ძუძუთი კვება და კოფეინი - la leche league-ს რეკომენდაციები

14-10-2021

რა გავლენას ახდენს კოფეინი ბავშვზე?
თქვენ ალბათ გაინტერესებთ რა გავლენას ახდენს თქვენ მიერ მიღებული ფინჯანი ყავა ან ჩაი თქვენს პატარაზე, რომელიც ძუძუთი იკვებება. დაგამშვიდებთ იმის ცოდნა, რომ კოფეინის ზომიერ დოზებში მოხმარება, უმეტეს შემთხვევაში, არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს ჯანმრთელ, დროულ ჩვილზე. 
ძუძუთი კვებისას ბავშვი დედის მიერ მიღებული კოფეინის მხოლოდ 1.5%-ს იღებს. სურსათის უვნებლობის ევროპული ასოციაციის განცხადებით, დღის განმავლობაში 2 ჭიქა ყავის (200 მგ კოფეინი) მიღება უსაფრთხოა ძუძუთი კვების დროს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის მონაცემებით კი დღიურად მისაღები ყავის უსაფრთხო დოზა 2-3 ჭიქაა (300 მგ კოფეინი).
ამის მიუხედავად, გახსოვდეთ, რომ კოფეინი ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი საშუალებაა და მის მიღებამდე უმჯობესია იცოდეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:
შეიძლება ჩემი შვილი უფრო მოწყვლადი იყოს კოფეინის მიმართ, ვიდრე სხვები?
დღენაკლული ახალშობილები და 6 თვემდე ასაკის ჩვილი ბავშვები უფრო მოწყვლადი არიან დედის მიერ მიღებული კოფეინის დოზების მიმართ. მოსალოდნელია, რომ მათ განუვითარდეთ კოფეინზე რეაქცია, სიმპტომების სახით, რადგან მათი ორგანიზმი დიდ დროს ანდომებს კოფეინის გადამუშავებას და გამოდევნას. დედის რძეში კოფეინის დონე მაქსიმუმს მისი მიღებიდან 1-2 საათში აღწევს. 
რა სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს პატარას?
კოფეინის მიმართ რეაქცია ბავშვებში გამოიხატება უჩვეულო გაღიზიანებით, მოუსვენრობით, ძილთან დაკავშირებული პრობლემებით (უჭირთ ჩაძინება და ძილის შენარჩუნება).
კიდევ რომელი სასმელი ან საკვები შეიცავს კოფეინს?
ჩაის და ყავის გარდა ბევრი სასმელი და საკვები შეიცავს კოფეინს. ზოგი მათგანია:

საკვები/სასმელი:

  • კაკაო/შოკოლადი
  • ყავა (უკოფეინო ყავა შეიცავს 3% კოფეინს)
  • ჩაი (შავი, მწვანე და სხვა  ჰერბალური ჩაის სახეობები)
  • ენერგეტიკული სასმელები
  • გაზირებული სასმელები
  • სპორტული სასმელები

 მედიკამენტები:

  • ტკივილგამაყუჩებლები
  • წონაში კლების საშუალებები

თუ არ ხართ დარწმუნებული პროდუქტი კოფეინს შეიცავს თუ არა, შეამოწმეთ შეფუთვაზე არსებული ინფორმაცია. ზოგიერთი პროდუქტის ეტიკეტზე, რომლებიც ბუნებრივად კოფეინის შემცველია, მაგალითად, ჩაი ან ყავა, შეიძლება კოფეინი არ იყოს მითითებული, მაგრამ იგულისხმებოდეს. ჩათვალეთ, რომ ისინი კოფეინის შემცველია, თუ ეტიკეტზე ამის საწინააღმდეგო არ წერია.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ ეჭვობთ, რომ თქვენს შვილს კოფეინზე რეაქცია განუვითარდა?
თუ ეჭვობთ, რომ ბავშვს თქვენ მიერ მიღებულ კოფეინზე რეაქცია განუვითარდა, უმჯობესია 2-3 კვირით კოფეინის მიღებისგან თავი შეიკავოთ და ჩაი ან ყავა უკოფეინო სასმელებით ჩაანაცვლოთ. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზმი კოფეინისგან სრულიად გათავისუფლდეს. ამის შემდეგ შეგეძლებათ შეაფასოთ, თქვენი შვილის სიმპტომები მართლაც კოფეინისგანაა გამოწვეული თუ არა. უმჯობესია, დღიური კოფეინის დოზა  თანდათანობით შეამციროთ, რადგან კოფეინის უეცრად შეწყვეტამ შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები ნაკლებად მოწყვლადი ხდებიან კოფეინის მიმართ.
 

წყარო:llli.org