ხაჭო ბავშვის მენიუში (+რეცეპტი)

28-08-2022

როდის შეუძლია ბავშვს ხაჭოს მირთმევა?

ხაჭო, თუ მასში ნატრიუმის დაბალი შემცველობაა (100 მგ-ზე ნაკლები თითო პორციაში), შეიძლება ჩვილებს მიეწოდოთ, როგორც კი ისინი მზად იქნებიან მყარი საკვების დასაწყებად, რაც როგორც წესი, 6 თვის ასაკიდან ხდება. 

სასარგებლოა თუ არა ხაჭო ბავშვებისთვის?

დიახ, როდესაც მასში მცირე რაოდენობის ნატრიუმია. ხაჭო მდიდარია პროტეინებით, B ვიტამინით, მათ შორის ფოლიუმის მჟავით და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა კალციუმი, სელენი, იოდი და თუთია. ზოგიერთ ხაჭოს პრობიოტიკებსაც კი უმატებენ, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავების ჯანსაღ ფუნქციონირებას.ხაჭოს ყიდვისას მოძებნეთ ბრენდები, რომლებსაც აქვთ 100 მგ-ზე ნაკლები ნატრიუმის შემცველობა თითო პორციაში. საბედნიეროდ, ხაჭოს წვრილ ბადეზე, ცივი წყლის ქვეშ გარეცხვა მასში ნატრიუმის დონეს 60 პროცენტით ამცირებს.

ხაჭო, მყარი კვება,

რამდენად დიდია ხაჭოს გადაცდენის რისკი ბავშვებში?

ხაჭო არ არის ჩვილებისთვის საშიში პროდუქტი, თუმცა, თეორიულად, ბავშვს შეიძლება ნებისმიერ საკვები გადაცდეს. გადაცდენის რისკის შესამცირებლად, სუფრასთან მიტანის წინ ხაჭოს დიდი ზომის ბოლქვები შეგიძლიათ ჩანგლით ნაზად გააბრტყელოთ.

წარმოადგენს თუ არა ხაჭო გავრცელებულ კვებით ალერგენს?

დიახ. ხაჭო, როგორც წესი, ძროხის რძისგან მზადდება, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებში გავრცელებული კვებითი ალერგენია. თუ ბავშვი ალერგიულია რძის პროდუქტების მიმართ, იცოდეთ, რომ ეს ალერგია დროთა განმავლობაში ქრება. კვლევებმა აჩვენა, რომ ძროხის რძეზე ალერგიის მქონე ბავშვების უმეტესობას ის 6 წლის ასაკში აღარ აღენიშნება.
რძე არის საკვები ცილებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომის ხშირი მიზეზი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც FPIES. FPIES არის დაგვიანებული ალერგიური რეაქცია საკვების ცილაზე, რომელიც იწვევს ღებინების და დიარეის უეცარ დაწყებას საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მკურნალობის გარეშე მან შეიძლება მნიშვნელოვანი დეჰიდრატაცია გამოიწვიოს. საბედნიეროდ, რძის ალერგიის სხვა ფორმების მსგავსად, FPIES, რომელიც ადრეულ ასაკში ვლინდება, ჩვეულებრივ 3-5 წლის ასაკში ქრება. 
თუ ბავშვს ლაქტოზის აუტანლობა აქვს, ხაჭო მისთვის შეუთავსებელი პროდუქტია, რადგან ის დიდი რაოდენობით ლაქტოზას შეიცავს. თუმცა, არსებობს ბრენდები, რომლებიც ულაქტოზო ხაჭოს აწარმოებენ. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენს შვილს ლაქტოზას აუტანლობა აქვს, მნიშვნელოვანია მისთვის იპოვოთ კალციუმით მდიდარი პროდუქტები, რათა უზრუნველყოთ ბავშვის დაბალანსებული კვება და ძვალ-სახსროვანი სისტემის კარგი განვითარება.თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენს შვილს რძის მიმართ ალერგია აქვს, რძის პროდუქტების შეთავაზებამდე კონსულტაცია გაიარეთ ალერგოლოგთან.

ხაჭო, მყარი კვება,

როგორ მივაწოდოთ ბავშვს ხაჭო?

6-დან 12 თვემდე: მიართვით ბავშვს ნატრიუმისგან თავისუფალი ან მისი დაბალი შემცველობის მქონე ხაჭო. შეგიძლიათ ხაჭოს შეურიოთ სხვა საკვები, ან წაუსვათ ის ტოსტზე. მოერიდეთ ბავშვისთვის ხაჭოს თაფლთან ერთად შეთავაზებას (ჩვილ ბავშვთა ბოტულიზმის საშიშროების გამო). თუ დაბალი ნატრიუმის შემცველობის ხაჭოს ვერ იპოვით, უბრალოდ გარეცხეთ ის წვრილ ბადეზე.
12-დან 24 თვემდე: განაგრძეთ ნატრიუმის დაბალი შემცველობის მქონე ხაჭოს შეთავაზება დამოუკიდებლად ან სხვა საკვებთან ერთად. გამოიყენეთ ხაჭო პატარასთვის ახალი არომატების შესათავაზებლად. კოვზის გამოყენების წახალისების მიზნით, წინასწარ აიღეთ კოვზით ხაჭო და მიაწოდეთ ბავშვს ან დადეთ ჯამის გვერდით, რათა თავად აიღოს. 

რეცეპტი: ფერმერის ლანჩი

ინგრედიენტები:
•    1 ნაჭერი პური 
•    ⅓ ჭიქა (80 მლ) ხაჭო
•    1 ცალი კიტრი 
•    1 ცალი პომიდორი 
•    ¼ ჭიქა (60 მლ) მოცვი
   

მომზადების წესი:
•    პური გახუხეთ და შემდეგ დაჭერით ორი თითის სიგანის ზოლებად.
•    ტოსტის ნაჭრებს წაუსვით ხაჭოს თხელი ფენა და მოათავსეთ ბავშვის თეფშზე. დარჩენილი ხაჭო გადაიტანეთ ჯამში.
•    გარეცხეთ კიტრი, პომიდორი და მოცვი. კიტრი დაჭერით სიგრძივ ნაჭრებად, პომიდორი - მსხვილ კუბებიკებად, მოცვი კი გააბრტყელეთ. მოათავსეთ ისინი ბავშვის თასში.
შენახვა: დარჩენილი ხაჭო შეინახეთ მაცივარში, ჰერმეტულ კონტეინერში 1 კვირის განმავლობაში. კიტრის და პომიდვრის ნაჭრები და მოცვი ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, 4 დღის განმავლობაში.

გემოების შეხამება:

ხაჭო უხდება სიმინდს, კვერცხს, ქინოას, ბრინჯს, მაკარონს და ინდაურის ხორცს.

წყარო: solidstarts.com