დღენაკლული ახალშობილი დღესრულისგან ფიზიოლოგიური, ფიზიკური და ქცევითი თავისებურებებით განსხვავდება. იმისათვის, რომ შეიტყოთ იმ მოკლე ან გრძელვადიანი გამოწვევების შესახებ, რომლებსაც შეიძლება ნაადრევად დაბადებული ბავშვი წააწყდეს, ჩვენ ყველა საკვანძო საკითხის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.
რას ნიშნავს დღენაკლულობა?
დღენაკლულია ახალშობილი, რომელიც დაიბადა ორსულობის 37-ე კვირის დაწყებამდე. დღენაკლულობა იყოფა კატეგორიებად, იმის მიხედვით, თუ რამდენად ნაადრევი იყო მშობიარობა:
- ადრეული ვადა - დაბადება ორსულობის 37-დან 39 კვირამდე.
- ნაადრევი - დაბადება 34-დან 36 კვირა და 6 დღის ვადამდე (ნაადრევი მშობიარობის უმეტესობა ამ ეტაპზე ხდება).
- ზომიერად ნაადრევი - დაბადება ორსულობის 32-დან 34 კვირამდე.
- ძალიან ნაადრევი - დაბადება 28 კვირიდან 31 კვირამდე.
- უკიდურესად ნაადრევი - დაბადება ორსულობის 28 კვირამდე.
დაბადებისას დღენაკლული ახალშობილის წონაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ბავშვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის დასაგეგმად. როგორც წესი, რაც უფრო მცირე ზომისაა ახალშობილი, მით უფრო ხანგრძლივად ხდება საჭირო მისი საავადმყოფოში დაყოვნება. პატარას სწრაფი ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია დედის რძე. თუ პატარას ნაადრევად ელოდებით აუცილებლად დაგჭირდებათ რძის გამოსაწველი აპარატი, რათა ბავშვი დედის რძის მიწოდებით უზრუნველყოფილი იყოს. წაიკითხეთ ნადმვილი ამბავი რძის გამოყოფის სასწაულზე.
როგორ გამოიყურება დღენაკლული ახალშობილი?
არსებობს რამდენიმე ფიზიკური მახასიათებელი, რომელიც დღენაკლულ ახალშობილს შეიძლება ჰქონდეს:
- თავი სხეულთან მიმართებით უფრო დიდი ჩანს.
- ფერმკრთალი ან მოყვითალო კანი, სიყვითლის სხვადახვა ხარისხით.
- კანზე ლურჯი შეფერილობის ლაქები.
- მინისებრი, გამჭვირვალე კანი სისხლძარღვების ბადებით.
- ცხიმოვანი ქსოვილის სიმცირე.
- ლანუგო ზურგსა და მხრებზე.
დღენაკლული ჩვილის ქცევითი თავსებურებები:
გარეგნული ნიშნების გარდა დღენაკლული ჩვილი დღესრულისგან სხვა ფაქტორებითაც განსხვავდება.
- ტირილი სუსტი ხმით, რომელიც კვნესას უფრო ჰგავს.
- ინკუბატორში მოთავსება - სხეულის ცხიმის ნაკლებობის გამო, დღენაკულილი ბავშვისთვის სითბოს შენარჩუნება დღესრულთან შედარებით უფრო რთულია, რის გამოც მას ინკუბატორში ათავსებენ.
- ხანგრძლივი ძილი - დღენაკლულ ჩვილებს უფრო მეტი სძინავთ - დღეში 22 საათამდე. ძილის ხარისხიც შეიძლება განსხვავებული იყოს. ნაადრევი ჩვილები ნაკლებ დროს ატარებენ ღრმა ძილში და იშვიათად არიან ბოლომდე ფხიზლები.
- ქოშინი - დღენაკლული ჩვილებს ხშირად აქვთ სუნთქვის პრობლემები. საბედნიეროდ, ექიმებს შეუძლიათ დახმარება სპეციალური აღჭურვილობით, როგორიცაა ვენტილატორი ან CPAP (სასუნთქი გზების დადებითი წნევის შემქმნელი მოწყობილობა).
