7 მარტივი ქმედება, რომელიც მშობელს დაეხმარება ბედნიერი შვილის გაზრდაში

06-04-2024

ამის გაკეთება ყველა მშობელს შეუძლია

ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ მშობლები შვილებს სხვადასხვა სექციაზე წერენ, დაჰყავთ რეპეტიტორებთან, სხვადასხვა სპეციალისტთან, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ კი ავიწყდებათ, ის რაც ბავშვს გარე სამყაროს აღქმაში ეხმარება. როგორ უნდა აქციოს მშობელმა შვილის ბავშვობის წლები ყველაზე ბედნიერ და ლამაზ პერიოდად?


ბავშვის მიერ სამყაროს აღქმა პირდაპირაა დამოკიდებული იმ გარემოზე, სადაც ბავშვი იზრდება. რაში მდგომარეობს კარგი მშობლის ამოცანა? არა მხოლოდ აღზრდაში, ეს ცალსახაა. მთავარია, რომ ბავშვი იზრდებოდეს პოზიტიურ და ნდობით აღსავსე ატმოსფეროში. დედ-მამამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რათა ბავშვი არ გახდეს ოჯახური გარჩევებისა და კონფლიქტების შემსწრე და მოწმე. ბავშვი სახლში თავს ბედნიერად, დაცულად და უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს. არ დაგავიწყდეთ 7 მთავარი საფეხური, რომელიც ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ. 

წაუკითხეთ ზღაპრები

ზღაპარი ძველებური გადმონაშთი კი არა, ბავშვის პიროვნული განვითარების განუყოფელი ნაწილია, ფსიქოლოგების მტკიცებით, ზღაპრები ბავშვებს რეალობის აღქმაში ეხმარება. ის ეხმარება ბავშვს აღიქვას ცუდი და კარგი. ზღაპარი ხომ იგივე ცხოვრებაა, ადამიანებს შორის ურთიერთობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვი გვერდით დაისვას და წაუკითხოს ზღაპარი, შემდეგ კი ერთად იმსჯელონ და გაარჩიონ წაკითხულის შინაარსი. ასე ბავშვს ასწავლით იყოს კეთილი და განვითარდეს, როგორც ადამიანი.  

ბედნიერი ოჯახი,

ბავშვს უნდა სჯეროდეს თოვლის პაპის არსებობის

რაღაც კეთილისა და ლამაზის რწმენა ეხმარება ბავშვს იყოს კეთილი და ჰუმანური, ეს ალამაზებს მის ყოველდღიურ ცხოვრებას. თოვლის პაპა, სანტა კლაუსი ყველაზე დიდი საოცრებაა ბავშვის ცხოვრებაში. ასე რომ, იცხოვრონ ბავშვებმა ფერად, ლამაზ სამყაროში და ეს რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. 

წაახალისეთ სპორტით

ბავშვის მხოლოდ გონებრივი განვითარება როდი არის მნიშვნელოვანი, მშობელმა აუცილებლად უნდა იფიქროს მის ფიზიკურ განვითარებაზე. ადამიანის ორგანიზმი ხომ საჭიროებს ფიზიკურ განვითარებასა და აქტივობებს. ასე რომ, მშობელი ვალდებულიც კი არის, ბავშვს სპორტისადმი ინტერესი გაუღვივოს. ეცადეთ გაარკვიოთ, სპორტის რომელი სახეობა აინტერესებს თქვენს შვილს ყველაზე მეტად და შეიყვანოთ. შაბათ-კვირას კი ოჯახური ლაშქრობები მოაწყვეთ, სპორტის სახეობებზე სიარული ძალიან კარგია, თუმცა მთავარი  მაგალითია, განსაკუთრებით - მშობლის მიერ მიცემული.

შინაური ცხოველები

დამტკიცებულია, რომ ცხოველები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ბავშვის პიროვნულ განვითარებაში. როგორც წესი, ბავშვებს ძალიან უყვართ თავიანთი შინაური ცხოველები, სწავლობენ მათზე პასუხისმგებლობის აღებას, მოვლას და პატრონობას, ეს კი ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. 

ბედნიერი ოჯახი,

 

ურთიერთობა

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მშობლებსა და შვილებს შორის სრულფასოვანი ურთიერთობები, მართალია, თანამედროვე სამყაროში, როდესაც მშობლები დროის უმეტეს ნაწილს სამსახურებში ატარებენ, ამის გაკეთება მარტივი არ არის, მაგრამ გვინდა შეგახსენოთ, რომ მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა, მშობელი უნდა ეცადოს, რომ შვილებთან გატარებული დრო იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი და ნაყოფიერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დღის რეჟიმის დაცვა

ეცადეთ, რომ დღის რეჟიმი, ისევე, როგორც პირადი ჰიგიენა, ბავშვის დღის განუყოფელი ნაწილი იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის და მომავალშიც აუცილებლად გამოადგება. ნებისმიერი ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიოს დისციპლინას. მაგალითად იმისათვის, რომ ადამიანი იყოს განათლებული, მან უნდა ისწავლოს და იმეცადინოს ბევრი, ამისთვის კი აუცილებელია დისციპლინა და დღის განრიგის დაცვა. 

ბედნიერი ოჯახი,

ჯანსაღი კვება

თანამედროვე სამყაროში ცხოვრების რიტმი ძალიან სწრაფია, ყველას ყველგან ეჩქარება, ეს მოცემულობაა, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის, ამ  რუტინაში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა მიიღოს საჭირო ვიტამინები და მინერალები, რათა მის ორგანიზმს ჰქონდეს საკმარისი რესურსი ფეხი აუწყოს სწრაფ ცხოვრებას. ამის მთავარი წყარო კი ჯანსაღი კვებაა. ეცადეთ ბავშვს პატარაობიდანვე ასწავლოთ, რა არის სასარგებლო და რა საზიანო მისი ჯანმრთელობისთვის. არ მისცეთ საშუალება იკვებებოდეს სწრაფი კვების ობიექტებში, სკოლაში გაატანეთ ხილი და ბოსტნეული ან სრულფასოვანი სადილი ლანჩ ბოქსით.