ნამდვილი ამბავი რძის გამოყოფის სასწაულზე

07-08-2021

ბავშვი 27 კვირის ვადაზე დაიბადა, ასე მეგონა, თვალწინ ჩამომექცა ყველაფერი. არავის სჯეროდა, რომ მისი გადარჩენა მოხერხდებოდა, მაგრამ ექიმები მაიმედებდნენ. მითხრეს, რომ ჩემი რძე ახლა საუკეთესო წამალი იქნებოდა პატარისთვის, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძოდა.

დავიწყე გამოწველა, ყოველდღე ვუგზავნიდი, მაგრამ ვატყობდი. რაოდენობა ყოველდღიურად უფრო და უფრო მცირდებოდა. ძალიან ვნერვიულობდი, ბავშვის ნახვის უფლება არ მქონდა პანდემიის გამო. საბოლოოდ, რამდენიმე დღეში 20 გრამიც კი ვერ გამოვიწველე. დავიწყე საკუთარი თავის დადანაშაულება, ტირილი, ღამე არ მეძინა... ეს ყველაფერი ნეონატოლოგიური განყოფილების ექიმებმაც გაიგეს...

ახალი წლის ღამე იყო. ფაქტობრივად რძე აღარ მქონდა. ღამის 12 საათზე ჩემი შვილის ფოტო გამომიგზავნეს!!! - სანტას ქუდში გამოწყობილი პაწაწინა სიცოცხლე. ფოტოს მესიჯი ახლდა - დედიკო, ამობეჭდე ჩემი ფოტო, მიყურე და ვიცი, შენ შეძლებ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საკვების მოპოვებას, შენ მე მჭირდები...

ზუსტად ასე მოვიქეცი, ფოტო ამოვბეჭდე, სახლში ყველა კუთხეში გავაკარი, ავიღე გამოსაწველი აპარატი და მართლა საოცრება მოხდა. იმდენი რძე მომივიდა, უბრალოდ აღარ ვიცოდი სად წამეღო. ხშირმა გამოწველამ კიდევ უფრო მომიყვანა რძე, დავიწყე გაყინვა, ბავშვთან შეგზავნა, უბედნიერესი გავხდი! საბოლოოდ კი აი, რა დავასკვენი - ეს ყველაფერი სიყვარულის ჰორმონის - ოქსიტოცინის „ბრალი“ გახლდათ და დედა-შვილს შორის არსებული უხილავი ძაფის... 

დღეს ჩემი შვილი უკვე ჩემთან არის!