რა ასაკიდან შევთავაზოთ ბავშვს პური

25-07-2022

რა ასაკიდან და როგორი პური მივცეთ ბავშვს?

ბავშვს შეუძლია პურის მიღება, როგორც კი მზად იქნება მყარი საკვების დასაწყებად, რაც, ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკში ხდება.

სასარგებლოა თუ არა პური ბავშვებისთვის?

დიახ, როდესაც იგი გამოიყენება, როგორც დაბალანსებული დიეტის ნაწილი. ყველა სახის პური შეიცავს უამრავ ნახშირწყალს, ასევე - ბოჭკოს და პროტეინსაც. შემადგენლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება პურის ტიპის მიხედვით - ზოგი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას გვთავაზობს, ვიდრე სხვები.
ყველაზე სასარგებლო ფერმენტირებული ან გაღივებული მარცვლეულისგან დამზადებული პურია.  მარცვლებში გაღივების პროცესი დაწყებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ თესლი იწყებს აყვავებას თბილი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად. ამგვარი მარცვეულისგან დამზადებული პროდუქტი უფრო მარტივად მოსანელებელია და ადამიანის ორგანიზმს უადვილებს საკვები ნივთიერებების ათვისებას. ფერმენტირებული და გაღივებული მარცვლეულით დამზადებული პური უფრო მეტ საკვებ ნივთიერებებს გვთავაზობს, ვიდრე მთლიანი მარცვლეულით დამზადებული პური. 
თუმცა, მთლიანი მარცვლეულისგან დამზადებული პური ასევე შესანიშნავი არჩევანია ჩვილებისთვის, რადგან ის გვთავაზობს ბევრად მეტ ბოჭკოს, პროტეინს და საკვებ ნივთიერებებს, ვიდრე რაფინირებული ფქვილისგან დამზადებული პური. შეარჩიეთ პური წარწერით „100% მთლიანი მარცვლეული“.

რჩევა: პურის ყიდვისას ყურადღებით წაიკითხეთ ინგრედიენტების სია. ზოგიერთი პური შეიცავს ალერგენებს, როგორიცაა რძის პროდუქტები, კვერცხი, სეზამი, სოიო და თხილი და ბევრს აქვს დამატებული ნატრიუმი და დამატკბობლები. უპირატესობა მიანიჭეთ გამდიდრებული ფქვილით დამზადებულ, 100 მილიგრამზე ნაკლები ნატრიუმის შემცველობის პურს შაქრის დანამატის გარეშე.

პური, როდის შევთავაზოთ ბავშვს პური, პური ბავშვისთვის, პური ბავშვის მენიუში,

რომელი სახეობის პურია ყველაზე სასარგებლო ბავშვისთვის?

ყველაზე სასარგებლოა ფერმენტირებული ან აყვავებული მარცვლეულით დამზადებულ პური. ის გაცილებით მეტ სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს გვთავაზობს, ვიდრე გადამუშავებული მარცვლეულით დამზადებული პური, რომლებსაც არ აქვს თესლის მარცვლებში შემავალი საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნაწილები.
აყვავებული მარცვლებისგან დამზადებული პური სავსეა ცილით და ბოჭკოთი. ის ასევე გვთავაზობს უამრავ B-ვიტამინს და მინერალებს, როგორიცაა რკინა და სელენი.
ტრადიციულად, რძემჟავა დუღილისგან დამზადებული პური ასევე შესანიშნავი არჩევანია, რადგან ის სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნციონირებას. კვლევებმა აჩვენა, რომ ფერმენტირებული პურის შეთვისება უფრო მარტივად ხდება, ვიდრე მშრალი საფუარით დამზადებული პურის - მასში შემავალი საკვები ნივთიერებები უფრო ადვილად შეიწოვება ადამიანის ორგანიზმის მიერ.
რჩევა: აირჩიეთ ორგანული ხორბლისგან დამზადებული პური — ან ალტერნატიული მარცვლეულისგან დამზადებული პური, როგორიცაა ამარანტი, წიწიბურა, ემერი, ხორასანის ხორბალი, ქინოა. ჩვეულებრივი ხორბლით დამზადებულმა პურმა, რომელსაც დიდი რაოდენობის პესტიციდები აქვს შესხურებული, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. 

დღეში რა რაოდენობის პურის მიღებაა რეკომენდებული ბავშვებისთვის?

6-დან 12 თვემდე: ზუსტად არ არის დადგენილი რეკომენდაციები. დროა თანდათან ვისწავლოთ მარცვლეულის ჭამა! შეარჩიეთ გადაუმუშავებელი მარცვლეულისგან დამზადებული პროდუქტები, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ.
12-დან 23 თვემდე: დღიური ნორმა არის 2-3 ნაჭერი პური ან დაახლოებით 1-1,5 ჭიქა მოხარშული მარცვლეული ან მაკარონი. დღის რაციონი შეიძლება გამოიყურებოდეს ასე:  1 პატარა პურის ნაჭერი, ¼ ჭიქა მოხარშული პასტა და ½ ჭიქა მოხარშული შვრიის ფაფა.
24-დან 36 თვემდე: დღიური ნორმაა 3-5 ნაჭერი პური ან დაახლოებით 1,5-2,5 ჭიქა მოხარშული მარცვლეული ან მაკარონი ყოველდღიურად. დღის განმავლობაში რაციონი შეიძლება გამოიყურებოდეს შემდეგნაირად: 1 პატარა სიმინდის ტორტილა, ½ ჭიქა მოხარშული პასტა, ½ ჭიქა მოხარშული შვრიის ფაფა და 1 ჭიქა მშრალი მარცვლეული. 

წარმოადგენს თუ არა პური გავრცელებულ კვებით ალერგენს?

