ცხელება ბავშვებში ცხელება ერთერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია ბავშვებში. პირველ რიგში გავარკვიოთ, რა არის ნორმალური ტემპერატურა. ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი თაკო ძაგანია.
- ზოგადად იღლიის ტემპერატურის ნორმის ფარგლებია 36.5 – 37.5 °C
- რექტალური (სწორი ნაწლავის)
- დაფის აპკის (ყურის) – 36.6 -38°C.
37 °C სხეულის ტემპერატურა ფიქსირებული რიცხვი არ არის, ის ცვალებადია დღის მანძილზე. გამთენიისას ყველაზე დაბალია, საღამოს კი, ყველაზე მაღალი.
უნდა დავწიოთ თუ არა 38°C ტემპერატურა, თუ ბავშვი აქტიურია და თავს კარგად გრძნობს?
არა, აუცილებელი არ არის. ითვლება, რომ სიცხის მიზანი ორგანიზმის იმუნური პასუხის გაძლიერებაა და მისი დაქვეითება არ არის აუცილებელი თუ ბავშვი აქტიურია, სვამს სითხეს და არ წუხს. სიცხის დამწევი მედიკამენტის გამოყენება საჭიროა დისკომფორტის მოსახსნელად და არა მხოლოდ ციფრის შესამცირებლად. მიზანი არის კომფორტის მიღწევა და არა – „ნორმალური“ ტემპერატურის.
არსებობს თუ არა „საშიში ციფრები“ თერმომეტრზე?
მხოლოდ ციფრები არ განსაზღვრავს მდგომარეობას. მნიშვნელოვანია ცხელების გამომწვევი მიზეზი, სხვა სიმპტომები და ბავშვის ზოგადი მდგომარეობა. აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ:
- ბავშვის ასაკი ნაკლებია 3 თვეზე და ცხელება ≥38°C
- ≥40°C და ბავშვს ცუდი საერთო მდგომარეობა აქვს
- აღენიშნება ზედმეტი ძილიანობა, ქოშინი, გამონაყარი, კრუნჩხვა
- ცხელება გრძელდება 3-5 დღეზე მეტი ორგანიზმისთვის დამაზიანებელია >42°C-ზე, ამას ჰიპერთერმია ჰქვია და ინფექციის ან ჩვეული ავადობის დროს არ ხდება.
რომელი თერმომეტრია უკეთესი?
თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არც ისე მარტივი კითხვაა. გააჩნია ბევრ ფაქტორს, ბავშვის ასაკს, გაზომვის ადგილს, მშობლის და ბავშვის ინდივიდუალურ სურვილს. ელექტრო თერმომეტრი — რეკომენდებულია. ვერცხლის წყლის თერმომეტრი აღარ არის რეკომენდებული გატეხვის და ტოქსიკურობის რისკის გამო. ყველაზე ზუსტი მეთოდი ტემპერატურის გასაზომად რექტალური (სწორი ნაწლავის) ტემპერატურაა, მაგრამ მოხერხებულია მხოლოდ 3-6 თვის ასაკამდე. ცხელებად ჩათვალეთ მაჩვენებელი ≥38°C. ყველაზე ადვილად გასაზომია იღლიის ტემპერატურა, თუმცა სწორად ფიქსაცია, ბავშვის გაჩერება არც ისე ადვილია და ხშირად რამდენჯერმე გადამოწმებაა საჭირო. ერთი რჩევა შეიძლება დაგეხმაროთ, თერმომეტრმა შეცდომით შეიძლება დაბალი რიცხვი აჩვენოს, თუ მაღალი რიცხვი აჩვენა, დიდი ალბათობით ბავშვს სიცხე აქვს, რადგან მაღალ მაჩვენებელს „ჰაერიდან ვერ მოიტანდა“. ყურის თერმომეტრი. ასევე საკმაოდ ზუსტია, თუმცა 6-12 თვის ასაკამდე არ არის რეკომენდებული, რადგან ყურში კარგად ვერ თავსდება. ზოგადად მის გამოყენებას ცოდნა და გარკვეული მოხერხებულობა უნდა, რათა თერმომეტრის წვერი დაფის აპკს უყურებდეს და არა მილის კედელს. დაფის აპკის ტემპერატურა იგივეა რაც რექტალური. ცხელებად ჩათვალეთ მაჩვენებელი ≥38°C. შუბლის ან საფეთქლის თერმომეტრი. მოხერხებული და სწრაფია, მაგრამ ხშირად ცდება ბავშვის მოძრაობის, ოფლიანობის, გარემო ტემპერატურის გამო. ამ თერმომეტრს პირდაპირი მნიშვნელობით შეუძლია მაჩვენებელი „ჰაერიდან მოიტანოს“.

რა შეიძლება მოხდეს, თუ მშობელი არ რეაგირებს მაღალ სიცხეზე?
თუ ბავშვი 3 თვეზე მეტისაა, ქრონიკული დაავადებები არ აქვს და ზოგადი მდგომარეობა კარგია, უშუალოდ სიცხის გამო სერიოზული გართულება უკიდურესად იშვიათია. მთავარია ყურადღებით დაკვირვება და არა პანიკა.
