→პროდუქტის ტიპი: ბოსტნეული
→რეკომენდებული ასაკი: 6 თვეზე მეტი
→ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას
→არ წარმოადგენს გავრცელებულ კვებით ალერგენს
როდის შეუძლიათ ბავშვებს ბროკოლის მირთმევა?
კარგად მომზადებული, რბილი კონსისტენციის მქონე ბროკოლი შეგიძლიათ ბავშვის კვების რაციონში მყარ საკვებზე გადასვლის პირველივე დღიდან შეიტანოთ. ეს დაახლოებით 6 თვის ასაკში ხდება. ბროკოლი ერთ-ერთი საუკეთესო პირველი პროდუქტია ბავშვისთვის, რადგან მას ძალიან სასიამოვნო ტექსტურა აქვს.
სასარგებლოა თუ არა ბროკოლი ბავშვებისთვის?
ბროკოლი დახუნძლულია სასარგებლო ნივთიერებებით. ის შეიცავს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო მრავალ ვიტამინსა და მინერალს. მათ შორისაა: ვიტამინი A, C, B6, ფოლიუმის მჟავა, რკინა, თუთია და მრავალი სხვა. ბროკოლის მრავალი სახეობა არსებობს, მაგალითად, რომანესკო (ლაიმის ფერი იტალიური ვარიანტი) ან იისფერი ბროკოლი, რომელიც ინგლისშია გავრცელებული. ცნობისთვის, სინამდვილეში, ბროკოლი საკვებად ვარგის ყვავილს წარმოადგენს.
რამდენად დიდია ბროკოლის გადაცდენის საფრთხე?
ბროკოლი გადაცდენის მხრივ ყველაზე საშიში პროდუქტების სიაში მოწინავე ადგილზე არ არის, მაგრამ არასათანადო მომზადების ან დაჭრის შემთხვევაში ის შეიძლება ბავშვისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. რისკის მინიმუმამდე დასაყვანად მოწალეთ ბროკოლი, სანამ ბოლომდე არ დარბილდება. შემდეგ კი თითოეული ყლორტი სიგრძეზე გაჭერით.
რამდენად ხშირია ბროკოლის მიმართ ალერგია?
ბროკოლის მიმართ ალერგიის შემთხვევები ძალიან იშვიათია, მაგრამ თეორიულად ამის შანსი ყოველთვის არსებობს.
როგორ მოვამზადოთ ბროკოლი ბავშვებისთვის?
6-9 თვის ასაკი: ბავშვს შესთავაზეთ ბროკოლის მთლიანი ნაზი ყლორტი თავისი ყვავილებით. ბოსტნეული უნდა იყოს კარგად მოწალული. ბავშვს ბროკოლის ყლორტი მიაწოდეთ ისე, რომ ღერო ამობრუნებული იყოს, ყვავილები კი ქვევით მიმართული. თუ ყლორტი ძალიან სქელია, გაჭერით ის სიგრძეზე. შეგიძლიათ პატარას მხოლოდ მოწალული ღეროც შესთავაზოთ.
9-12 თვის ასაკი: ამ ასაკში ბავშვი მცირე ზომის საგნების ცერა და საჩვენებელი თითით აღებას სწავლობს. დაჭერით ბროკოლი მცირე ზომის ნაჭრებად, ისე, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად შეძლოს ბოსტნეულის ჯამიდან აღება. ასევე, თუ ბავშვს მცირე ზომის ნაჭრების აღება უჭირს, შეგიძლიათ მათი ზომა გაზარდოთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბროკოლი კარგად არის მომზადებული.
12-24 თვის ასაკი: შეგიძლიათ ბროკოლის მომზადების ხარისხი შეამციროთ და მოწალოთ ან მოხარშოთ ის უფრო ნაკლები დროით. ამ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელეთ თქვენი პატარას ღეჭვის და ყლაპვის უნარით და საკუთარი ინტუიციით.
ბროკოლის მოწალვა მოხარშვასთან შედარებით ბოსტნეულს სასარგებლო ნივთიერებებს მეტად უნარჩუნებს. მისი შეწვაც შეიძლება, თუმცა ამ გზით მომზადებული ბროკოლი უფრო უხეშ ტექსტურას იღებს. მცირე ასაკის ბავშვებისთვის ორთქლზე მომზადება ყველაზე უსაფრთხო არჩევანია.
რეცეპტი: ბროკოლი ლიმნით
ინგრედიენტები:
• ბროკოლი (1 თავი)
• ლიმონი
• ზეითუნის ზეთი ან მარილის დაბალი შემცველობის მქონე კარაქი
მომზადების წესი:
• გარეცხეთ ბროკოლი და მოაშორეთ ღეროს ყლორტები.
• მოწალეთ ბროკოლი, სანამ ბოლომდე არ დარბილდება (თუმცა არა იმდენად რომ დაიშალოს). სანამ ბროკოლი მომზადდება, გაადნეთ კარაქი.
• გამდნარი კარაქი ან ზეითუნის ზეთი ჩაასხით ჯამში და დაამატეთ მას მცირეოდენი ლიმნის წვენი. კარგად აურიეთ.
• ბროკოლის ყლორტები გაჭერით შუაში.
• დაჭრილი ბროკოლი მოათავსეთ კარაქიან/ზეთიან და ლიმნიან ჯამში.
• ბროკოლი ძალიან მოსახერხებელი საჭმელია ბავშვისთვის თითებით. მისი ჩართვა ასევე შეგიძლიათ ომლეტის შემადგენლობაშიც.
გემოების შეხამება:
ბროკოლი ძლიან უხდება ძროხის ხორცს, ყვავილოვან კომბოსტოს, ლიმონს, პარმეზანს ან ნებისმიერ ყველს.
წყარო:solidstarts.com