ბეიბი ბლუზი, ანუ მშობიარობის შემდგომი სევდა - რა არის და რამდენ ხანს გრძელდება? 

04-11-2022

Baby blues - ანუ - რატომ არ ხარ ბედნიერი? 

თქვენ დედა გახდით - მოგვილოცავს! ალბათ, ბედნიერი ხართ, თუმცა არ გასვენებთ მშობიარობის შემდგომი ღელვა - დროდადრო გეტირებათ ბავშვის საფენების გამოცვლისას, კონფლიქტური ხდებით პარტნიორთან და უბრალოდ გინდათ, ჩაჯდეთ მანქანაში და წახვიდეთ იქ, სადაც ახლად გაჩენილ რუტინაზე აღარ იფიქრებთ.  

რა გემართებათ?

განა დედობა უბედნიერესი ეტაპი არ არის ქალის ცხოვრებაში ? როგორც ჩანს, ყველასთვის არა, ყოველ შემთხვევაში, თავიდანვე არა. მრავალი დედისთვის მშობიარობის შემდგომი პერიოდი დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორებიცაა გადაღლა, ტკივილი და ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც ემოციურ ფონს საგრძნობლად აინტენსიურებს. შესაძლოა, თავიდან უბრალოდ არ გესმოდეთ, რატომ უნდა დაემშვიდობოთ ძველ ცხოვრებას ახალი, საათივით აწყობილი რუტინისთვის. 
ზოგჯერ ის, თუ რას განიცდით, ბეიბი ბლუზზე სერიოზული მდგომარეობა - მშობიარობის შემდგომი დეპრესიაა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს, თუმცა ამ სტატიაში სწორედ ბეიბი ბლუზზე ვისაუბრებთ.

baby blues, ბეიბი ბლუზი, მშობიარობა, დეპრესია, პოსტსამშობიარო,

ახალნამშობიარევი ქალბატონების 80%-ზე მეტი განიცდის ბეიბი ბლუზის სახელით ცნობილ მდგომარეობას

ხანმოკლე პერიოდს მშობიარობის შემდგომ, რომლის მახასიათებლებიც არის სევდა, შფოთვა, სტრესი და გუნება-განწყობის სწრაფი ცვალებადობა. ეს ნიშნავს, რომ 5-დან 4 ახლად ნამშობიარევი ქალი განიცდის აღნიშნულ მდგომარეობას და თუ თქვენ მათ შორის არ ხართ, ნამდვილად გაგიმართლათ!
როგორც წესი, ბეიბი ბლუზის მდგომარეობა იწყება მშობიარობიდან რამდენიმე დღეში, თუმცა, განსაკუთრებით, თუ მშობიარობისას გართულებები განიცადეთ, შესაძლოა, აღნიშნული სიმპტომები უფრო ადრეც განგივითარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის უცნობია, თუ რა იწვევს აღნიშნულ მდგომარეობას, მაინც შეგვიძლია, ვივარაუდოთ, თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ბეიბი ბლუზის განვითარებაზე. 

baby blues, ბეიბი ბლუზი, მშობიარობა, დეპრესია, პოსტსამშობიარო,
მშობიარობის შემდგომ თქვენი სხეული განიცდის მნიშვნელოვან ჰორმონალურ ცვლილებებს იმისთვის, რომ მშობიარობის შემდგომ აღდგენაში დაგეხმაროთ, საშვილოსნო კვლავ ვიწროვდება, იწყება ლაქტაციის პერიოდი. ასეთი ცვლილებები, ცხადია, მხოლოდ სხეულზე არ იმოქმედებს და გუნების ცვალებადობასაც გამოიწვევს. 
აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი - როგორც წესი, მშობიარობის შემდგომ დედათა უმრავლესობა განიცდის უძილობასა და ჩვეული რუტინის მნიშვნელოვან ცვლილებას: ცხოვრების სტილი ახლა უკვე ჩვილის საჭიროებებსაა მორგებული. ყველა ეს ფაქტორი ერთად ქმნის ნიადაგს ბეიბი ბლუზის მდგომარეობის განვითარებისათვის. 

როგორია ბეიბი ბლუზის სიმპტომები ? 

სიმპტომები მშობიარობიდან 2-3 დღეში იჩენს თავს. როგორც წესი, ბეიბი ბლუზი თავისით გაივლის ათიოდე დღის შემგომ, თუმცა ხანდახან ორ კვირასაც გრძელდება. შესაძლოა, ბეიბი ბლუზს თქვენი ნაცნობი ახლად ნამშობიარევი ქალბატონებისგან განსხვავებულად განიცადოთ, თუმცა, როგორც წესი, ბეიბი ბლუზი შემდგომი სიმპტომებით ხასიათდება: 
•    გეტირებათ უმნიშვნელო ტრიგერებზე
•    გახასიათებთ გუნების სწრაფი ცვალებადობა, ხართ გაღიზიანებული
•    სუსტად, ან არ განიცდით მიჯაჭვულობას ჩვილის მიმართ
•    გენატრებათ ძველი ცხოვრება - დამოუკიდებლობა და თავისუფალი დრო
•    მუდმივად ღელავთ ჩვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე
•    მოუსვენრობა და ინსომნია გაქვთ, გადაღლილობის მიუხედავად
•    გაფანტული ხართ

baby blues, ბეიბი ბლუზი, მშობიარობა, დეპრესია, პოსტსამშობიარო,

რა განასხვავებს ბეიბი ბლუზს მშობიარობის შემდგომი დეპრესიისგან? 