- კვების სირთულეები - არასრულად ჩამოყალიბებული წოვის რეფლექსის და საწოვი კუნთების ტონუსის სიმცირის გამო, ჩვილებს უჭირთ ბოთლით ან ძუძუთი კვება და საჭირო ხდება ნაზოგასტრალური ზონდის გამოყენება.
ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც შეიძლება ნაადრევად დაბადებულ ბავშვს ჩვილობის ასაკში გამოუვლინდეს:
- სუნთქვის პრობლემები - გამოწვეულია დაბადებისას სასუნთქი სისტემის არასრული მომწიფების და სურფაქტანტის ნაკლებობით. შედეგად იქმნება აპნოეს ან ბრონქული დისპლაზიის განვითარების საფრთხე.
- გულის პრობლემები - ხშირია დაბალი არტერიული წნევა და გულის განვითარების მანკები.
- თავის ტვინში სისხლდენა.
- სხეულის დაბალი ტემპერატურა - ცხიმის ნაკლებობის გამო ბავშვი ვერ არეგულირებს საკუთარ ტემპერატურას და უფრო მოწვლადია ჰიპოთერმიის მიმართ.
- ანემია და სიყვითლე - სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობამ და მათმა სიმყიფემ შეიძლება გამოიწვიოს ანემია და სისხლში ჭარბი რაოდენობით ბილირუბინის დაგროვება, რასაც სიყვითლე ჰქვია.
- ჰიპოგლიკემია - ეს მეტაბოლური მდგომარეობა გამოწვეულია სისხლში შაქრის დაბალი შემცველობით და ორგანიზმში გლუკოზის შენახვისა და გარდაქმნის შეფერხებით.
- ინფექცია - მოუმწიფებელი იმუნური სისტემა ბავშვს აყენებს ინფექციების მომატებული რისკის ქვეშ. გართულების შემთხვევაში მოსალოდნელია განვითარდეს სეფსისიც.
გაზრდილია შემდეგი გრძელვადიანი პრობლემების რისკი:
- ცერებრალური დამბლა.
- აკადემიურ პროცესებში ჩამორჩენა - დღენაკლულმა ბავშვებმა შეიძლება აკადემიური განვითარების გარკვეულ ეტაპებს უფრო გვიან მიაღწიონ.
- მხედველობის დაქვეითება - ბადურის შეშუპებისა და ნაწიბურების წარმოქმნის გამო შეიძლება დაქვეითდეს მხედველობა, რასაც სასწრაფო ჩარევა ესაჭიროება.
- სმენის დაქვეითება.
- ქცევითი პრობლემები - განვითარების შეფერხება და ფსიქოლოგიური პრობლემები დღენაკლულ ჩვილებში უფრო ხშირია.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ნაადრევად დაბადებამ შესაძლოა მშობლები ძალიან შეაშფოთოს, იცოდეთ, რომ მრავალი მდგომარეობა, რომელიც დღენაკლულ ჩვილს სიცოცხლის დასაწყისში აწუხებს, განკურნებადია. უმეტეს შემთხვევაში, კარგი მოვლისა და ადრეული ჩარევის შემთხვევაში, დღენაკლული ბავშვები სრულყოფილად ვითარდებიან და იზრდებიან.თუკი პატარას ნაადრევად ელოდებით, შეარჩიეთ ისეთი სამშობიარო სახლი, რომელსაც აქვს ახლშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება NICU და სადაც მშობიარობას ესწრება ნეონატოლოგთა გუნდი. საუკეთესო ტრანსპორტი დღენაკლი პარატასთვის დედის მუცელია, სწორედ ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მშობიარობის შემდეგ ბავშვის ასეთ ცენტრში მოთავსებს.
წყარო: whattoexpect
ასევე დაგაინტერესებთ:
დღენაკლულ ახალშობილზე ზრუნვის კენგურუს მეთოდი