მთავარი » აღზრდა/განვითარება » ჯანმრთელობა » პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია – პრევენცია, რომელიც სიცოცხლეს იცავს

პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია – პრევენცია, რომელიც სიცოცხლეს იცავს

პაპილომა ვირუსი (HPV) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ HPV ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ადამიანი წლების განმავლობაში შესაძლოა ვერც კი აცნობიერებდეს ინფიცირებას. მშობლებისთვის ბუნებრივია კითხვები — რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა? რა ასაკშია რეკომენდებული? სჭირდებათ თუ არა ვაქცინაცია ბიჭებსაც? სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრეთ პედიატრს, რათა მივიღოთ ამომწურავი და პროფესიული პასუხები HPV-ისა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. ამ თემაზე გვესაუბრება პედიატრი თაკო ძაგანია. 

რა არის პაპილომა ვირუსი (HPV) და რამდენად გავრცელებულია ის? როგორია სტატისტიკა საქართველოში?

ძალიან მიხარია, რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ. ყოველდღე ვხვდები პაციენტების მშობლებს, რომლებიც გულწრფელი შიშით და ეჭვით მეკითხებიან პაპილომა ვირუსის აცრაზე. არადა, გადაწყვეტილება სწორედ მათ უნდა მიიღონ, გადაწყვეტილება, რომელიც ასე  მნიშვნელოვანია მათი შვილებისთვის მომავლისთვის. მე მოგაწვდით ამ დროისთვის არსებულ სანდო და ოფიციალურ ინფორმაციას.

ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) ძალიან გავრცელებული ვირუსია, რომელიც მოიცავს 200-ზე მეტი ვარიანტს. მათი უმეტესობა არ არის საშიში, რამდენიმე (10-ზე მეტი) იწვევს პრობლემებს.

  • მოსახლეობის დაახლოებით 80% სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც ინფიცირდება HPV-ით და უმრავლესობა თავისთავად განიკურნება,
  • HPV არის საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზი შემთხვევათა 99%-ში. უხშირესად გამომწვევი ტიპებია HPV 16 და HPV 18.

როგორ გადადის პაპილომა ვირუსი ბავშვებსა და მოზარდებში?

HPV გადაეცემა კანის-კანთან ინტიმური კონტაქტით და სქესობრივი კონტაქტით.

არ არის საჭირო სრული სქესობრივი აქტი – ვირუსი შეიძლება გადაეცეს ახლო კონტაქტითაც.

რა ასაკშია რეკომენდებული HPV ვაქცინაცია?

WHO და CDC რეკომენდაციით, ვაქცინაცია უმჯობესია 9-14 წლის ასაკში, თუმცა 26 წლამდეც ძალიან სასურველია.

ზოგადად ვაქცინაცია უმჯობესია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. მაგრამ მერეც ძალიან სასურველია, რადგან ინფიცირება შეიძლება ჯერ არ მომხდარიყო.

რამდენდოზიანია ვაქცინა და რა ინტერვალით კეთდება?

  • 9-14 წელი → 2 დოზა (მე-2 დოზა უნდა გაკეთდეს  6-12 თვეში)

15 წელი და მეტი → 3 დოზა (მე-2 დოზა უნდა გაკეთდეს 2  თვეში, მე-3 – 6 თვეში)

რამდენად უსაფრთხოა პაპილომა ვირუსის ვაქცინა ბავშვებისთვის?

HPV ვაქცინაცია (აცრა) დაიწყო 2006 წლიდან ჯერ აშშ-ში, 2007 წლიდან კანადაში და ძალიან მალე ევროპაში. 2017 წლიდან, ანუ 10 წლის მერე შემოვიდა საქართველოში. WHO და CDC მიიჩნევენ ვაქცინას უსაფრთხოდ და ეფექტურად.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ვაქცინას?