არსებობს მნიშვნელოვანი განმასხვავებლები, რომლებიც ყურადსაღებია, რათა ამოვიცნოთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია. ის არ უნდა აგვერიოს ბეიბი ბლუზში და თუ მასზე მივიტანთ ეჭვს, აუცილებელია დავუკავშირდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს კონსულტაციის მისაღებად. თუ ზემოაღნიშნული სიმპტომები ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, რეკომენდებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან ვიზიტი, რადგან ბეიბი ბლუზი, როგორც წესი, არ გრძელდება 2 კვირაზე მეტხანს. გარდა ამისა, ბეიბი ბლუზი თავს იჩენს მშობიარობის შემდგომ დღეებში და თუ აღნიშნულ სიმპტომებს მოგვიანებით, მაგალითად, რამდენიმე თვეში შეიტყობთ, სავარაუდოდ, მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან გაქვთ საქმე. 
ყურადსაღებია სიმპტომების სიმძიმეც, რაც, რა თქმა უნდა,  სუბიექტური ფაქტორია და ყველას მიერ ერთნაირად არ აღიქმება. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სიმპტომებისა, რომლებიც ახასიათებს ბეიბი ბლუზს, ის მნიშვნელოვნად არ უნდა აქვეითებდეს თქვენს ცხოვრების ხარისხს, ხოლო რაც შეეხება მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, მისი სიმპტომები უფრო მდგრადია და დღის განმავლობაში თავისთავად არ გადაივლის. 

baby blues, ბეიბი ბლუზი, მშობიარობა, დეპრესია, პოსტსამშობიარო,

როგორ გავუმკლავდეთ ბეიბი ბლუზს? 

ბეიბი ბლუზთან გამკლავება განსაკუთრებულ ჩარევებს არ საჭიროებს. როგორც წესი, სიმპტომები მსუბუქდება ახალ როლსა და რუტინასთან შეჩვევის კვალდაკვალ, თუმცა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი მაინც საჭიროებს განსაკუთრებულ თვითმოვლას, რათა ძალები რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ აღიდგინოთ. 

•    მეტი იძინეთ 
გამოუძინლობისას ყველაფერი, როგორც წესი, იმაზე  უფრო დრამატულად მოგეჩვენებათ, ვიდრე არის. აჯობებს მაშინ დაიძინოთ, როცა ბავშვი დაიძინებს და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ შეძლებისდაგვარად გამოძინებისთვის. 

•    ნუ ეცდებით ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთებას. 
როგორც წესი, ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, მშობიარობის შემდგომ პერიოდში დედის მიმართ მზრუნველობა გამოხატონ, ასე რომ, ითხოვეთ დახმარება,  და პირიქით,  თუ დახმარებას შემოგთავაზებენ, გაუზიარეთ გარშემო მყოფებს ისეთი მოვალეობები, როგორებიცაა სარეცხის გაფენა, საკვების მომზადება, ბავშვის საფენების გამოცვლა და სხვა.
•    აღდგენის მარტივი, თუმცა ყველაზე ეფექტური გზა - ჯანსაღად კვება და სუფთა ჰაერზე ხშირად გასვლაა
•    ეურთიერთეთ გარშემო მყოფებს 
სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი, ეს იყოს თერაპევტი. შესაძლოა, ის, ვისაც განცდებს გაუზიარებთ, იყოს ახლობელი, რომელსაც ესმის თქვენი და ახლად გაჩენილი გრძნობებისა და ფიქრების გამო არ განგსჯით, არამედ ყურადღებით მოგისმენთ. 
•    აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ
მთელი დროის ერთ ადამიანთან გატარება, განურჩევლად იმისა, ეს ბავშვია თუ არა, ძალიან გამომფიტავია. გაიხსენეთ, თუ რა განიჭებდათ სიამოვნებას დედობამდე და ეცადეთ გადმოიტანოთ ეს აქტოვობები ახალ დღის წესრიგში, თუნდაც, ამჯერად ნაკლები დრო დაუთმოთ.
•    მოციური სიახლოვე პარტნიორთან ორივეს დაგეხმარებათ, გადალახოთ ახალ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული სირთულეები და ერთად განიცადოთ ყველა ის ცვლილება, რომელიც ახლავს მშობიარობის შემდგომ პერიოდს

baby blues, ბეიბი ბლუზი, მშობიარობა, დეპრესია, პოსტსამშობიარო,

გახსოვდეთ, რომ ის, რასაც განიცდით, სრულიად ნორმალურია და მალევე, ახალ ცხოვრების წესთან შეჩვევის კვალდაკვალ, აუცილებლად გაივლის, თუმცა თუ სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, აუცილებლად მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს შემდგომი კონსულტაციისთვის. 

წყარო: healthline

ასევე დაგაინტერესებთ: