კვერცხი ბავშვის მენიუში (+რეცეპტი)

24-09-2022

როდის შეუძლია ბავშვს კვერცხის მირთმევა?

კვერცხი ბავშვის კვების რაციონში შეგიძლიათ მაშინვე შეიტანოთ, როგორც კი ის მზად იქნება მყარი საკვების დასაწყებად, რაც, ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკიდან ხდება. 
კვერცხი გავრცელებული კვებითი ალერგენია, ამიტომ გაითვალისწინეთ რისკ-ფაქტორები და დაიწყეთ მწირი რაოდენობით კარგად მოხარშული კვერცხის შეთავაზებით, რადგან ზოგიერთ ბავშვს შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქცია გამოუვლინდეს კვერცხის უმცირეს რაოდენობაზეც კი.

კვერცხი, კვერცხზე ალერგია, კვერცხი ბავშვის მენიუში, ომლეტი,
 
სასარგებლოა თუ არა კვერცხი ბავშვისთვის?

დიახ. კვერცხი არის ცილის შესანიშნავი წყარო ამინომჟავის სრული პროფილით. ასევე მდიდარია ცხიმებით, მათ შორის გაჯერებული ცხიმებით, ქოლესტერინით და DHA (ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავა), რომელიც აუცილებელია უჯრედის მემბრანის წარმოქმნისთვის, ტვინის და მხედველობის განვითარებისთვის. კვერცხი ასევე მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და ფოლატებით, ასევე სელენით, თუთიით, იოდით და რკინით. კვერცხის გული არის D ვიტამინის შესანიშნავი წყარო, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძვალ-სახსროვანი სისტემის ფორმირებისთვის. და ბოლოს, კვერცხი ქოლინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა - ეს საკვები ნივთიერება აუცილებელია ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებისთვის.

მინიშნება: გაინტერესებთ კვერცხი საღია თუ არა? ჩაატარეთ წყლის ტესტი: შეავსეთ ჭიქა წყლით და მოათავსეთ მასში კვერცხი. თუ კვერცხი ჩაიძირა, მისი მირთმევა უსაფრთხოა, ხოლო თუ ის ტივტივებს, სავარაუდოდ გაფუჭებულია.

კვერცხი, კვერცხზე ალერგია, კვერცხი ბავშვის მენიუში, ომლეტი,

რამდენად დიდია კვერცხის გადაცდენის საფრთხე ბავშვებში?

კვერცხი გადაცდენის და დახრჩობის რისკს არ წარმოადგენს, თუმცა თეორიულად ბავშვს შეიძლება ნებისმიერ საკვები გადაცდეს. კვერცხი ხშირად ეწებება ენას ან სასას და გულისრევის შეგრძნებას იწვევს. რისკის შესამცირებლად მიართვით ბავშვს განიერ ზოლებად დაჭრილი ომლეტი ან მოხარშული კვერცხის მეოთხედი ნაწილი და დააყოლებინეთ რაიმე სასმელი.

არის თუ არა კვერცხი გავრცელებული კვებითი ალერგენი?

დიახ. კვერცხზე ალერგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგიაა ჩვილებში. ბავშვების დაახლოებით 2%-ს აქვს ალერგია კვერცხზე. კარგი ამბავი ის არის, რომ ბავშვების 70%-ს მოგვიანებით სრულიად უქრება კვერცხზე ალერგია.  არსებობს მტკიცებულება, რომ ბავშვისთვის კვერცხის ადრეულ ასაკში შეთავაზება ალერგიის ერთგვარი პრევენციაა.ზოგიერთ ბავშვს შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქცია გამოუვლინდეს კვერცხის უმცირეს რაოდენობაზეც კი. ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება იყოს: მოუსვენრობა, ლეთარგიულობა, წყლიანი თვალები, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ცემინება, ხველა, ღებინება, დიარეა და კოლიკა. თუ რეაქცია მსუბუქია, შეწყვიტეთ ბავშვისთვის კვერცხის შეთავაზება და მიმართეთ ექიმს შემდგომი მითითებისთვის. თუ რეაქცია მძიმეა და/ან ბავშვს უჭირს სუნთქვა ან უჩვეულოდ ლეთარგიულად გამოიყურება, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების სამსახური, რადგან ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ანაფილაქსიური შოკი.
და ბოლოს, კვერცხი არის საკვები ცილებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომის ერთ-ერთი გამომწვევი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც FPIES. FPIES არის დაგვიანებული ალერგიული რეაქცია საკვების ცილაზე, რომელიც იწვევს განმეორებითი ღებინების და დიარეის უეცარ შეტევას საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მკურნალობის გარეშე რეაქციამ შეიძლება მნიშვნელოვანი დეჰიდრატაცია გამოიწვიოს. საბედნიეროდ, FPIES, რომელიც ვლინდება ადრეულ ასაკში, როგორც წესი, 3-5 წლის ასაკისთვის ქრება.

