ძუძუსთავის ვაზოსპაზმი: სიმპტომები და მკურნალობა

15-04-2022

ძუძუსთავის ვაზოსპაზმი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ძუძუს კერტების ირგვლივ მოთავსებული სისხლძარღვები შევიწროვებულია, შედეგად ძუძუს თავი არის მტკივნეული და იღებს თეთრ შეფერილობას. 
ძუძუსთავის ვაზოსპაზმი შეიძლება განვითარდეს ძუძუთი კვების პროცესში ან მისი დასრულების შემდეგ.

ამ მდგომარეობის განვითარების შესაძლო რისკ-ფაქტორებია:

  • ბავშვის ძუძუსთავზე ზედაპირული, არასწორი მოჭიდება
  • რძის გამოსაწველი აპარატის თავის არასწორი ზომა
  • ბავშვის ენის ლაგამის ანომალია, ანკილოგლოსია.

ძუძუსთავის ვაზოსპაზმის ნიშნები და სიმპტომები
•    კერტის ძლიერი ტკივილი: ხშირად ტკივილს აქვს მფეთქავი ხასიათი და ახლავს წვის შეგრძნება, რაც სისხლძარღვებში სისხლის დენის შეფერხების და ქსოვილების იშემიის შედეგია. ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს ცივ ამინდებში. 
•    ძუძუსთავის გათეთრება: კერტის ფერის ცვლილება შეიძლება ვრცელდებოდეს არეოლაზე და მოიცავდეს მთლიან ძუძუსთავს, ან აღინიშნებოდეს მხოლოდ ძუძუსთავის წვერზე.
•    ლურჯი, წითელი ან იისფერი ძუძუსთავი: ამ შეფერილობას ძუძუსთავი მდგომარეობის გამოსწორებისას იღებს, მანამ სანამ მას ნორმალური ფერი დაუბრუნდება.
ძუძუსთავის ვაზოსპაზმის სიმპტომები უმეტესად მხოლოდ რამდენიმე წუთით ან წამით გრძელდება, თუმცა ზოგ ქალს შეიძლება ისინი უფრო ხანგრძლივად აწუხებდეს. ტკივილი შეიძლება ზოგ შემთხვევაში იმდენად ძლიერი იყოს, რომ დედამ ვეღარ შეძლოს ძუძუთი კვების გაგრძელება.

ძუძუსთავის ვაზოსპაზმის გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები
•    ძუძუსთავის დაზიანება, ძუძუთი კვებისას გაჩენილი ნახეთქები
•    ძუძუზე ბავშვის არასწორი მოჭიდება
•    ძუძუსთავის დაინფიცირება
•    გარკვეული მედიკამენტები
•    ნიკოტინის მიღება და სიგარეტის მოწევა
•    ცივი ამინდი
•    რეინაუდის სინდრომი
•    აუტოიმუნური დაავადებები
•    ქირურგიული ჩარევები მკერდზე
•    სხეულის მასის დაბალი ინდექსი
•    ბავშვის ანკილოგლოსია
•    ზედმეტად დიდი ზომის თავის მქონე საწველი აპარატის გამოყენება. რძის გამოსაწველ აპარატებს მოყვება სტანდარტული ზომის თავი, რომელიც ქალთა უმეტესობისთვის შესაფერისია, მაგრამ ზოგ ქალს ესაჭიროება დამატებით, უფრო მცირე ზომის თავის შეძენა.

რეინაუდის სინდრომი, რომელიც სხეულის კიდურების ვაზოსპაზით ვლინდება, შეიძლება ასოცირებული იყოს ძუძუთი კვებასთან. მეძუძური დედები უნდა ეცადონ ყველა ეს რისკ-ფაქტორი თავიდან აიცილონ და, თუ საჭიროა, ძუძუთი კვების სწორი ტექნიკების ასათვისებლად ლაქტაციის კონსულტანტს მიმართონ.

ძუძუსთავის ვაზოსპაზმის პრევენცია
•    მოერიდეთ დაბალ ტემპერატურის გარემოში ყოფნას.
•    მკერდის ტკივილის შესამცირებლად გამოიყენეთ თბილი კომპრესი.
•    ატარეთ ტანისამოსის ერთით მეტი ფენა.
•    გამოიყენეთ გამთბარი ან შალის ქსოვილისგან შეკერილი მკერდის საფენები.
•    შხაპი მიიღეთ ნელ-თბილი წყლით.
•    თავი აარიდეთ ნიკოტინის და დიდი რაოდენობით კოფეინის მიღებას.
•    ყოველი კვებისას ეცადეთ ბავშვს ძუძუზე სწორი მოჭიდება ჰქონდეს.
•    შეამოწმეთ ბავშვის ენის ლაგამის ანომალიის არსებობა.
•    გაზომეთ თქვენი კერტის ზომა, რათა სწორად მოირგოთ გამოსაწველი აპარატის თავი, მას ძუძუსთავზე 2-4 სმ-ით უფრო დიდი დიამეტრი უნდა ჰქონდეს.

ძუძუსთავის ვაზოსპაზმის მკურნალობა
•    აცეტამინოფენი და იბუპროფენი ის მედიკამენტებია, რომლებსაც ექიმები ტკივილის შესამცირებლად ყველაზე ხშირად ნიშნავენ.
•    მაგნიუმი, კალციუმი და B6 ვიტამინი ეფექტურია ვაზოსპაზმის შესამცირებლად.
•    ომეგა ცხიმოვანი მჟავები ასევე ამცირებს ვაზოსპაზმს. ომეგა ცხიმოვან მჟავებს შეიცავს ზეითუნის და ფურისულას ზეთი.
•    რძის გამოწველის ან ძუძუთი კვების შემდეგ ძუძუსთავზე თბილი კომპრესის დადება ამცირებს დისკომფორტს.


წყარო: momjunction.com