ყველაზე ხშირი შეცდომები სიცხის დროს
• სიცხის მკურნალობა მხოლოდ ციფრების მიხედვით;
• პრეპარატების ხშირად და გადამეტებულად მიცემა;
• ალკოჰოლით ან ცივი წყლით დაზელა;
• ცივი აბაზანა;
• ასპირინის მიცემა (რეიეს სინდრომის რისკი)
მაღალი სიცხე ყოველთვის ნიშნავს ბაქტერიულ ინფექციას?
არა. ბავშვებში მაღალი სიცხის უმეტესობა გამოწვეულია ვირუსით. ციფრები ვერ განასხვავებს ვირუსულსა და ბაქტერიულ ინფექციას. მნიშვნელოვანია კლინიკური სურათი.
ხელ-ფეხი ცივი აქვს, სხეული ცხელია — რას ნიშნავს?
ეს არის სიცხის „აწევის ფაზა“. სისხლძარღვები პერიფერიაში ვიწროვდება, კიდურები ცივია, მაგრამ სხეულის ცენტრალური ნაწილი ცხელდება. რა ვქნათ?
• არ დავიწყოთ გაგრილება;
• ჩავაცვათ მსუბუქად;
• საჭიროების შემთხვევაში მივცეთ სიცხის დამწევი.
ბუნებრივი მეთოდები სიცხის დასაწევად მტკიცებულებაზე დაფუძნებული „ბუნებრივი“ მიდგომა არის:
• სითხეების მიღება;
• მსუბუქი ტანსაცმელი (არ ჩაათბუნოთ);
• კომფორტული ტემპერატურა ოთახში;
• დასვენება. გრილი კომპრესების გამოყენება შეიძლება, მაგრამ არა ცივი ან ყინულოვანი. არ დაზილოთ ბავშვი.
ძმრიანი წინდები — რატომ არ არის სასურველი?
არ არის უფრო ეფექტური, ვიდრე წყალი. შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომ აღარაფერი ვთქვათ სუნზე.
შეუძლია თუ არა სიცხეს ტვინის დაზიანება?
ჩვეულებრივ ინფექციურ სიცხეს — არა. ტვინის დაზიანება უკავშირდება ჰიპერთერმიას (>42°C), მაგალითად სითბური დარტყმის დროს, არა ვირუსულ ინფექციას. მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ცხელების დროს ბავშვი არ ჩაათბუნოთ!
რა არის ფებრილური კრუნჩხვა?
ეს არის სიცხესთან დაკავშირებული კრუნჩხვა, რომელიც შესაძლოა განვითარდეს 6 თვიდან 5 წლამდე ასაკში. ხდება 2-5% ბავშვებში.
• დავაწვინოთ გვერდზე;
• შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უხშირესად კრუნჩხვა 1 წუთში დამთავრება;
• არ ჩავუდოთ არაფერი პირში. არც ენის დაჭერაა საჭირო;
• დავიცვათ ტრავმისგან. არ არის საჭირო მისი მოძრაობების გაჩერება, შებოჭვა;
• თუ გრძელდება >5 წუთი → სასწრაფო დახმარება. პირველი ეპიზოდი ყოველთვის საჭიროებს ექიმის შეფასებას.
ღამით თუ მოემატა სიცხემ ბავშვი გავაღვიძოთ თუ არა?
თუ ბავშვს მშვიდად სძინავს და არ აქვს დისკომფორტი, არ არის აუცილებელი გაღვიძება მხოლოდ სიცხის გამო.
რამდენად ხშირად შეიძლება სიცხის დამწევის მიცემა?
პარაცეტამოლი: ყოველ 4–6 სთ; იბუპროფენი: ყოველ 6–8 სთ; ინტერვალის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს:
• ღვიძლის დაზიანება (პარაცეტამოლი)
• თირკმლის/კუჭის პრობლემები (იბუპროფენი)
როდის არის საჭირო ანალიზები?
ექიმის შეფასება და ანალიზები საჭიროა თუ:
- სიცხე გრძელდება >3–5 დღე;
- არ ჩანს წყარო, ანუ არ ახლავს სხვა სიმპტომები;
- ცუდი ზოგადი მდგომარეობა;
- გამონაყარი, სახსრების შეშუპება, ქოშინი, ან სხვა არატიპიური სიმპტომები;
- დაკვირვება საკმარისია თუ:
- ბავშვი აქტიურია ცხელებებს შორის;
- სვამს სითხეს;
- აქვს მსუბუქი ვირუსული სიმპტომები.
ჩემი პატარა პაციენტების მშობლებმა უკვე იციან ჩემი გამოთქმა, უსიცხოდ არც ერთი ბავშვი არ გაზრდილა. ცხელების არ უნდა გეშინოდეთ, მაგრამ იყავით ყურადღებით, შეეხმიანეთ პედიატრს, შეუქმენით ბავშვს კომფორტი, მისი იმუნური სისტემა ამ დროს მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.