ხშირია მსუბუქი გვერდითი მოვლები:

  • ტკივილი ინიექციის ადგილზე (~80%)
  • სიწითლე/შეშუპება (~20–30%)
  • თავის ტკივილი (~10–15%)
  • დაბალი სიცხე (~10%)

სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (<0.01%). საყურადღებო ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) გამოვლინდა მილიონი დოზიდან (გაკეთებიდან) 3 შემთხვევაში (0.0003%). დიდი მასშტაბის კვლევებმა არ დაადასტურა კავშირი: უნაყოფობასთან ან სხვა დაავადებებთან.

იცავს თუ არა ვაქცინა ყველა ტიპის HPV-სგან?

HPV გარდასილ 9 იცავს ვირუსის 9 ტიპისგან:

  • 16 და 18 (კიბოს ძირითადი მიზეზები)
  • 31, 33, 45, 52, 58
  • 6 და 11 (მეჭეჭები)

ფარავს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 90%-.

საჭიროა თუ არა ვაქცინაცია ბიჭებისთვისაც?

დიახ, საჭიროა. ბიჭების ვაქცინაცია მომავალში დაიცავს გოგონებს (მათ პარტნიორებს). ასევე მათაც იცავს გენიტალურ მეჭეჭებისგან, ანალური კიბოსგან, პენისის კიბოსგან, ყელის (ოროფარინგეალურ) კიბოსგან.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე?

ვაქცინა იცავს ინფექციის გადადებისგან, არ მკურნალობს უკვე არსებულ ინფექციას. ამიტომ ყველაზე ეფექტურია ინფიცირებამდე.

რა დაავადებებს იწვევს HPV მომავალში?

მაღალი რისკის ტიპები იწვევს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, ანალურ კიბოს, ოროფარინგეალურ კიბოს, ვულვისა და ვაგინის კიბოს, გენიტალური მეჭეჭებს.

შესაძლებელია თუ არა ვირუსის არსებობა სიმპტომების გარეშე?

დიახ. HPV ინფექციების უმრავლესობა უსიმპტომოა. წლების განმავლობაში ნელ-ნელა აზიანებს უჯრედებს. ამიტომ არის მოწოდებული პაპ ტესტით საშვილოსნოს ყელის უჯრედების პერიოდული გამოკვლევა.

რამდენ ხანში ქრება ვირუსი ორგანიზმიდან?

შემთხვევათა დაახლოებით 90% ქრება 1-2 წლის განმავლობაში. მუდმივი ინფექცია შეიძლება განვითარდეს მცირე ნაწილში და გამოიწვიოს კიბო წლების შემდეგ.

საჭიროა თუ არა ბუსტერ დოზა მომავალში?

ამჟამინდელი მონაცემებით, დამატებითი ბუსტერ დოზა არ არის რეკომენდებული.

რა არის თქვენი რეკომენდაცია მშობლებისთვის HPV-პრევენციის შესახებ?

✔ აცერით გოგონებიც და ბიჭებიც 9–14 წლის ასაკში. ამ ასაკის შემდეგ და ზრდასრულებთანაც სასურველია აცრა.
✔ ქალებმა მაინც უნდა ჩაიტარონ რეგულარული გინეკოლოგიური სკრინინგი მომავალში.
✔ გახსოვდეთ, არსებობს ისეთი კიბო რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია კარგად შესწავლილი და ერთერთი ყველაზე უსაფრთხო ვაქცინით. ეს ვაქცინა უფასოა და ხელმისაწვდომი.

მიმაჩნია, რომ პირადი მაგალითი ბევრს ნიშნავს. მე ჩემი 13 წლის ბიჭი უყოყმანოდ ავცერი რამდენიმე თვის წინ. ჯანმრთელ და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ ჩვენს შვილებს.

 

 

რეკომენდაციები გეგმიური ვაქცინაციის შემდეგ

ვაქცინაცია და ორსულობა – მამუკა ნემსაძის რეკომენდაციები