კვერცხი, კვერცხზე ალერგია, კვერცხი ბავშვის მენიუში, ომლეტი,

დასაშვებია თუ არა ბავშვისთვის “თოხლო” კვერცხის ან უმი კვერცხის მიღება?

არა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ბავშვისთვის უმი კვერცხის გულების შეთავაზება, დაუშვებელია ბავშვების საკვებად გამოიყენებოდეს უმი ან არასრულად მომზადებული კვერცხი (მათ შორის ერთ მხარეზე შემწვარი ომლეტი, ან რბილად მოხარშული კვერცხი), რადგან ეს წარმოადგენს სალმონელოზით  დაინფიცირების რისკს. 

რა ფორმით მივაწოდოთ ბავშვს კვერცხი?

6-დან 9 თვემდე: ამ ასაკში კვერცხის შეთავაზების უმარტივესი გზა ომლეტია. დაჭერით ის დაახლოებით ორი ზრდასრული თითის სისქის მართკუთხა ზოლებად - ამ ფორმის ნაჭრებს ჩვილი ბავშვი უფრო მარტივად აიღებს. მოხარშული კვერცხის შეთავაზებისას შეურიეთ მას წყალი, ავოკადო, დედის რძე, ხელოვნური საკვები ან იოგურტი.
9-დან 12 თვემდე: ამ ასაკში ვითარდება ბავშვის პინცეტის რეფლექსი, რაც საშუალებას აძლევს მას აიღოს საკვების პატარა ნაჭრები. ამგვარად, ეს შესანიშნავი დროა ომლეტის ან მოხარშული კვერცხის ნაჭრების ზომის შესამცირებლად. მოხარშულ კვერცხებთან ერთად, შესთავაზეთ ბავშვს წყალი, რათა გაუადვილდეს კვერცხის გულის გადაყლაპვა. 
12-დან 24 თვემდე: ეს შესანიშნავი დროა ჩანგლის გამოყენების სწავლისთვის, ხოლო ომლეტის პატარა კვადრატები შესანიშნავია ვარჯიშისთვის.

კვერცხი, კვერცხზე ალერგია, კვერცხი ბავშვის მენიუში, ომლეტი,

რეცეპტი: პირველი ომლეტი

ინგრედიენტები:
•    2 ცალი კვერცხი 
•    2 სუფრის კოვზი (30 მლ) წყალი 
•    2 ჩაის კოვზი (10 მლ) ზეითუნის ზეთი 

მომზადების წესი:
•    კარგად ათქვიფეთ კვერცხები თასში და დაამატეთ წყალი. 
•    საშუალო ცეცხლზე დადგით ტაფა და გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, შემდეგ ჩაასხით კვერცხის მასა, დაუწიეთ ალს და დაახურეთ თავსახური. 
•    მოამზადეთ კვერცხი რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ, როგორც კი ქვედა მხარე გამაგრდება  გადაატრიალეთ.
•    დაჭერით ზრდასრული ადამიანის ორი თითის სისქის ზოლებად და მიართვით ბავშვს.
შენახვა: ნარჩენები შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში, 3 დღის განმავლობაში, ან საყინულეში 3 თვემდე.

გემოების შეხამება
კვერცხი უხდება ყველს, ხახვს და ბოსტნეულის კერძებს, როგორიცაა მოწალული ბროკოლი ან მოშუშული ისპანახი.

წყარო: solidstarts