მთავარი » მე-დედა » დედის ბლოგი » მოგზაურობა ბავშვებთან ერთად
მოგზაურობა ბავშვებთან ერთად

მოგზაურობა ბავშვებთან ერთად

როგორია მოგზაურობა, თანაც ეგზოტიკურ ქვეყნებში, ბავშვებთან ერთად? უამრავი ადგილის მონახულება ისე, რომ პატარები არ დაიღალონ, არ შეწუხდნენ, კმაყოფილებიც დარჩნენ და უამრავი დადებითი შთაბეჭდილება მიიღონ? რა უნდო ვიცოდეთ ზოგადად, როცა ბავშვებით ვმოგზაურობთ დიდ მანძილებზე? – ყველაზე უკეთ ამაზე სწორედ ის დედა გვიამბობს, რომელიც წლებია, მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობს და თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს. მედეა ლომთათიძე გვიზიარებს რჩევებს, როგორ ვიმოგზაუროთ უსაფრთხოდ, კომფორტულად და ხალისიანად ბავშვებთან ერთად.

პირველი მოგზაურობა ნიკოლასთან ერთად, როდესაც ის 7 თვის იყო, კანარის კუნძულებზე გვქონდა. რადგან „ბავშვებამდეც“ ხშირად ვმოგზაურობდით, ვიცოდით, რომ ზედმეტი აღელვება არაფერს მოგვიტანდა. ამიტომ პროცესს მაქსიმალურად მშვიდად და სახალისოდ შევხედეთ, რაც, ვფიქრობთ, აუცილებელი ფაქტორია პირველი მოგზაურობის დროს.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიმშვიდე და არა სტრესული ფონი. ბავშვები ჩვენს „ფორიაქს“ გრძნობენ და შესაბამისად, ისტრესებიან, რაც არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის.

გარდა ამისა, აუცილებელია, მოგზაურობა ისე დავგეგმოთ, რომ გავითვალისწინოთ როგორც ჩვენი, ასევე პატარების ინტერესები. ყოველდღე უნდა შევათავსოთ კულტურული სანახაობები და ბავშვების აქტივობები.

და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოქნილად და ბავშვების გრაფიკზე მორგებულად უნდა დავგეგმოთ. ჩვენ არ ვიყენებთ ტურისტულ სააგენტოებს და ტურებს – ყველაფერს თავადვე ვგეგმავთ და უმეტეს შემთხვევებში ვქირაობთ მანქანას.

უდიდესი დადებითი: ერთად გატარებული დრო და ყველაზე ძვირფასი – მოგონებები.

არასოდეს ვმოგზაურობთ პრინციპით: „პატარაა, ვერ გაიგებს“ ან „პატარაა, არ ეხსომება“. მოგზაურობა ძალიან დადებითად მოქმედებს ბავშვების განვითარებაზე – უვითარდებათ ისეთი უნარები, როგორიცაა: ცვლილებებთან გამკლავება, ცხოვრებისუნარიანობა, ერთმანეთის დახმარების სურვილი, სოციალური უთანასწორობის აღქმა, ზოგადი განათლების ამაღლება (ქვეყნების კულტურის გაცნობა რეალურ გარემოში) და სხვა მრავალი…

უარყოფითი: ყოველთვის ბავშვის გრაფიკზე ვართ დამოკიდებული. მაგალითად, საღამოს 9 საათის შემდეგ ფაქტობრივად არასდროს გვაქვს გასვლები დაგეგმილი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

ასევე, ბავშვების სურვილების გათვალისწინება გვიწევს რესტორნების არჩევის პროცესში – ვარჩევთ ისეთ ადგილებს, სადაც დიდი სივრცე ან სათამაშო ზონაა.

და ბოლოს, არასოდეს გაქვს მოდუნების საშუალება – ყოველთვის ყურადღებით უნდა იყო, რომ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს, რადგან ბავშვები ცელქები და რისკიანები არიან. 😊

წელიწადში დაახლოებით 8-10-ჯერ ვმოგზაურობთ.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რადგან გერმანიაში ვცხოვრობთ, სკოლა აქ სავალდებულოა, რაც ნიშნავს, რომ უმიზეზოდ გაცდენა აკრძალულია (რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სურვილიც არ იქნებოდა). თუმცა, წელიწადის ოთხივე სეზონზე 2-კვირიანი არდადეგები გვაქვს, რასაც აქტიურად ვიყენებთ მოგზაურობისთვის. ასევე ვგეგმავთ მოკლე გასვლებს დამატებით დასვენებასა და უქმე დღეებში.

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ:

აფთიაქის ყუთი, ყველა გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი წამლით.  ეს გვაძლევს სიმშვიდეს.

ჩვენს შემთხვევაში, ბავშვებს არასდროს ჰქონიათ ამოჩემებული საყვარელი სათამაშო. თუმცა, თუ თქვენს შვილს აქვს ასეთი ნივთი, აუცილებლად უნდა წაიღოთ. ამავდროულად, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ არ დაიკარგოს – დანარჩენი ყველა პრობლემა მოგვარებადია.

 

ყველაზე დასამახსოვრებლად სამხრეთ აფრიკას გამოვყოფდი – ვნახეთ ველური ცხოველები ბუნებრივ გარემოში, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, ძალიან ახლოს, და ვიცურავეთ პინგვინებთან. ეს ჩვენთვის და ბავშვებისთვისაც იყო ძალიან ემოციური და ამავდროულად დაუვიწყარი გამოცდილება.

უპირველეს ყოვლისა, არ უნდა შეგვეშინდეს სხვადასხვა გარემოების, მაგალითად როგორი იქნება ფრენა? ვაითუ, რაღაც არ გამოვიდეს? და ა.შ – რაღაც ყოველთვის შეიძლება აირიოს, მაგრამ მთავარია, ერთად ყოფნა.

ვიფიქროთ, რომ ბავშვები ამით სხვადასხვა გაუთვალისწინებელ გარემოებასთან გამკლავებასაც სწავლობენ. ვიყოთ მშვიდად და მხიარულად.

აქვე დავამატებდი: ბევრს ეშინია შორ მანძილზე ფრენის. ასეთ დროს გირჩევთ ღამის ფრენას – ბავშვები გამოიძინებენ და დანიშნულების ქვეყანაშიც მშვიდად ჩაფრინდებით.

მნიშვნელოვანია, რომ მოგზაურობა თავადვე დავგეგმოთ – არა ტურისტული სააგენტოს მეშვეობით, რამდენიმე თვით ადრე და არა სპონტანურად. ასე ბილეთებისა და სასტუმროების უფრო ფართო არჩევანი გვაქვს.

ბილეთებთან დაკავშირებით გიზიარებთ ინსტრუქციას, რომელიც ჩემს ინსტაგრამ მეგობრებისთვის თავად გავაკეთე. მისი დახმარებით შეძლებთ მარტივად შეადაროთ ფასები, მიიღოთ ინსპირაცია და გადაწყვიტოთ, სად გნებავთ მოგზაურობა:

📌 https://www.instagram.com/reel/DGAPs-VssIR/

შემომიერთდით ინსტაგრამზე!

მსგავსი თემები და რჩევები გაზიარებული მაქვს ჩემს ინსტაგრამ გვერდზე.

გამიხარდება თუ გამომყვებით:

📌 https://www.instagram.com/trav_four.fam

აკლიმატიზაცია ბავშვებში: სიმპტომები, როგორ ავიცილოთ თავიდან