება ხელების, თითების მოძრაობას და მათ მიერ მცირე ზომის ნივთების გადაადგილებას, მაგალითად: საკვების თეფშიდან აღება, ღილის შეკვრა, ფანქრის დაჭერა, თასმების შეკვრა და ა.შ. კვლევები აჩვენებს კავშირს ნატიფი მოტორული უნარების, ტვინის და მეტყველების უნარის განვითარებას შორის. თავდაპირველად შეგიძლიათ ბავშვი მარტივ მოქმედებებში ავარჯიშოთ, როგორიცაა ტაშის დაკვრა, მცირე ზომის საგნის აღება, ფეხსაცმლის ჩაცმა, თიხისგან ძერწვა, ხატვა. დარწმუნდით, რომ ეს ყველაფერი ბავშვისთვის სახალისო და უსაფრთხოა.
6. ინტუიციური თამაშები და სათამაშოები
დღესდღეობით მრავალი სათამაშო და თამაში იქმნება, რომლებიც ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. ასეთი თამაშებია კროსვორდის ამოხსნა, სამაგიდო თამაშები და ა.შ. ბავშვებს შეუძლიათ ბევრი ისწავლონ გარკვეული ტიპის ვიდეოთამაშებიდანაც.
7. აქტივობები ღია სივრცეში
პანდემიამ სახლებს მიგვაჯაჭვა და ამან ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა მოახდინა. ახლა, როცა ჩვენი ცხოვრების წესი ნელ-ნელა ისევ ნორმას უბრუნდება, წაახალისეთ ბავშვები, რომ სახლის გარეთ მეტი დრო გაატარონ. ეს მათ ფიზიკურადაც გააძლიერებს და მენტალურადაც.
ბავშვები მუდმივად სწავლობენ და იძენენ ახალ უნარებს. ჩვენი მოვალეობაა დავრწმუნდეთ, რომ მათი განვითარება სწორი გზით მიდის. ამ აქტივობების შესრულების შემთხვევაში მალევე შეამჩნევთ თქვენი შვილის მიერ ათვისებულ ახალ უნარებს.