დიახ. პური ხშირად შეიცავს ალერგენებს, როგორიცაა რძე, კვერცხი, სეზამი, სოიო, თხილი და ხორბალი.ხორბალი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენია ბავშვებში. საბედნიეროდ, ბავშვების ორ მესამედში ალერგია საშუალოდ 12 წლამდე ქრება. ორალური ალერგიის სინდრომის მქონე პირები (ასევე ცნობილია როგორც საკვების მტვრის ალერგიის სინდრომი) შეიძლება მგრძნობიარენი იყვნენ ხორბლის მიმართაც.მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, ზოგიერთ ადამიანს აქვს მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც ხორბალზე დამოკიდებული, ვარჯიშით გამოწვეული ანაფილაქსია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქცია, თუ ადამიანი ხორბლის ჭამიდან რამდენიმე საათში ივარჯიშებს. ეს პაციენტები უნდა მოერიდონ ხორბლის მიღების შემდეგ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას. 
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხორბლის ალერგია არ არის იგივე, რაც ცელიაკია. ცელიაკია მოითხოვს მკაცრ, უგლუტენო დიეტას მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
თუ თქვენს პატარას აქვს ალერგიის ოჯახური ისტორია ან ეჭვი გაქვთ, რომ ბავშვი ალერგიულია ხორბლის მიმართ, გაესაუბრეთ პედიატრს, სანამ კვების რაციონში პურს შეიტანთ. როგორც ნებისმიერი ახალი საკვების შეტანისას, დაიწყეთ მცირე რაოდენობის შეთავაზებით და ყურადღებით დააკვირდით ალერგიული რეაქციის ნებისმიერ ნიშანს. თუ არასასურველი რეაქცია არ არის, თანდათან გაზარდეთ პორციის ზომა. 

რამდენად დიდია პურის გადაცდენის საფრთხე ბავშვებში?

პური შეიძლება იყოს სახიფათო ჩვილებისთვის, რადგან ის დასველებისას რბილდება და წებოვანი ხდება. პურის მცირე ნაწილაკები შეიძლება შეერთდეს და პირის ღრუში დიდ მასად გადაიქცეს, რომელიც ენასა და სასას შეიძლება მიეკრას. რისკის შესამცირებლად, გახუხეთ პური და წაუსვით მას ავოკადოს, რიკოტას, ჰუმუსის, ლაბნეს ან იოგურტის თხელი ფენა.

როგორ მივაწოდოთ პური ბავშვს?

პური, როდის შევთავაზოთ ბავშვს პური, პური ბავშვისთვის, პური ბავშვის მენიუში,

 

6-დან 9 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს სქელი, ქერქიანი პურის ბოლოები და ტოსტის დაახლოებით ორი თითის სიგანის მქონე ზოლები. მაგარი კონსისტენციის მქონე პურის ნაწილების შეთავაზება უფრო უსაფრთხოა, რადგან მისი ნაწილაკები არ შეერთდება და არ წარმოქმნის ასფიქსიის რისკს. თავი შეიკავეთ პურის შეთავაზებისგან წებოვან თხილის კარაქთან ერთად, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ დახრჩობის რისკი.

9-დან 12 თვემდე: ამ ასაკში ჩვილებს უვითარდებათ პინცეტის რეფლექსი, რაც მათ საშუალებას აძლევს, აიღონ საკვების პატარა ნაჭრები. ეს შესანიშნავი დროა ნაჭრების ზომის შესამცირებლად.
12-დან 18 თვემდე: ეს შესანიშნავი ასაკია პურის მრავალფეროვნების შესასწავლად და კბენის და ღეჭვის პრაქტიკისთვის. შესთავაზეთ ბავშვს ნახევრად ან მეოთხედად დაჭრილი პურის დიდი ნაჭრები. 
18-დან 24 თვემდე: სენდვიჩის დროა! ბავშვებს მოსწონთ სენდვიჩის გამოყოფა, რათა გამოიკვლიონ, რა არის შიგნით. დაახლოებით 18-დან 24 თვემდე, პატარები სწავლობენ როგორ მიირთვან სენდვიჩი დაუშლელად, რაც მათთვის შესაძლებლობების ახალ სამყაროს ხსნის. თუ შერეული კონსისტენცია (ერთზე მეტი ტექსტურის მქონე საკვები) ახალია თქვენი პატარასთვის, ყურადღებით დააკვირდით მას სენდვიჩის პირველად შეთავაზებისას და დაეხმარეთ გაერკვეს, როგორ მართოს სხვადასხვა ტექსტურა ერთ ლუკმაში. 

რეცეპტი: ყველის და ლიმნის ტოსტი

ინგრედიენტები:
•    1 ნაჭერი პური
•    1 სუფრის კოვზი რიკოტა, მასკარპონე, ლაბნე ან კვარკი
•    ¼ ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
•    ¼ ჩაის კოვზი სეზამის თესლი (სურვილისამებრ) 
მომზადების წესი:
•    გახუხეთ პური მსუბუქად.
•    შეურიეთ ყველი და ლიმონის ცედრა.
•    ტოსტზე თხლად წაუსვით ლიმონიანი ყველი. ზემოდან მოაყარეთ სეზამის მარცვლები. 
დადეთ ტოსტი ბავშვის წინ. ნება მიეცით მას, თავად იკვებოს. თუ ბავშვს დახმარება სჭირდება, მიაწოდეთ ტოსტი. 

გემოების შეხამება
პური ერთნაირად უხდება ტკბილ და მარილიან კერძებს. სცადეთ ექსპერიმენტები გემოს სხვადასხვა კომბინაციით, რომლებიც შეესაბამება თქვენი ოჯახის პრეფერენციებსა და გემოვნებას.

წყარო: solidstarts.com