ძუძუთი კვების პროცესში პარტნიორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ მხარდაჭერას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია დედის გადაწყვეტილებაზე, დაიწყოს და ხანგრძლივად შეინარჩუნოს ძუძუთი კვების პროცესი. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ოჯახებში, სადაც მამები ბავშვის დაბადებამდე ინფორმაციას იღებდნენ ძუძუთი კვების სირთულეებთან დაკავშირებით, დედები 5-ჯერ უფრო მეტი ალბათობით აგრძელებდნენ ძუძუთი კვებას 6 თვემდე. მამების გარდა ამ პროცესზე დადებითი გავლენა დოულას დახმარებასაც შეუძლია.
მოიძიეთ ხელმისაწვდომი რესურსები და გამოიყენეთ ისინი: მშობლებმა ერთად უნდა მოიძიონ რესურსები, იქნება ეს ინტერნეტში განთავსებული სტატია, მშობლებისთვის შექმნილი სხვადასხვა ჯგუფი, ლაქტაციის კონსულტანტი, ძიძა ან სხვა. მოგეხსენებათ, რომ ბავშვის აღზრდა ერთი ადამიანის საქმე ნამდვილად არ არის.
დაეხმარეთ დედას, დაიწყოს და გააგრძელოს ძუძუთი კვება: ძუძუთი კვებას დიდი ძალისხმევა, ბევრი ენერგია, დრო და მზრუნველობა სჭირდება, განსაკუთრებით დასაწყისში, სანამ ბავშვი ძუძუზე სწორად მოჭიდებას და წოვას ისწავლის. დედობის და ძუძუთი კვების პირველი რამდენიმე კვირა ემოციურადაც ძალიან დამღლელია. სირთულეების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება ლაქტაციის კონსულტანტის დახმარება ან გამოსაწველი მოწყობილობის შეძენა გირჩიოთ. პარტნიორი უნდა დაეხმაროს დედას ამ სირთულეების გადალახვაში, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ძუძუთი კვება უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე ბოთლით კვება, ეხმარება ქალს მშობიარობის შემდეგ პერიოდში და ფინანსურადაც ძალიან დამზოგველია.
დაიცავით მისი საზღვრები: პარტნიორს შეუძლია დაიცვას მეძუძური დედის საზღვრები, დაზოგოს მისი დრო და ენერგია. მაგალითად, როდესაც სტუმარი მოვა, პარტნიორს შეუძლია შეეგებოს მას და უთხრას, რომ ახალბედა დედას მარტო ყოფნა და დასვენება სჭირდება.
იზრუნეთ მზრუნველ დედაზე: დაეხმარეთ დედას აღიდგინოს ძალები, რათა მან სრულყოფილად შეძლოს პატარაზე ზრუნვა. ამის მისაღწევად შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი:
დაუახლოვდით პატარას: აბანავეთ ბავშვი, აიყვანეთ ის ხელში და განახორციელეთ კანით კანთან კონტაქტი, გამოუცვალეთ საფენი, გაუკეთეთ მასაჟი და ეთამაშეთ მას.
გადაიღეთ ფოტოები: შეიძლება ამჟამად ასე არ გეჩვენებოდეთ, მაგრამ ძუძუთი კვება თქვენი ცხოვრების ძალიან მცირე მონაკვეთია. მომავალში ძალიან დააფასებთ ამ მოვლენის მოსაგონებელ ფოტოებს და ვიდეოებს. პარტნიორს შეუძლია ამ მოგონებების აღბეჭდვა, ან თუ მოისურვებთ პროფესიონალ ფოტოგრაფთანაც შეგიძლიათ მოაწყოთ ფოტოსესია.
ძუძუთი კვება ერთი შეხედვით ექსკლუზიურად დედასა და ბავშვს შორის ურთიერთობას მოიცავს. თუმცა, ყურადღებიან პარტნიორს შეუძლია ძუძუთი კვების პროცესის წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს.
წყარო: llli.org