ძუძუთი კვება და მოწევა

15-10-2021

დასაშვებია თუ არა ძუძუთი კვება, როდესაც დედა მწეველია?

არსებობს ძალიან ბევრი მიზეზი, რატომაც მიზანშეწონილია მოწევას თავი დაანებოთ. ეს მიზეზები მოიცავს თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ალბათ ბევრი გსმენიათ ამის შესახებ ექიმებისგან, მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან და სხვა წყაროებისგან. 
უნდა გვახსოვდეს, რომ მწეველი დედების შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ ისინი მოწევას თავს ვერ ანებებენ, ბავშვის ძუძუთი გამოკვება საუკეთესო არჩევანია მათთვის და მათი პატარებისთვის. 
მწეველი დედების ახალშობილები და მცირეწლოვანი შვილები იმყოფებიან კოლიკის, რესპირატორული ინფექციების და ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის გაზრდილი რისკის ქვეშ. მაგრამ, ამ რისკებისგან ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები უფრო მეტად არიან დაცულნი, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები მაშინაც კი, თუ დედა მოწევას განაგრძნობს. ძუძუთი კვება იცავს ბავშვებს გარემოში არსებული თამბაქოს კვამლის პოტენციური ზიანისგან. 
ამერიკის პედიატრთა აკადემიამ მოწევა ძუძუთი კვების უკუჩვენებების სიიდან ამოიღო. მათი განცხადება შემდეგია: „ძუძუთი კვება და დედის მწეველობა ნაკლებად საზიანოა ბავშვისთვის, ვიდრე დედის მწეველობა და ხელოვნურ კვებაზე ყოფნა ერთად“.
ძუძუთი კვებას მნიშნელოვანი ცვლილებების შეტანა შეუძლია როგორც ბავშვის, ასევე დედის ჯანმრთელობაში. პატარებს ძუძუთი კვება მრავალი დაავადებისგან იცავს, როგორებიცაა, დიაბეტი, სიმსივნე, დიარეა. დედებს კი ძუძუს კიბოსგან იცავს, ეხმარება ორსულობის დროს მომატებული წონის დაკლებაში და აძლევს საშუალებას შვილთან უნიკალური კავშირი ჩამოაყალიბონ, რომელიც სხვა ტიპის ურთიერთობისგან არ ჩნდება.
ასე რომ, თუ ძალიან გინდათ და ვერ ანებებთ თავს მოწევას, ბავშვს მაინც აწოვეთ ძუძუ, კიდევ ეს ჯობს იმას, რომ მოწევის გამო გადაიყვანოთ ხელოვნურ კვებაზე.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია მწეველი დედებისთვის, რათა მათ მაქსიმალურად შეამცირონ მოწევის უარყოფითი გავლენა ბავშვზე.

მოწიეთ ბავშვისგან რაც შეიძლება მოშორებით

იმისთვის, რომ თქვენი პატარა თამბაქოს კვამლისა და მისი მცირე ნაწილაკებისგან დაიცვათ, რომლებიც მან შეიძლება შეისუნთქოს, ყველა ოჯახის წევრმა უნდა მოწიოს სახლის გარეთ ან სხვა ოთახში მაინც. მოწევის შემდეგ სანამ ბავშვს შეეხებით, დაიბანეთ ხელები. ასევე, უმჯობესია მოწევისას გეცვათ ქურთუკი ან რაიმე სხვა სამოსი, რომ დაიცვათ ტანსაცმელი კვამლის ნარჩენებისგან. მოწევის შემდეგ, ბავშვთან დაბრუნებამდე, ქურთუკი უნდა გაიხადოთ.

შეამცირეთ დღე-ღამეში მოწეული სიგარეტის რაოდენობა
 

დღეში ნაკლები სიგარეტის მოწევა ნიშნავს ნაკლებ გამონაბოლქვს ბავშვის გარშემო, ნიკოტინის ნაკლებ დონეს თქვენს რძეში, თქვენს გაუმჯობესებულ ჯანმრთელობას და მეტ დროს ბავშვთან გასატარებლად.

