თქვენი შვილი მალე სკოლაში მიდის? მაშინ ეს ინტერვიუ ნამდვილად დაგაინტერესებთ. რას ნიშნავს რეალურად სასკოლო მზაობა? რა ნიშნებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა? როგორ შევამზადოთ ბავშვი ისე, რომ სკოლა მისთვის სტრესის ნაცვლად წარმატების დასაწყისი გახდეს? სწორედ ამ თემაზე ვესაუბრებით დაწყებითი კლასების მენტორს, მასწავლებელს ნათია უჩავას
რას ნიშნავს „სასკოლო მზაობა“?
სასკოლო მზაობა გულისხმობს ბავშვის მზადყოფნას სკოლაში სწავლის დასაწყებად, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს: ფიზიკურ მზაობას, ემოციურ და სოციალურ მზაობას და შემეცნებით მზაობას. ბავშვის სკოლისთვის მზაობას რამდენიმე ნიშნით ვამჩნევთ.
- ფიზიკური -ის დამოუკიდებლად იცვამს, კალამს სწორად იჭერს და საკმარისი ენერგია აქვს.
- შემეცნებითი – იცის რამდენიმე ასო და ციფრები, ყურადღებას 15-20 წუთი ინარჩუნებს. ესმის მარტივი ინსტრუქციები და ასრულებს დავალებებს.
- ემოციური – მშობლისგან განშორება შეუძლია შფოთვის გარეშე. სოციალური -თანატოლებთან თამაში შეუძლია, რიგს იცავს და მასწავლებლის მითითებებს ასრულებს. თუ ბავშვი ამ ნიშნების უმეტესობას აკმაყოფილებს, ე.ი. ის მზადაა პირველი კლასისთვის.
რა სოციალური უნარები უნდა ჰქონდეს ბავშვს განვითარებული?
ბავშვს უნდა შეეძლოს საკუთარი ემოციების სიტყვიერად გამოხატვა. მაგალითად, თუ რამე არ მოეწონება, გაუხარდება ან შეეშინდება – ეს რომ გაახმოვანოს და თქვას. მნიშვნელოვანია სოციალური უნარები, რომლებიც სწორედ სკოლამდელი განათლების დროს ყალიბდება: მასწავლებლის მოსმენა და პატივისცემა, თანატოლებთან თამაში, დათმობა და კონფლიქტების მოგვარება აგრესიის გარეშე. თუ ეს უნარები განუვითარებელია, ბავშვს სკოლაში როგორც თანატოლებთან, ისე მასწავლებელთან ურთიერთობა გაუჭირდება. სკოლა ბავშვისთვის ახალი გარემოა, რაც სტრესთან არის დაკავშირებული. თუ ბავშვი ემოციურად სტაბილურია, მას უადვილდება ადაპტაცია მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან, უმტკივნეულოდ იღებს მარცხს და შეუძლია კონფლიქტების მოგვარება. ემოციურად არასტაბილურ ბავშვს უჭირს კონცენტრაცია და თანატოლებთან ურთიერთობა. ემოციური სტაბილურობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ოჯახს აქვს – მათ მუდმივად უნდა წაახალისონ და მხარი დაუჭირონ ბავშვს.

რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად დავალების დასრულება?
დამოუკიდებლად შესრულებული დავალება მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ კავშირშია მოსწავლის პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებასთან. მოსწავლეს ისეთი დავალება უნდა ჰქონდეს, რომელსაც დამოუკიდებლად შეასრულებს, თუმცა პრაქტიკაში ყოველთვის ასე არ არის. მნიშვნელოვანია მშობლის სწორი ჩართულობაც – მან უნდა მოამარაგოს შვილი საჭირო რესურსებით, დაეხმაროს იდეების დახვეწაში და ესთეტიკურ მხარეზე გაამახვილოს ყურადღება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობელი თავად წერს დავალებას – მან უნდა გამოიყენოს “ხარაჩოს მეთოდი”: მიმართულება მისცეს და თანდათან გაზარდოს ბავშვის დამოუკიდებლობა.
რა აქტივობები ეხმარება ბავშვს სკოლისთვის მომზადებაში თამაშის ფორმატში?
მშობელმა ბავშვს ასაკობრივი თამაშები და აქტივობები უნდა შეასრულებინოს. წვრილი მოტორიკის განსავითარებლად ააძერწინოს, გამოაჭრევინოს, ააწყობინოს ლეგო და ათამაშოს ასაკობრივი თამაშები, რომლებიც სააზროვნო უნარისა და მეხსიერების გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული. ძალიან ეფექტურია როლური თამაშები: მაგალითად, როდესაც მშობელი ბავშვის საყვარელი სათამაშოების გამოყენებით სხვადასხვა პერსონაჟს განასახიერებს და ბავშვთან ერთად პატარა ამბავს თამაშობს. ეს ავითარებს მეტყველებას, ფანტაზიას და სოციალური სიტუაციების გაგების უნარს. ხშირად წიგნების წაკითხვაც აუცილებელია, რადგან ლექსიკურ მარაგს და მოსმენის უნარს ძალიან უვითარებს ბავშვს.
უნდა იცოდეს თუ არა ბავშვმა კითხვა და წერა სკოლაში შესვლამდე?
ამაზე ძალიან ბევრს დაობენ. ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებთ. თუ ბავშვი სკოლაში შესვლამდე გამოხატავს ინტერესს ასოების შესწავლაზე და ციფრების ცნობაზე, არ უნდა დავუშალოთ – პირიქით, შეგვიძლია წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ. ცხადია, ეს უნდა იყოს ბავშვის მზაობიდან, ინტერესებიდან და სურვილებიდან გამომდინარე. დაუშვებელია ძალდატანება, რადგან შესაძლებელია ბავშვმა შეიძულოს სწავლის პროცესი. წერასთან დაკავშირებით კი მშობელს შეუძლია, წვრილი მოტორიკის გასავარჯიშებლად სხვადასხვა სავარჯიშო შეასრულებინოს, გააფერადებინოს, ბევრი აძერწინოს.
რა ნიშნები მიანიშნებს, რომ ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს ადაპტაცია?
არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც მიანიშნებს ადაპტაციის სირთულეზე. თუ ბავშვს ყოველ დილით სკოლაში წასვლა არ სურს და შფოთავს, ეს სიგნალია. ასევე თუ არ აქვს კარგად განვითარებული სოციალური უნარები – მაგალითად, უჭირს თანატოლებთან თამაში. საყურადღებოა კონცენტრაციის პრობლემები და მარტივი ინსტრუქციების შეუსრულებლობა.
როგორ მოვამზადოთ ბავშვი განშორებისთვის, თუ უჭირს მშობლის გარეშე დარჩენა?
თუ მშობელმა იცის, რომ ბავშვს მასთან განშორებაზე შფოთვა აქვს, სასურველია წინასწარ შეამზადოს სკოლისთვის. მასთან ერთად დაათვალიეროს სასკოლო გარემო, გაიცნოს მასწავლებელი და პოზიტიურად წარმოადგინოს სასკოლო ცხოვრება. მნიშვნელოვანია ასევე განშორების მომენტი – მშობელი მშვიდად და თავდაჯერებულად უნდა დაემშვიდობოს, რადგან მისი განწყობა პირდაპირ გადაეცემა ბავშვს. არ უნდა გააჭიანუროს განშორება, მაგრამ ასევე არ უნდა გაიქცეს შეუმჩნევლად. როდესაც ბავშვს უსაფრთხოების განცდა ექნება, ის ადვილად მიეჩვევა სკოლას.

რა არის ყველაზე დიდი სირთულე პირველ კლასში ბავშვებისთვის?
ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ მოსწავლეების უმრავლესობა სრულიად მოუმზადებელი მოდის სკოლაში. მათ უჭირთ საკუთარი ნივთების ცნობაც კი, არ არიან დამოუკიდებლობას მიჩვეულნი და უჭირთ პირადი ჰიგიენის დაცვა, კონცენტრაცია და მოსმენა. შესაბამისად, მასწავლებლებს გვიწევს, გარდა პირველი კლასისთვის განკუთვნილი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და ცოდნის გადაცემისა, პარალელურ რეჟიმში ვასწავლოთ ისიც, რაც ბავშვებმა სკოლაში მოსვლის დროს უნდა იცოდნენ. მშობლების ნაწილი თვლის, რომ ეს საკითხები სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, თუმცა ასე არ არის. ბავშვი პირველ რიგში ოჯახში უნდა ვითარდებოდეს, შემდეგ კი საბავშვო ბაღში აგრძელებდეს განვითარებას. სკოლამდელი აღზრდა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს – ბავშვები, რომლებსაც ბაღში არ უვლიათ, სკოლაში ადაპტაციას გაცილებით მძიმედ გადიან. ადაპტაციის პერიოდი ინდივიდუალურია. შესაძლოა ერთ თვეშიც შეეგუოს ბავშვი, ან მთელმა სემესტრმა გასტანოს. სკოლამდელი აღზრდა ვისაც გავლილი აქვს სრულფასოვნად, იმ ბავშვებს უფრო უმარტივდებათ ადაპტაციის პერიოდი.
რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მშობლები სკოლის დაწყების წინ?
მშობლებს ხშირად არ აქვთ სწორად ჩამოყალიბებული მოლოდინები. სკოლის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და გარდა ბავშვის მომზადებისა, მშობელსაც სჭირდება ფსიქოლოგიურად მომზადება. მშობლების რამდენიმე კატეგორიას გამოვყოფ:
- პირველი – ზედმეტად მომთხოვნი მშობლები, რომლებიც შვილს შესაძლებლობებზე მეტს სთხოვენ, რითაც აკომპლექსებენ და უქმნიან უარყოფით დამოკიდებულებას სწავლისადმი.
- მეორე – ჰიპერმზრუნველი მშობლები, რომლებიც ბავშვის მაგივრად აკეთებენ ყველაფერს – დავალებებს, ჩანთის ჩალაგებას, კონფლიქტების მოგვარებას. შედეგად ბავშვს უჭირს დამოუკიდებლობა, მარცხის გადატანა და სირთულეების დაძლევა, რაც სკოლაში განსაკუთრებით იჩენს თავს.
- მესამე – გულგრილი მშობლები, რომლებიც საკუთარ როლს ნაკლებად ხედავენ სასკოლო ცხოვრებაში და პასუხისმგებლობა მთლიანად მასწავლებელს აკისრიათ.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეს სწორი დღის რეჟიმი ჰქონდეს ჩამოყალიბებული, რადგან ეს პირდაპირ აისახება მის სასწავლო ხარისხზე. მნიშვნელოვანია ძილისა და გაღვიძების მუდმივი გრაფიკი. დილის საუზმე კი უზრუნველყოფს, რომ ბავშვს გაკვეთილებზე კონცენტრირება შეეძლოს. დღის რეჟიმში ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს გარეთ გასეირნება და თავისუფალი თამაში, რადგან ფიზიკური აქტივობა კონცენტრაციაზე დადებითად მოქმედებს. ეკრანის დროც შეზღუდული უნდა იყოს, განსაკუთრებით – ძილის წინ. ამ ყველაფრის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მშობელს აქვს.
თქვენი მთავარი რეკომენდაცია მშობლებს, რომელთა შვილებიც წელს პირველ კლასში მიდიან.
სკოლა ახალი და დიდი ნაბიჯია ბავშვისთვის. გამოუცხადეთ მას სრული მხარდაჭერა და ემოციურად გაამხნევეთ. გახსოვდეთ, რომ არასდროს შეადაროთ თქვენი შვილი სხვას — ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თავისი განვითარების ტემპი აქვს. შეუქმენით სკოლის გარემოზე პოზიტიური დამოკიდებულება და მიეცით დამოუკიდებლობის საშუალება. ითანამშრომლეთ მასწავლებელთან იკითხეთ ბავშვის პროგრესზე, თუმცა ზომიერება შეინარჩუნეთ. ნდობა გამოუცხადეთ თქვენი შვილის მასწავლებელს და შეეცადეთ გაითვალისწინოთ მისი რეკომენდაციები თანამშრომლობით ბევრად უკეთეს შედეგზე გახვალთ.





