ოჯახში შინაური ცხოველის გამოჩენა მშობლის პასუხისმგებლობაა როგორც ბავშვთან, ისე ცხოველთან მიმართებაში. ხშირად ხდება, რომ თავდაპირველად ბავშვი ძალიან არის გატაცებული ამა თუ იმ შინაური ცხოველით, იქნება ეს კატა თუ ძაღლი, მოგვიანებით კი მისი აღფრთოვანება და ინტერესი ნელდება და ცხოველი მშობლის მოსავლელი ხდება.
როგორ უნდა აირიდოთ თავიდან ამ საკითხთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები.
სანამ შინაური ცხოველის ყოლას გადაწყვეტთ, ჯერ კარგად გააანალიზეთ საკუთარი შესაძლებლობები და ასევე ის, თუ რა მოთხოვნილებები აქვს ამა თუ იმ კონკრეტულ ცხოველს, შეძლებთ კი უზრუნველყოთ ოჯახის ახალი წევრი საჭირო პირობებითა და ყურადღებით. უზრუნველყოფაში პირველ რიგში იგულისხმება ცხოველის ყოველდღიური მოვლა, ჰიგიენის ნორმების დაცვით და გასეირნებით და მისის უპირობო სიყვარული.
წინასწარ უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ შინაური ცხოველის გამოჩენის შემდეგ ოჯახის ყოველდღიურობა აუცილებლად შეიცვლება. იმისათვის, რომ კატა თუ ძაღლი იყოს მოწესრიგებული და ჯანმრთელი, აუცილებელია გარკვეული რეჟიმის დაცვა და დაწესება. სამოგზაუროდ წასვლა თუ შვებულებები ოჯახმა წინასწარ უნდა დაგეგმოს.
შინაურ ცხოველებს ოჯახში არა მხოლოდ სიყვარული შემოაქვს, არამედ აბალანსებს ურთიერთობებს ოჯახის წევრებს შორის, ადამიანებს ასწავლის ერთმანეთზე ზრუნვას და უვითარებს მათ დამატებით პასუხისმგებლობას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შინაურ ცხოველსა და ბავშვს შორის ემოციური კავშირი ყალიბდება 5-6 წლის ასაკიდან, იქამდე ბავშვი უბრალოდ ვერ აანალიზებს საკუთარ დამოკიდებულებას შინაური ცხოველის მიმართ.
სანამ სახლში ძაღლს, კატას ან რომელიმე სხვა შინაურ ცხოველს მიიყვანთ, ესაუბრეთ ბავშვს მის შესახებ, შეამზადეთ, მიაწოდეთ ინფორმაცია მის შესახებ, ეცადეთ გააცნოთ.
წინდახედული ნაბიჯი იქნება მშობლის მხრიდან ბავშვის ექიმთან მიყვანა და ზუსტად გარკვევა, ბავშვს ან ოჯახის რომელიმე წევრს ცხოველის ბეწვზე ალერგია ხომ არ აქვს. ძალიან კარგი იქნება ბავშვს, მისი ასაკის შესაბამისად, დააკისროთ გარკვეული მოვალეობა ცხოველის მოვლასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სახლის სათანადოდ მომზადება ოჯახის ახალი წევრისთვის, მომზადებაში იგულისხმება წინასწარ გამოყოფილი ადგილი, სათანადო ინვენტარი და ა.შ.