აკონტროლეთ ბავშვის წონის ნამატი


არსებობს ურთიერთგამომრიცხავი კვლევები იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას დედის მწეველობა ბავშვის წონის ნამატზე. ეს თემა დღემდე განსჯის საგანია. თუმცა, ყველა შემთხვევაში, მნიშნელოვანია მკაცრად აკონტროლოთ ბავშვის წონა და თუ თვლით, რომ ის არასათანადოდ იმატებს, მიმართეთ მის პედიატრს.


მოწიეთ ძუძუთი კვების დასრულებისთანავე და არა მანამდე

მოწევის შემდეგ დედის რძეში ნიკოტინის დონე იმატებს, შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, იკლებს. ასევე იმატებს ამონასუნთქ ჰაერში ნახშირბადის მონოოქსიდის (CO) შემცველობა, განსაკუთრებით, მოწევის შემდგომ 1 საათის განმავლობაში. CO-ს შემცველობა ამონასუნთქ ჰაერში გაზრდილი რჩება მოწევიდან 24 საათის განმავლობაში, ამიტომ მწეველ დედას უმჯობესია, ღამე ბავშვის გვერდით არ ეძინოს. ძუძუთი კვების შემდეგ მაშინვე მოწევა ამცირებს მომდევნო კვების დროს რძეში ნიკოტინის რაოდენობას. მოწევიდან 90 წუთში დედის სისხლსა და რძეში ნიკოტინის დონე ნახევრდება. ბავშვის სიცოცხლის პირველ კვირებში ის ძალიან ხშირად საჭიროებს კვებას, ამიტომ შესაძლოა კვებებს შორის ინტერვალი 90 წუთზე ნაკლები გამოვიდეს ხოლმე.
გახსოვდეთ, ძუძუთი ხშირი კვება სასარგებლოა თქვენი რძის მარაგის შენარჩუნებისთვის და ბავშვის ოპტიმალური ზრდისთვის.

მოწევის შესაწყვეტად გამოყენებული საშუალებები


არსებობს მოწევის შეწყვეტის ხელშემწყობი მრავალი საშუალება. მათ შორისაა ნიკოტინის საღეჭი რეზინა და ტაბლეტები. მათი გამოყენებისას უნდა მოიქცეთ ზუსტად ისე, როგორც მოწევისას მოიქცეოდით: გამოიყენეთ ისინი ძუძუთი კვების დასრულებისთანავე იმისთვის, რომ ნიკოტინის მომატებული დონე შემდეგ კვებამდე შემცირდეს. 
ნიკოტინის პლასტირი თქვენს სისხლსა და რძეში ნიკოტინის სტაბილურ დონეს ქმნის, თუმცა, ეს დონე ნაკლებია თამბაქოს მოწევის დროს არსებულ რაოდენობასთან შედარებით. უმჯობესია ღამით პლასტირი მოიშოროთ იმისთვის, რომ ღამის კვების დროს ნიკოტინის დონე რძეში ნაკლები იყოს. დედები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ამ საშუალებების გამოყენებისას: ამ პროდუქტების გამოყენების დროს მოწევის რეციდივის შემთხვევაში დედის რძეში შეიქმნება ნიკოტინის ძალიან მაღალი დონე, რაც საშიშია ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

ძუძუთი კვების ნაადრევი შეწყვეტა
 

მწეველი დედები უფრო ადრე ამცირებენ და წყვეტენ ძუძუთი კვებას, ვიდე არამწეველი დედები. თუმცა, ეს გამოწვეულია არა რაიმე ფიზიკური მიზეზებით, არამედ მათი წუხილით, რომ შვილებს ზიანს მიაყენებენ. ისინი დარდობენ მათი მწეველობის შესაძლო უარყოფითი შედეგების გამო. თუმცა, დედებს უნდა ახსოვდეთ, რომ ძუძუთი კვება მათ შვილებს სწორედ იმ საფრთხეებისგან იცავს, რომლებზეც ისინი ასე წუხან.

წყარო:  llli.org